ული ჰიონესი: მე და პეპი ფილოსოფოსები ვართ

AutoSharing Option
"ბაიერნში" ყველაფერი ისეა, უკეთესად რომ არ შეიძლება: მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგის ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს, გერმანიის თასზეც ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში კი მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.

რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის პირველი თვეები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილია.

"უკმაყოფილების მცირეოდენი საბაბიც არ გვაქვს. "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. ჩემთვის ისიც მისაღები იქნება, რომ პეპმა ფეხბურთელები დაასვენოს. ბიჭებს კატეგორიულად ვერ მოვთხოვთ, რომ თამაშების
80 ან 90 პროცენტი უმაღლეს დონეზე ჩაატარონ. შესაბამისად, ვინც გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ პლზენთან სტუმრად მხოლოდ 1:0 მოვიგეთ, რბილად რომ ვთქვა, სულელია,"
- უთხრა 61 წლის ჰიონესმა ხსენებულ გაზეთს.

ჰიონესმა გვარდიოლაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: "პეპში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არა მარტო ყველა შეხვედრას, ნებისმიერ საკითხს აბსოლუტურად სერიოზულად უდგება. მას ყველა თამაშის მოგება უნდა და სურს, რომ გუნდმა ყოველთვის სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშოს. მე და გვარდიოლა ფილოსოფოსები ვართ და ხშირად ვმართავთ ხოლმე დისკუსიებს. მასთან საუბარი და კამათიც კი დიდი სიამოვნებაა."

როტაცია და პეპი
ექსპერტების აზრით, "ბაიერნის" პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ გუნდში ძალიან ბევრი, 11-ზე მეტი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ისინი, ვინც ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება, უკმაყოფილების გამო პრობლემებს შექმნიან. ჰიონესი დარწმუნებულია, რომ გვარდიოლა როტაციას თავს უმტკივნეულოდ გაართმევს. ხოლო ის ფაქტი, რომ "ბაიერნი" არა მარტო ბუნდესლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს, ულისთვის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა:

"36-მატჩიანი წაუგებელი სერია მნიშვნელობას მაშინვე დაკარგავს, თუ შაბათს "აუგსბურგთან" წავაგებთ. ასე რომ, ეს რეკორდები ნაკლებად მაინტერესებს. მე ყოველთვის წინ ვიყურები, უკან კი - არასდროს!"
- ამბობს ჰიონესი.

ამასობაში, რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნს" გოლიათი უწოდა:

"ბაიერნი" გოლიათია, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს. ბუნდესლიგაში ჩვენი ერთადერთი სერიოზული კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსიაა" და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, სერიოზული კონკურენტი რომ გვყავს. ფეხბურთში, ისევე, როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ღირსეული კონკურენტის არსებობა აუცილებელია,"
- განუცხადა 58 წლის რუმენიგემ "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" რეკორდის გაუმჯობესებას ვაპირებ
ასევე დაგაინტერესებთ