ახალი "დორტმუნდი": მხიარული, შემტევი და პერსპექტიული

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში ახალი და ძალიან სერიოზული ძალა ჩნდება. ახალი, რადგან იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ "დორტმუნდი" ვეღარ დაიბრუნებდა თავის ძველ დიდებას. როგორც ჩანს, ეს პროგნოზი არ მართლდება და ძალიანაც კარგი.

კლოპი წავიდა. "დორტმუნდი" თანდათან ეგუება უმისობას. ძალიან კარგი მწვრთნელით, თომას ტუხელით, ვისი გზაც კლოპის გზის გაგრძელებაა. ისიც "მაინციდან" მივიდა გერმანულ გრანდში. მასაც არნახულად უყვარს ფეხბურთი და უყვართ თავის ფეხბურთელებს. ისიც ზეემოციურია და აღმერთებს შეტევას.

ამ სეზონში "დორტმუნდმა" უკვე ძალიან ბევრი რამ ნახა. ნახა აღმაფრენა და ჩავარდნა, რომელიც წამყვანი
ფეხბურთელების ტრავმებით იყო გამოწვეული. ეს ფეხბურთელები თანდათან დაბრუნდნენ. გუნდმა ძველებურად დაიწყო თამაში და "ბაიერნი" დაამარცხა. ეს არ არის პატარა ამბავი და, იქნებ, დიდი ამბების დასაწყისადაც გამოდგეს.

ყოველ შემთხვევაში, ტუხელის გუნდი უკვე ჩაება გერმანიის ჩემპიონობისათვის მიმდინარე ბრძოლაში. შანსი არის. რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტის "ბაიერნი" ნამდვილი მონსტრია, მაგრამ ერთი შეხედვით, ის ისეთი მრისხანე ვეღარ არის, როგორც პეპის და იუპ ჰაინკესის გაწვრთნილი "ბაიერნი".

ან, იქნებ, ჭკვიან იტალიელს უნდა, რომ ხელოვნურად მაინც შეინარჩუნოს ბოლომდე საჩემპიონო ინტრიგა, რათა "რეკორდმაისტერი" გადამწყვეტი ევროპული მატჩებისას არ მოდუნდეს და იმ შეხვედრებისათვის სტიმული ბუნდესლიგიდანაც გაჰყვეს.

ყოველივე ეს "დორტმუნდისათვის" შანსია საშინაო ფრონტზე. სწორედ ეს გუნდი მოსჩანს "ბაიერნის" მთავარ მეტოქედ, რადგან ძალიან რთული წარმოსადგენია, "ლაიპციგს" ჩემპიონობისათვის ბოლომდე საბრძოლველად ძალა და რესურსი ეყოს. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი დიდებულადაა. უკვე განაღდებულია პლეი ოფი და არის საკმაოდ რეალური შანსი, რომ "დორტმუნდმა" პირველ ადგილსაც გამოკრას ხელი ჯგუფში. "ლეგიასთან" "დორტმუნდი" მაგრად გაერთო. ეს არ იყო მათემატიკა და ეს იყო ფეხბურთი, რომელიც ასე ძალიან მოგვენატრა.

რა არის გუნდის წარმატების მთავარი საიდუმლო? დავიწყოთ იმით, რომ ტუხელს ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. ზუსტად ისეთი, რომელიც ძალიან კარგად ესადაგება მის საყვარელ ზეშემტევ ფეხბურთს.

"დორტმუნდის" შემადგენლობა შეგვიძლია დავყოთ გამოცდილებად და ახალგაზრდებად, რომლებიც ახლა იძენენ ამ გამოცდილებას. შეგვიძლია დავყოთ წასულებად, დაბრუნებულებად და ისეთებად, წასვლა რომ უნდათ, მაგრამ უჭირთ....

მრავალფეროვანი გუნდი მრავალფეროვანი შემსრულებლებით. წავიდა და მოვიდა მარიო გიოტცე. გერმანული ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა" ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, თითქოს, იმ ერთ დარტყმაში ჩააქსოვა ყველაფრიო, მაგრამ მის არყოფნაში სხვა გმირები გამოჩდნენ.

თუნდაც - ობამეიანგი. გაბონელი პრაქტიკულად არ გადის მინდვრიდან უგოლოდ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუნდაც, ვაიგლი. ტუხელის აღმოჩენა. არ წაუვათ ახლანდელ ლიდერებს თამაში? ძველი დორტმუნდელები საქმესი ჩასართავად მზად არიან. ნური შაჰინი და შინჯი კაგავა.

ისინი წავიდნენ,მაგრამ სხვა კლუბებში, გაცილებით მდიდარ და სახელიან გუნდებში კარიერა ვერ აიწყვეს. საერთოდ, "დორტმუნდიდან" ბოლო დროს სხვაგან წასულ ფეხბურთელებს უჭირთ. გამონაკლისს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი წარმოადგენს, ვინც მიუნხენშიც "გოლების მანქანად" დარჩა.

არავინ იცის, რა არის ამის ზუსტი მიზეზი. იქნებ ის, რომ არსად იციან ისეთი ქომაგობა, როგორც "დორტმუნდში" და ფეხბურთელი არსად ისე ახლოს არ არის გულშემატკივრის გულთან, როგორც იქ.

როგორ შეიძლება, პატივისცემით არ განეწყო "დორტმუნდის" ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. მათგან ორი განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ - პულიშიჩი და დემბელე. არ გაგვიკვირდეს, თუ გარკვეული ხნის შემდეგ რომელიმე მათგანს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მაძიებელთა შორის ვნახავთ.

არ არსებობს შუქი ჩრდილის გარეშე და გუნდი პრობლემის გარეშე, თუ სადმე უჭირს "დორტმუნდს", ეს დაცვის ხაზში ხდება. მატს ჰუმელსი ის ფეხბურთელი იყო, რომლის გარშემოც ეწყობოდა უკანა ხაზის თამაში. დღეს ის "ბაიერნში" თამაშობს. "ბაიერნი" ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო წაართვას "დორტმუნდს", დავითი კი მაინც არ ეცემა გოლიათთან ჭიდილში. ბრძოლას წააგებს და ომის მოსაგებად იკრებს ძალას.

ფორმაში ჩადგება ნევენ სუბოტიჩი და "დორტმუნდისთვის" ეს უკვე დიდი პლუსია. გაცემული ავანსების გამართლება უნდა დაიწყოს ბარტრამ. ის, რომ შენ ვერ დამკვიდრდი"ბარსელონაში", ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო.

ფაქტია, მომავალი "დორტმუნდისაა" და თუ დაცვაში არსებულ პრობლემებს მიხედავს, იქნებ, მიმდინარე სეზონიც მისი იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ