ერთი ვერსიით, ეს სიამოვნება მერსისაიდელებს 34,3 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, იტალიური წყაროების მიხედვით კი, "რომამ" 36,9 მილიონი ჩაიჯიბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სალაჰი "ენფილდის" მკვიდრთა სარეკორდო შენაძენი გახდა, გადაასწრო რა ენდი კეროლს, რომელშიც მერსისაიდელებმა თავის დროზე 35 მილიონი გირვანქა გადაიხადეს (თუმცა სტერლინგის კურსი მაშინ უფრო მაღალი იყო). შეგახსენებთ, რომ იმავე "ლივერპულმა" 34 მილიონი გადაიხადა სენეგალელ სადიო მანეში. ასე რომ, ახლა
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვარ, ეს მართლაც მახარებს. გუნდს ძალიან დიდი ხანია ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია. "ლივერპულს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. წინა სეზონში "ლივერპულის" თამაშს ხშირად ვადევნებდი თვალყურს და ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და რაღაცის მოგებას ცდილობდა. ყველა ხედავს იმასაც, რომ მწვრთნელიც 100%-ით იხარჯება. იმედი მაქვს, რომ "ლივერპულის" დახმარებას შევძლებ და ახლა ჩვენ ერთად მოვიგებთ რამეს კლუბისთვის, ფანებისთვის და ჩვენთვის" - განაცხადა სალაჰმა.
"იგი იდეალური სინთეზია გამოცდილებისა და პოტენციალის. მოჰამედი უკვე საკმაო ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს და ამავდროულად, კიდევ ბევრი შეუძლია. მას "ბაზელში" თამაშიდან მოყოლებული ვადევნებდი თვალყურს და მართლაც კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ეს ტრანსფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ის ძალიან მრავალმხრივი შემტევია და წინა ხაზზე მრავალფეროვნებას შეგვმატებს. ამ რგოლში ისედაც ძლიერები ვიყავით, მაგრამ სალაჰის მოსვლა უფრო გვაძლიერებს" - თქვა "კლოპომ".
შეგახსენებთ, რომ "ბაზელმა" და კონკრეტულად სალაჰმა ყველას თავი, პირველ რიგში, სწორედ ინგლისურ გუნდებთან კარგი თამაშით მოაწონა. სალაჰი 2014 წელსაც ახლოს გახლდათ "ენფილდზე" გადასვლასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, "ჩელსიმ" ყველას აჯობა. თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" მოჰამედი ძალიან უფერული გახლდათ და მერე იტალიას მიაშურა, სადაც "ფიორენტინასა" და მერე "რომას" რიგებში კვლავაც გაიბრწყინა. ბუნებრივია, მოჰამედს ამასაც ახსენებენ.
"მას მერე ყველაფერი შეიცვალა, გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ასევე, პიროვნულადაც. მაშინ 20-21 წლის გახლდით, ბავშვი ვიყავი. ახლა 4 წლით უფროსი ვარ და ყველაფერი სხვაგვარადაა. "ჩელსიში", "ფიორენტინასა" და "რომაში" ძალიან კარგი, საჭირო და საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე" - დაამატა სალაჰმა.
ეგვიპტელი "ლივერპულში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც აქამდე რობერტო ფირმინოს ეცვა. ბრაზილიელმა დათმო და იგი 9 ნომერს მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერით "ჩელსიც" იხეირებს, რომელიც თავის წილს - 2,3 მილიონ გირვანქას მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"