იურგენ კლოპი: არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგის 13 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა - დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. გუნდი კატასტროფის წინაშეა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

"მე არ შემიძლია წასვლა იქამდე, სანამ ჩემთან არ მოვლენ და არ მეტყვიან: "ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც ამ სამუშაოს შენზე უკეთ გაუძღვება.

გვინდოდა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ვერ შევძელით. თუმცა გავაგრძელებთ მუშაობას. "აინტრახტთან" მატჩი აქტიურად დავიწყეთ, მაგრამ სწრაფად გაშვებული ბურთი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს იყო მოვლენათა ყველაზე უარესი განვითარება. თან მეტოქეს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ამ
გოლის გასატანად.

უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შესანიშნავად ითამაშა მეტოქის მეკარემ. მაგრამ ასეა - რამდენად კარგადაც უნდა ითამაშო, მთავარი - გოლებია.

ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მიუხედავად ამისა, უფლება არ მაქვს, ვილაპარაკო, რომ საქმე მხოლოდ უიღბლობაშია", - განაცხადა კლოპმა.

კლოპს მხარდაჭერა გამოუცხადეს "ბორუსიას" ფეხბურთელებმა. მაგალითად, მატს ჰუმელსი დარწმუნებულია იმაში, რომ დორტმუნდელთა წარუმატებლობებში მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულება არ შეიძლება.

"გამოვრიცხავ იმას, რომ კლოპმა შეიძლება იმ ადამიანად იგრძნოს თავი, რომელიც ხელს უშლის "ბორუსიას". გუნდში არც ერთ ადამიანს არ მოუვა ეს აზრი თავში. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ დეკემბრის ბოლოს შეწყდება დისკუსია გათამაშების ცხრილში "დორტმუნდის" ადგილის შესახებ", - თქვა გერმანიის ნაკრების მცველმა.

კლოპს მხარში უდგანან კოლეგებიც, მაგალითად, ცოტა ხნის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "შტუტგარტიდან" გაგდებული არმინ ფე: "იურგენს სრულიად განსხვავებული სიტუაცია აქვს, ვიდრე მე მქონდა. ის "ბორუსიასთან" ერთად ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. დარწმუნებული ვარ, კლოპი იპოვის გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან".

* * *
ერთგვარი შვება უნდა გახდეს "ბორუსიასთვის" დაცვის ლიდერის, ჰუმელსის დაბრუნება. უკვე "აინტრახტთან" მატჩის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან საერთო ჯგუფთან ერთად დაიწყო ვარჯიში და მე-13 ტურში თამაშის შანსიც არსებობდა.

"ჰუმელსს აღარ აღენიშნება დაზიანების სიმპტომები. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნება ის უახლოეს დღეებში", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" იურგენ კლოპმა.

"დორტმუნდი" უახლოეს შეხვედრას "ჰოფენჰაიმთან" გამართავს - გუნდთან, რომელსაც შეტევა ძალიან უყვარს. ამიტომაც ჰუმელსის გამოჯანმრთელება გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დორტმუნდის" მუდმივად გადავსებულმა ლაზარეთმა აიძულა კლოპი, გაიხსენოს "მაინცის" ნახევარმცველი იონას ჰოფმანი, რომელზეც უფლებები სწორედ "ბორუსიას" გააჩნია. შეგახსენებთ, რომ შემტევი ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდა "მაინცში". ახლა ირკვევა, რომ ჰოფმანს დორტმუნდელები იანვარში დაიბრუნებენ.

"თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია. "მაინცს" არ აქვს ჩემი შენარჩუნების შანსი", - განუცხადა "კიკერს" 22 წლის ნახევარმცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული