მარიო ბასლერი: ჩამშვებები ჩემს დროსაც იყვნენ

AutoSharing Option
დისკუსიას იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელი თუ ფეხბურთელები ჟურნალისტებს საიდუმლო ცნობებს აწვდიან, 25 ნოემბერს მიუნხენური გრანდისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი მარიო ბასლერიც გამოეხმაურა.

"ვინც ეს ამბავი ახლა აღმოაჩინა, ჩათვალოს, რომ ფეხბურთში არაფერი გაეგება. ასეთი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა - ჩემს დროსაც და უფრო ადრეც. ცხადია, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ფეხბურთელს გასახდელის ამბები გარეთ არ უნდა გაჰქონდეს, მაგრამ ენატანია ფეხბურთელი ყოველთვის მოიძებნებოდა და მომავალშიც მოიძებნება," - აცხადებს ბასლერი "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს:

"დარწმუნებული ვარ,
რომ "ბაიერნის" მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა ეს ამბავი გუშინ არ აღმოაჩინეს. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ისეთი რეაქცია ექნებათ, როგორიც უნდა ჰქონდეთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელი, რომელმაც ეს ახლა გააკეთა, გვარდიოლას ნდობას ვეღარ დაიმსახურებს. პეპი დამსმენს დასჯის. ოღონდ ისე, რომ, სავარაუდოდ, ჩვენ ვერაფერს გავიგებთ".

ბასლერი იმაზეც საუბრობს, რომ დამსმენი ფეხბურთელის პოვნა ყოველთვის ძალიან ძნელია. მისი თქმით, მისი ვინაობა ან იმ გაზეთმა უნდა გაამხილოს, რომელსაც ცნობებს აწვდიდა, ანაც თავად ფეხბურთელმა უნდა აღიაროს დანაშაული, რაც ალბათ არ მოხდება.

"თუმცა "ბაიერნის" შეფები თავს სულაც არ თვლიან ვალდებულად, რომ დამნაშავე იპოვონ. მთავარი სათქმელი მათ უკვე თქვეს და ალბათ, ამით შემოიფარგლებიან. ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ რომელიმე მოთამაშე პრესას გაურიგდეს," - აცხადებს 44 წლის ბასლერი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" 1996-დან 1999 წლამდე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: "ბორუსიასთან" თამაში ყოველ კვირა მინდა