ლონდონის "არსენალი ": დენილსონი ბრუნდება

AutoSharing Option
ბრაზილიური "სან პაულუს" პრეზიდენტმა ჟუვენალ ჟუვენსიომ დაადასტურა, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ლონდონის "არსენალთან" დენილსონ პერეირა ნევეშის დამატებით ერთწლიან იჯარაზე და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ინგლისში ბრუნდება.

"მეთოფეები" ბრაზილიელებისგან კონტრაქტის 6 მილიონ ფუნტად გამოსყიდვას ითხოვდნენ, ასეთი თანხა კი სამხრეთამერიკელებს არ აღმოაჩნდათ.

"დენილსონს უბრალოდ ვერ ვიყიდით, რადგან "არსენალი" მასში ჩვენგან ძალიან ფულს ითხოვს. საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაც ვცადეთ, მაგრამ შეთანხმება ვერც აქ მოხერხდა," - განაცხადა ჟუვენსიომ.

დენილსონმა პირველი პროფესიული კონტრაქტი "არსენალთან" 2006 წელს, ჯერ კიდევ თინეიჯერმა გააფორმა. თავდაპირველად მისი ზრდის ტემპებით ყველა კმაყოფილი
იყო, თუმცა შემდეგ რატომღაც ერთ ადგილზე გაიყინა, არსენ ვენგერმაც უარი თქვა მასზე და პრაქტიკულად აღარ ათამაშებდა.

2011/12 წლების სეზონის წინ კი "მეთოფეებმა" დენილსონი ერთი წლით "სან პაულუში" მიავლინეს, სადაც ის ბრწყინვალედ ათამაშდა.

რაისს ბარტონი შეცვლის
"ინდეპენდენტის" ინფორმაციით, "არსენალის" რეზერვისტთა ახალ მთავარ მწვრთნელად "უიმბლდონისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ყოფილი დამრიგებელი ტერი ბარტონი დაინიშნება.

სპეციალისტის წარდგენა ჟურნალისტების წინაშე უახლოეს დღეებში იგეგმება.

პეტ რაისის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ "მეთოფეთა" სამწვრთნელო შტაბში სერიოზული ცვლილებები შევიდა. სტივ ბოულდი, ვინც აქამდე "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობდა, ვენგერის თანაშემწედ დაინიშნა, ნილ ბანფილდი სარეზერვო გუნდის თავკაცად სწორედ რაისის შემცვლელად დაინიშნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა დროებით, და ამიერიდან ისიც ვენგერის ასისტენტის მოვალეობებს შეასრულებს. ბარტონი კი სწორედ ამ უკანასკნელს ჩაანაცვლებს.

ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს ბარტონი უფრო მეტად "უიმბლდონიდან" შეიძლება ახსოვდეს, რადგან სამხრეთდასავლელ ლონდონელთა ბანაკში მუშაობისას ის სკანდალურად გულწრფელი განცხადებებით გამოირჩეოდა. მაგალითად "შეფილდ იუნაიტედთან" ფრედ დამთავრებული თამაშის შემდეგ მან თავის ფეხბურთელებს სახალხოდ ჩასვრილები უწოდა.

სტაჟიან ფანებს ალბათ ისიც ეხსომებათ, რომ სწორედ მის "უიმბლდონს" უწოდებდნენ "ფსიქოპათებს".

გულწრფელად რომ ითქვას, გვგონია, რომ დაწყებული პრეზიდენტ სემ ჰამამიდან, დამთავრებული ვინი ჯონსით, გონება ყველა თავისებურად ჰქონდა ნაღრძობი.

მეთოფეები ოლიმპიადაზე
არსენ ვენგერს მუდმივად გული "უსკდება", როცა მის შეგირდებს ინგლისის ნაკრებში იძახებენ, რადგან იმ 16 წლის განმავლობაში, რაც ის "მეთოფეებს" უდგას სათავეში, არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა, რომ ეროვნული გუნდის შეკრებიდან მასთან ფეხბურთელი ტრავმით დაბრუნებულა.

ახლა კიდევ ბრიტანეთის ნაკრებიო... მოკლედ, ფრანგი სპეციალისტის ნერვებს სერიოზულად ცდიან.

სტიუარტ პირსს ოლიმპიურ თამაშებზე "არსენალის" ერთბაშად სამი ფეხბურთელი მიჰყავს, ესენი არიან კირან გიბსი (22 წლის), აარონ რემსი (21) და ჰენრი ლენსბერი (21). უკანასკნელმა წინა სეზონი იჯარით "ვესტ ჰემში" გაატარა და მკითხველს მისი სახელი შეიძლება არც არაფერს ეუბნებოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული