მარკო მარინი - "ჩელსის" გერმანული კოზირი

AutoSharing Option
"ჩელსიში" 23 წლის გერმანელი გარემარბის, მარკო მარინის კარიერა იმედისმომცემად დაიწყო.

მოსამზადებელ ეტაპზე გულშემატკივრებმა ის გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის იყო, სეზონის ოფიციალური ნაწილი უნდა დაწყებულიყო, რომ მარკომ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც თვენახევარზე მეტი გამოტოვა. ამ დროისთვის "ჩელსის" თამაშის რიტმი უკვე ნაპოვნი ჰქონდა და გერმანელიც, პრაქტიკულად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის აღმოჩნდა განწირული. მაგრამ მერე დასავლეთლონდონელებმა ფორმა დაკარგეს და რაფა ბენიტესს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუხდა.

თამაშის შანსი (ძირითადად შეცვლებზე) მარინსაც მიეცა. "ჩელსიში" მარინის კარიერა თითქოს არ შედგა, თუმცა ახლა ამას ასე ხელაღებით
უკვე ვეღარ ვიტყვით. ფეხბურთელმა 8 იანვარს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ. აი, რას ამბობს ის:

- ყველაფერი კარგად მესმის. სეზონის სტარტზე ერთი დაზიანება არ მქონდა მოშუშებული, რომ მეორე მივიღე და ამიტომაც არ მომცემია თამაშის შანსი. თუმცა ახლა თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ფიზიკური კონდიციები თითქმის სრულად აღვიდგინე. ეს უკვე ადვილად შესამჩნევია.

მთავარია, თამაშის შანსი, რაც შეიძლება, ხშირად მომეცეს. მხოლოდ ასე თუ შევძლებ ფორმის პიკზე გასვლას. ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ მოედანზე გატარებულ დროს ის ვერ შეცვლის. ლიგის თასი ("ჩელსი" 1/2-ფინალში წუხელ, 9
იანვარს "სუონსის" უნდა შეხვედროდა) მნიშვნელოვანი ტურნირია და ჩვენ მასში გამარჯვებას ვაპირებთ. თებერვალში პირველი ტიტულის მოგება ცოტა ადრეა, მაგრამ ამას გარდა, ასოციაციის თასიც გვრჩება. თუკი ამ ტურნირებზე წარმატებით ვითამაშებთ, ეს ჩემპიონატშიც წაგვადგება. პრემიერლიგაში დასახული მიზნის მიღწევა ყველაზე მეტად გაგვიჭირდება, მაგრამ შანსი გვაქვს და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.

ტიტულების მოგება ყველაზე მეტად იმ მოთამაშეებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელთაც საკლუბო დონეზე ჯერ არაფერი მოუგიათ, მაგალითად, ჩემთვის. კარიერის განმავლობაში მხოლოდ ევროპის ახალგაზრდული პირველობა მაქვს მოგებული გერმანიის ნაკრებში. "ვერდერის" შემადგენლობაში მითამაშია გერმანიის თასის ფინალშიც, მაგრამ იქ "ბაიერნთან" წავაგე. "ჩელსიში" გატარებულ პირველივე სეზონში რაიმეს მოგება ჩემთვის უდიდესი მიღწევა იქნება. ამისთვის კი სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერს გავიღებ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო მარინი: ლონდონის "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ვიქნები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული