კინი "ბარნლიში" 2015 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სულ რაღაც 2 მილიონ გირვანქად გადავიდა და მას მერე საოცარი პროგრესი აქვს. წინა სეზონში იგი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ინგლისის ნაკრების წევრიც გახდა. მისი დაბრუნების სურვილი მანჩესტერელებმაც გამოთქვეს, მაგრამ ვიქტორ ლინდელიოფის შეძენის მერე ინტერესი შედარებით შენელდა. მერსისაიდელები კი პირიქით, გააქტიურდნენ. რონალდ კუმანმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ამ ფეხბურთელისადმი დიდი სიმპათიები აქვს და მისი დამატება სურს.
კინი
გავიხსენოთ ისიც, რომ "კანფეტებმა" ამსტერდამის "აიაქსისგან" დავი კლაასენი შეიძინეს. საქმეში აქტიურად ჩაერთო "ლესტერიდან" მიყვანილი სკაუტი-ჯადოქარი სტივ უოლში.
წესითა და რიგით, სულ მალე "გუდისონ პარკის" ბინადრებმა ოფიციალურად უნდა დაიმატონ "ბარსელონას" აღზრდილი სანდრო რამირესი. ახალგაზრდა ფორვარდში "ევერტონს" მხოლოდ 5,2 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს. რამირესი ამჟამად პოლონეთში იმყოფება ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად და გერმანიასთან ფინალისთვის ემზადება.
გარდა ამისა, "ევერტონი" 7 მილიონის სანაცვლოდ ბელგიური "ეუპენიდან" 20 წლის ნიგერიელ ფორვარდს, ჰენრი ონიელუროს იმატებს, რომელსაც ერთი სეზონით "ანდერლეხტში" გაანათხოვრებს. პარალელურად, კლუბი "ბარნლის" ანდრე გრეის ტრანსფერზე მუშაობს. სამაგიეროდ, ჯერჯერობით არაფერია ახალი როს ბარკლის კონტრაქტზე. ფაქტია, რომ ბარკლიმ "ინსტაგრამზე" თითქმის ყველა ფოტო წაშალა, რომლებშიც "ევერტონის" მაისურით არის გადაღებული. ნაკლებად ოპტიმისტურია ცნობები რომელუ ლუკაკუს შესაძლო დარჩენის ალბათობაზე.
ასე რომ, კუმანს ბარკლისა და ლუკაკუს შემცვლელებზე ფიქრი მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"