სვენ-გორან ერიქსონმა ინგლისს არჩევანი მოუწონა

AutoSharing Option
ინგლისურ ფეხბურთში მთავარი სალაპარაკო თემა როი ჰოჯსონის ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშვნაა. გამოცდილ სპეციალისტს ინგლისის ნაკრები ევრო 2016-ის ჩათვლით ანდეს.

ჰოჯსონის დანიშვნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აი, რას ამბობს ნაკრების ყოფილი თავკაცი, შვედი სვენ-გორან ერიქსონი: "როისთან კარგა ხანია, ვმეგობრობ. ის ძალიან მოწესრიგებულია, ფეხბურთი დიდებულად ესმის და მრავალ ქვეყანაში იყო წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ნაკრებს ძალიან გამოადგება.

ბევრი ამბობს, რომ ნაკრებისთვის როი შეუფერებელი სპეციალისტია. ისინი ცდებიან. ჰოჯსონი კარგი, ქარიზმატული ადამიანია", - განუცხადა შვედმა ბი-ბი-სი-ს.

ვერტონგენი იაფად
"ტოტენჰემ ჰოტსპურსი" კიდევ უფრო ახლოსაა "აიაქსის" ბელგიელი მცველის,
იან ვერტონგენის ხელში ჩაგდებასთან. შეგახსენებთ, რომ ვერტონგენის შეძენა "დეზების" ლონდონელ მოქიშპე "არსენალსაც" სურს. "დე ტელეგრააფი" ესაუბრა 25 წლის მცველის აგენტ მუსტაფა ნახილს, რომელმაც დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ვერტონგენი "უაით ჰართ ლეინზე" აღმოჩნდეს 8,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ვერტონგენით კიდევ ერთი ინგლისური კლუბია დაინტერესებული, "ნიუკასლ იუნაიტედი". ფეხბურთელს სულ ორი მოთხოვნა ჰქონია - მისმა ახალმა გუნდმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მას რეგულარულად ჰქონდეს თამაშის საშუალება.

აზარი სიტისია?
ინგლისური სპორტული მედია ირწმუნება, რომ ახლა ბელგიელი ვარსკვლავის, ედენ აზარისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტი" დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ აზარის საბაზრო ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 37 მილიონი ევროა. "სიტის" ერთ-ერთი მენეჯერის, ადრე ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის, პატრიკ ვიეირას წყალობით, ეს კლუბი უფრო ახლოსაა "ლილის" ლიდერის ხელში ჩაგდებასთან, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" ან "ტოტენჰემი". "სიტი" აზარს კვირაში 125 ათას ევროს და ძირითადში რეგულარულ ადგილს სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული