- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ინგლისში გადასვლის დრო იყო?
- ინგლისური ფეხბურთის ყურება ყოველთვის დიდ
- ბავშვობაში მართლა "ლივერპულს" გულშემატკივრობდით?
- გულშემატკივრობა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა "ლივერპულის" თამაში მომწონდა და 2005 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანს" 3:0 შემოუტრიალა, ამ გუნდის ყველა გოლს მივესალმებოდი.
- თქვენთან დაკავშირებით ყველას თქვენი სიმამრი, დიეგო მარადონა ახსენდება. გვითხარით რამე მის შესახებ.
- ძალიან ვამაყობ მარადონას ოჯახის წევრი რომ ვარ. ამას განა მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ის მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი და არგენტინის გმირია, არამედ იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია.
- გულშემატკივართა უმეტესობა მარადონას სწორედ, როგორც ადამიანს არ იცნობს. რა გააკეთა მან თქვენთვის მას მერე, რაც მისი სიძე გახდით?
- როდესაც რაიმე რჩევა მჭირდება, მხარში მიდგას და მინდა გითხრათ, რომ სიტუაციის ანალიზში ყოველთვის პატიოსანი და პირუთვნელია. ის ყველაფერს მარტივად და ალალად აღიქვამს. მეც მასავით უბრალო ოჯახიდან ვარ და დიეგო სულ ხაზს უსვამს, რომ ადამიანს ფესვები არ უნდა დაავიწყდეს.
- თქვენ ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდით. უკვე ვაჟი გყავთ. დაოჯახებამ თქვენს კარიერას დადებითი დაღი დაასვა?
- ფეხბურთელები, რომელთაც მოედანს მიღმა დალაგებული ცხოვრება აქვთ, წარმატებას აღწევენ და მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები. ჯანინა ჩემი ცხოვრების საყრდენია. ის საფეხბურთო გარემოში გაიზარდა და ამ სამყაროში ცხოვრების სესახებ ყველაფერი იცის. ეს ძალიან მეხმარება.
- ხალხი მარადონას გადარებთ. როგორ გრძნობთ ასეთ დროს თავს?
- მეღიმება, რადგან ამ ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ რას ლაპარაკობენ. დიეგო განსაკუთრებული იყო, ყველა დროის საუკეთესო. მას ვერავინ გაუტოლდება. როდესაც ბურთს მიიღებდა ის ჯადოქრად იქცეოდა. ნამდვილი ლიდერი იყო, თანაგუნდელებს შთააგონებდა. ვერავი მოახერხებდა არგენტინის ნაკრებსა და "ნაპოლიში" იმას, რაც დიეგომ წლების წინ გააკეთა.
- როდესაც მარადონას გადარებენ, ალბათ, თამაშის სტილს გულისხმობენ.
- რასაკვირველია, მიდგომა მეც მისნაირი მაქვს: ვუტევ, ვრისკავ და მოედნის ბოლო მესამედზე მდგომარეობას ვამწვავებ. მეც, ისევე როგორც დიეგოს, დრიბლინგი მიყვარს, ვცდილობ მოწინააღმდეგეზე სხარტად ვითამაშო. დიეგოს მსგავსად მეც ემოციის სრულ მარაგს ვხარჯავ და ვგიჟდები ისე მწყურია გამარჯვება. თუმცა, ყველა არგენტინელი ფეხბურთელი ბრძოლისუნარიანია. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, დიეგო გენიოსი იყო, მე კი შეგირდი ვარ.
- 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონას ხელმძღვანელობით ითამაშეთ. უცნაური გრძნობა იყო?
- შინ ჩვენ ოჯახი ვართ, მაგრამ იქ, ის არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო, მე კი ფეხბურთელი. მან მე ნაკრებში გამომიძახა, მაგრამ მე მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონასთვის კი არ ვთამაშობდი, არამედ არგენტინისთვის. ამ ორი დამოკიდებულების დაცალკევება ძალიან ადვილია.
- მართლა გქონდათ "იუვენტუსში" გადასვლის ვარიანტი?
- აგენტმა მითხრა, რომ "იუვენტუსთან" რაღაც მოლაპარაკებები იყო, თუმცა მე არ ჩავრეულვარ. ყველაფერი მას მივანდე. მე ფეხბურთზე ფიქრი მიყვარს, ბევრს კი ფულსა და ტრანსფერებზე ფიქრი ურჩევნია.
- "მანჩესტერ სიტისთან" ერთად რას აპირებთ?
- რასაკვირველია, ჯილდოების მოგებას. მე არც მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, არც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ დროა კედლებზე მედლები ჩამოვკიდო. ვფიქრობ, ჩემი კარიერის შემდეგი წლები უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"