გაყიდვასაც შნო უნდა - პრემიერლიგის კლუბების სარეკორდო გასხვისებები

AutoSharing Option
გადავავლოთ თვალი პრემიერლიგის გუნდებს და გავიხსეოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებმა თავისთვის სარეკორდო თანხად გაყიდეს. ჩვენ შემოგთავაზებთ სიას, რომელიც ამ იანვრამდე იყო, მაგრამ ახლა რამდენიმე ახალი რეკორდი დამყარდა და, ცხადია, ამ შემთხვევებსაც იქვე აღვნიშვნათ. მოკლედ, გავიხსენოთ ვინ, როდის, სად და რამდენად გაასხვისა...

ბარნლი
ჯეი როდრიგესი
7 მილიონი ფუნტი - საუთჰემპტონი
ჯეი ბარნლიშია დაბადებული და მშობლიური ქალაქის კლუბში აიდგა ფეხი. მისი მამა ენრიკე (კიკო) თავის დროზე "დეპორტივოში" ბურთაობდა. ალბათ, აქედან მოდის როდრიგესის ცოტა არაბრიტანული თამაშის მანერა. ჯეის კარგად ათამაშება "საუთჰემპტონმა" შენიშნა და
2012 წლის ივნისში "წმინდანებმა" იგი შეიძინეს.

ვესტ ბრომვიჩი
კერტის დევისი
8 მილიონი ფუნტი - ასტონ ვილა
2008 წლის ივლისში კერტის დევისი "ალბიონმა" "ასტონ ვილაში" გაყიდა, მაგრამ მამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. 2013 წლიდან იგი "ჰალშია", სადაც ყველაზე დიდხანს შემორჩა. აქამდე, ის "ვესტ ბრომვის" სარეკორდოდ გაყიდული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ აჯანყებულმა საიდო ბერაჰინომ მას ეს სტატუსი ჩამოართვა. გაბუტული ბერაჰინო "სტოკში" 12 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

სტოკი
ასმირ ბეგოვიჩი
8 მილიონი ფუნტი - ჩელსი
ბოსნიელი მეკარე წლები თამაშობდა მაღალ დონეზე. მას მსურველებიც არ აკლდა, მაგრამ "ბრიტანიას" ბინადრებს არ ემეტებოდათ. ჯეკ ბატლენდის აღორძინებასთან ერთად კი, ბეგოვიჩის გაშვების ვარიანტიც რეალური გახდა, მაგრამ ფინანსურად კლუბმა დიდად ვეღარ იხეირა, რადგან ასმირს კონტრაქტი ეწურებოდა და "ჩელსიმ" ამით ისარგებლა და 2015-ში მასში მხოლოდ 8 მილიონი გადაიხადა.

უოტფორდი
ეშლი იანგი
9,65 მილიონი ფუნტი - ასტონ ვილა
იანგი გვარს ვეღარ ამართლებს, ის უკვე 31 წლისაა და ახალგზდა აღარ ეთქმის. შესაძლოა, მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ კარიერა სტაბილურად, დაახლოებით ერთ დონეზე ჩაატარა. ის "უოტფორდმა" აღზარდა და 2007 წლის იანვარში "ასტონ ვილაში" გაყიდა. იანვრის ბოლოს იანგის რეკორდი დაეცა - გუნდმა ნიგერიელი ოდიონ იგალო ჩინეთში გაუშვა 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

ბორნმუთი
მეტ რიტჩი
12 მილიონი ფუნტი - ნიუკასლი
"ალუბლების" კარგი თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიტჩის პასები გახლდათ. ინგლისში დაბადებული შოტლანდიელი "ბორნმუთმა" ვერ შეინარჩუნა და "ნიუკასლში" გაექცა. სამაგიეროდ, კლუბმა თავისთვის სოლიდური კომპენასცია, 12 მილიონი მიიღო.

ჰალი
შეინ ლონგი
12 მილიონი ფუნტი - საუთჰემპტონი
ირლანდიის ნაკრების ფორვარდს პროფესიულ დონეზე დებიუტი "კორკ სიტიში" კი ჰქონდა, მაგრამ ფაქტობრივად მაშინვე გაიყიდა "რედინგში". იქ მან დიდი დრო გაატარა და "ვესტ ბრომვიჩში" გადაბარგდა, სადაც ასევე საკმაო ხნით შემორჩა. "ჰალში" გადასულს კი სულ რაღაც, 15 მატჩში ჩატარება დასცალდა და 2014 წლის აგვისტოში "საუთჰემპტონში" გაიყიდა, სადაც დღემდე ირიცხება.

მიდლსბრო
ჟუნინიო
13 მილიონი ფუნტი - ატლეტიკო
ჟუნინიო "მიდლსბროს" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბუთელად ითვლება. "სან პაულოში" გამოზრდილი მოთამაშე რივერსაიდელთა რიგებში მაშინ ბურთაობდა, როდესაც კლუბს "ოქროს ხანა" ედგა. 1997 წლის ზაფხულში კი იმ დროისთვის სოლიდურ თანხად გაიყიდა მადრიდის "ატლეტიკოში".

ვესტ ჰემი
რიო ფერდინანდი
18 მილიონი ფუნტი - ლიდსი
"ჩაქუჩებს" უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ აღზრდილი, მაგრამ მათი სარეკორდო თანხად გაყიდული ფეხბურთელი იანვრამდე მცველი რიო ფერდინანდი გახლდათ. ამიერიდან კი ყველაზე ძვირადღირებული გასხვისებული მოთამაშე დიმიტრი პაიეა. უხასიათო ფრანგმა "ჩაქუჩების" მაისურით თამაშზე უარი განაცხადა. ლონდონელებიც იძულებულნი გახდნენ, ის გაეყიდათ და სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბეს.

მანჩესტერ სიტი
შონ რაიტ-ფილიპსი
21 მილიონი ფუნტი - ჩელსი
ბევრს შესაძლოა, გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ დღემდე "ქალაქელებს" ყველაზე ძვირად სწორედ შონ რაიტ-ფილიპსი ჰყავთ გაყიდული. "სიტი" ძირითადად ყიდულობს.

სანდერლენდი
დარენ ბენტი
24 მილიონი ფუნტი - ასტონ ვილა
"შავმა კატებმა" 2011 წლის იანვარში ბენტი 24 მილიონ ფუნტად გაყიდეს "ასტონ ვილაში". ბირმინგემელებს იგი ბოლომდე ვერ შეეწყო, იყო კონფლიქტებიც და რამდენჯერმე გაანათხოვრეს. ბოლოს კი "დერბის" მიყიდეს, ეს 2015 წელს მოხდა და იგი დღემდე იქაა.

კრისტალ პალასი
იანიკ ბოლაზი
25 მილიონი ფუნტი - ევერტონი
იანიკ ბოლაზი ლიონშია დაბადებული, გაიზარდა ინგლისში, წარმოშობით კი კონგოელია. მან ყურადღება "კრისტალ პალასში" კარგი თამაშით მიიქცია. 2016 წლის აგვისტოში "პალასმა" ბოლაზი "ევერტონში" გაუშვა.

არსენალი
სესკ ფაბრეგასი
27 მილიონი ფუნტი - ბარსელონა
ლონდონის "არსენალი" ერთ-ერთი სტაბილური დონორია მაღალი კლასის ფეხბურთელების და მათ შორის, "მეთოფეების" კაპიტნებს კარიერის პიკში არაერთგზის დაუტოვებიათ კლუბი. მათთაგანია ფრანსესკ ფაბრეგასიც, რომელიც მშობლიურ კლუბში გაყიდეს.

სუონსი
უილფრიდ ბონი
28 მილიონი ფუნტი - სიტი
კოტდივუარელი გოლეადორის გასხვისების მერე, უძვირფასესი აფრიკელის საქმეც უარესობისკენ წავიდა და "სუონსისიც". თუმცა უელსურ კლუბს მილიონები მაინც შერჩა.

ლესტერი
ნ’გოლო კანტე
30 მილიონი ფუნტი - ჩელსი
"მელიების" ხერხემალი სწორედ ნ’გოლო გახლდათ. მისი შენარჩუნება ლესტერშირელებმა ვერ შეძლეს, ხოლო "ჩელსი" გვარიანად გაძლიერდა.

საუთჰემპტონი
სადიო მანე
34 მილიონი ფუნტი - ლივერპული
24 წლის სენეგალელი იურგენ კლოპის მთავარი შენაძენი გახდა. "საუთჰემპტონი" კი გამორჩეული ფეხბურთელების გაყიდვას აგრძელებს.

ევერტონი
ჯონ სტოუნსი
47,5 მილიონი ფუნტი - სიტი
"ევერტონმა" სადამდეც შეძლო ახალგაზრდა მცველი შეინარჩუნა, ბოლოს კი კოლოსალურ თანხად შეელია მას. სტოუნსი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა მსოფლიოში. თუმცა, ფაქტია, რომ "სიტიში" მოლოდინს ბოლომდე ვერ ამართლებს. მეორე მხრივ, სტოუნსი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.

ჩელსი
ოსკარი
60 მილიონი ფუნტი - შანხაი
ვინ აღარ გაუყიდია "ჩელსის", მაგრამ რეკორდი ახლახან დამყარდა. დეკემბერშივე გახდა ცნობილი, რომ ბრაზილიელი ოსკარი კარიერას ჩინეთში გააგრძელებდა. "ჩელსი" 60 მილიონზე უარს უბრალოდ ვერ იტყოდა.

ლივერპული
ლუის სუარესი
75 მილიონი ფუნტი - ბარსელონა
2011 წელს "ლივერპულმა" მასში 26,5 მილიონი ევრო გადაიხადა. ლუისიტომ მერსისაიდელებს კინაღამ მოაგებინა ნანატრი პრემიერლიგა. იგი დიდ თანხად გაიყიდა და "ბარსელონას" ეს ტრანსფერი ნამდვილად უღირდა.

მანჩესტერ იუნაიტედი
კრიშტიანო რონალდო
80 მილიონი ფუნტი - რეალი
რონალდო "წითელ ეშმაკებს" ბევრი ტიტულის მოგებაში დაეხმარა და 2009 წელს ვალმხოდილმა დატოვა "ოლდ ტრაფორდი". 80 მილიონი ფუნტი დღევანდელი მასშტაბებითაც დიდი თანხაა, მაგრამ, აბა ვინ იტყვის მადრიდის "რეალი" სწორად არ მოიქცა ამდენი რომ გადაიხადაო?…

ტოტენჰემი
გარეთ ბეილი
85 მილიონი ფუნტი - რეალი
"დეზების" რეგებში უელსელმა ისე იფეთქა, რომ ვეღარ ამაგრებდნენ და ვერც "ტოტენჰემი" გააჩერებდა, როდესაც 2013 წელს მას "რეალმა" უხმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული