სილვიო ბერლუსკონი: ხოსეპ გვარდიოლას ფავორიტი "სიტია"!

AutoSharing Option
სად იმუშავებს ხოსეპ გვარდიოლა? საფეხბურთო მსოფლიოსთვის დღესდღეობით ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია.

"ბარსას" ექს-თავკაცის კანდიდატურა განიხილება ყველგან, სადაც დიდი ამბიციები აქვთ და მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, ან შეიძლება ახლო მომავალში გახდეს ვაკანტური.

თვითონ პეპი არაფერს ამბობს - ისვენებს. ახალი ის არის, რომ "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, ზუსტად ვიცი, პეპის ფავორიტი "მანჩესტერ სიტიაო".

დატოვა თუ არა 41 წლის გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, მაშინვე დაიწყო სპეკულაციები და დღემდე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

მთელი ჭორ-მართალიდან ისეთი ტენდენცია იკვეთება, რომ ევროპული გრანდებიდან პეპის ხელში
ჩაგდება ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის", მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ სიტის" და "მილანს" უნდათ.

"როსონერის" პატრონი ბერლუსკონი კი ამბობს, რომ პეპის ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსი "სიტის" აქვს.

მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგაში კარგად ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში კი წარმატებას ვერა და ვერ მიაღწია.

რობერტო მანჩინის გუნდი ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში, რის გამოც "სიტის" ბოსები იტალიელის გაშვებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ.

როგორც ირკვევა, "სიტი" უკვე სერიოზულად ჩაება გვარდიოლასთვის ბრძოლაში და თუ ბერლუსკონის დავუჯერებთ, ფავორიტია.

"გვარდიოლას დარ მწვრთნელს ვინ არ ისურვებდა? ლოგიკურია, რომ პეპის ხელში ჩაგდება ბევრს უნდა.

ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტი" აქტიურობს. ამ კლუბის ხელმძღვანელებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ბრძოლაში ჩაებნენ.

ჩემი ინფორმაციით, თვითონ გვარდიოლას ფავორიტიც სწორედ "სიტია". ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი დათანხმება გაგვიჭირდება,"
- უთხრა ბერლუსკონიმ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

სილვიოს თქმით, დიდი შანსია, ამ ორომტრიალში გადამწყვეტი როლი ჩიკი ბეგირისტაინის ფაქტორმა ითამაშოს, რომელიც "ბარსას" ყოფილი ფუნქციონერია და ახლახან "სიტის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

აბრამოვიჩი ზღაპრულ შეთავაზებას ამზადებს
ინგლისური მედია კი იუწყება, რომ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გვარდიოლას კონკრეტულ და ზღაპრულ შეთავაზებას უმზადებს.

ESPN-ის ცნობით, აბრამოვიჩი პეპს ხელფასის სახით წელიწადში 25 მილიონ ევროს შესთავაზებს! გვარდიოლას მრჩევლის თქმით, პეპი გადაწყვეტილებას იანვარში ან თებერვალში მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული