ფრენკ ლამპარდი აღარ ითამაშებს - კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა

AutoSharing Option
დიდი ფრენკ ლამპარდი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. ინგლისური ფეხბურთისა და პირველ რიგში, ლონდონის "ჩელსის" ლეგენდამ ეს გადაწყვეტილება 38 წლის ასაკში მიიღო.

"ნიუ იორკ სიტიდან" წამოსვლის მერე ის უქმად გახლდათ და არჩია, რომ მინდორს ფეხბურთელის ფრანგში აღარ დაუბრუნდეს. სამაგიეროდ, მას მწვრთნელად ველით და მალე ალბათ, ახალ ამპლუაში ვიხილავთ კიდეც. ამბობენ, რომ გარეთ საუთგეიტი ფრენკის ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ჩართვაზე ფიქრობს. შეთავაზებები იქნება "ჩელსის" მხრიდანაც (როგორც სტივენ ჯერარდი დასაქმდა "ლივერპულის" აკადემიაში).

შესაძლოა, მსგავსი გზა არჩიოს ლამპარდმაც და დასაწყისისთვის ლონდონელთა ახალგაზრდებთან წაიმუშაოს. იქამდე კი,
სიამოვნებით გავიხსენოთ მისი მონაწილეობით ლამაზი და ეფექტური მომენტები და მადლობა გადავუხადოთ ფრენკს იმ ესთეტიკური სიამოვნებისთვის, რომელიც მან ფეხბურთის გურმანებს 21-წლიანი მდიდარი სათამაშო კარიერის განმავლობაში მოგვანიჭა.

"ბევრი მიმზიდველი წინადადება მივიღე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 38 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დროა და სათამაშო კარიერა უნდა დავასრულო. დიდი მადლობა ფეხბურთის ასოციაციას, რომელიც მწვრთნელის ლიცენზიის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დამეხმარება. ველოდები იმ ვარიანტებს, რომლებიც სასწავლო კურსების დამთავრების მერე გამოჩნდება" - განაცხადა ლამპარდმა.

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, კონკრეტულად კი, რომფორდში დაბადებულმა ფრენკ ჯეიმს ლამპარდმა კარიერა "ვესტ ჰემ იუნაიტედში" დაიწყო. იგი "ჩაქუჩებში" 1995-2001 წლებში თამაშობდა და მცირე ხნით "სუონსიში" იყო განათხოვრებული. 2001 წელს ფრენკი "ჩელსიმ" შეიძინა, სადაც იგი ბოლომდე "გაიხსნა", ამ კლუბის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და ლეგენდად იქცა.

მიუხედავად ამისა, 2014 წელს ვეტერანი გაუშვეს. ის "ნიუ იორკ სიტიში" ჩაირიცხა. ამერიკელებმა ლამპარდს დროებით "მანჩესტერ სიტიში" თამაშის უფლება მისცეს და "ქალაქელების" მაისურით ფრენკმა "ჩელსის" გაუტანა კიდეც. ცხადია, მან გოლი არ აღნიშნა.

ცოტა ხნის წინათ, მას ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და, მიუხედავად რამდენიმე გუნდის შემოთავაზებისა (მათ შორის, "სუონსი სიტის"), ლამპარდმა ცოტა ფიქრის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. ინგლისის ნაკრებში ლამპარდი 1999-2014 წლებში თამაშობდა და 109 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
* მხოლოდ რაიან გიგზსა (632) და გარეთ ბერის (615) აქვთ მეტი პრემიერლიგური მატჩი ჩატარებული, ვიდრე ფრენკ ლამპარდს (609)

* 177 გოლით ფრენკი პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირებში ნახევარმცველებს შორის საუკეთესოა, ხოლო საერთო ჩათვლაში მხოლოდ ალან შირერს, უეინ რუნისა და ენდი კოულს ჩამორჩება.

* საჯარიმოს გარედან დარტყმებით მას პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (41) გოლი აქვს გატანილი.

* ფრენკს ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 39 სხვადასხვა გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი, რაც სარეკორდო შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის გურმანი არ არსებობს!!! ეს ჟურნალისტები რას წერთ ცოტა ხომ უნდა დაუკვირდეთ?! დაწერეთ ფეხბურთის ქომაგებს, რა შუაშია გურმანი ფეხბურთთან!!!
ქარ
17:15 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული