კარლოს ტევესი გადაიღალა და სამშობლოში, არგენტინაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. რასაკვირველია, ამისათვის მას „მანჩესტერ სიტის“ დატოვება მოუწევს.
ეს, ბევრისთვის მოულოდნელი ამბავი მისმა თანაგუნდელმა და თანაკონტინენტელმა როკე სანტა კრუსმა გაავრცელა. პარაგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი მეგობარი ნოსტალგიით არის შეპყრობილი, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მან, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა ისტლენდელებთან კონტრაქტს ბოლომდე უერთგულოს და მხოლოდ ამის მერე დაბრუნდეს არგენტინაში. სანტა კრუსმა თქვა:
„კარლოსს გული შინისკენ, ოჯახისკენ მიუწევს. მას უნდა თავის ხალხთან იცხოვროს, არგენტინაში. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სამშობლო უხმობს, ის უძლურია. ასეთი კაცი
რაც შეეხება თავად სანტა კრუსს, ის იანვარში უეჭველად დასტოვებს „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმს“. პარაგვაელს ყოფილი მწვრთნელი მარკ ჰიუზი „ფულჰემში“ უხმობს. მას მერე, რაც 2009 წელს „ბლექბერნი“ დასტოვა და „სიტის“ ფეხბურთელი გახდა, სანტა კრუსი ხან ტრავმისა და ხან სხვა მიზეზის გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. სხვათაშორის, ჰიუზმა მისი გადაბირება გასულ ზაფხულზეც სცადა. თავდამსხმელის ყიდვა უნდოდა „ლაციოსაც“, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.
სანტა კრუსი, რომელიც ამ სეზონში რობერტო მანჩინიმ მხოლოდ ერთხელ ათამაშა, ამბობს: „ისტლენდზე, თითოეული ადგილისთვის უდიდესი კონკურენციაა. მე ყველა ღონეს ვხმარობ, რათა მწვრთნელს თავი მოვაწონო და „სიტის“ შემადგენლობაში დავმკვიდრდე, მაგრამ არაფერი გამომდის. არადა, თუ არ მათამაშებენ, როგორ მიხვდებიან ვჯობივარ ვინმეს თუ ვერა? ერთი სიტყვით, გადავწყვიტე იანვარში სხვაგან გადავიდე”.
კიდევ, სანტა კრუსმა დაუფარავად განაცხადა, რომ მისი აზრით „მანჩესტერ სიტის“ ამ სეზონში ჩემპიონობის შნო არ აქვს. ფეხბურთელმა, რომელიც მანჩინის აზრით ვერ ახერხებს ფიზიკურად მუდმივად მზად იყოს, დასძინა:
„ჯერ ერთი მწვრთნელს ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი ჰყავს ამორჩეული და სულ მას ათამაშებს. გარდა ამისა, მანჩინის სისტემის თანახმად გუნდი მხოლოდ ერთი თავდამსხმელით თამაშობს რაც მოედანზე ჩემი გამოჩენის შანსებს ამცირებს – ამის საშუალებას სწორედ ხსენებული სისტემა არ იძლევა. მე 29 წლის ვარ და ჯერ კიდევ ვოცნებობ ესპანეთში გადაბარგებაზე.
რაც შეეხება „სიტის“, ამ გუნდს ოთხეულში უნდა დამკვიდრება, მაგრამ თამაშის ხარისხით პრემიერლიგის რამდენიმე საუკეთესო გუნდს ჩამოუვარდება. ყველაზე ძლიერის შთაბეჭდილებას „ჩელსი“ სტოვებს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ კი დიდი გუნდები გახლავან, რომლებიც ტიტულისთვის აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ. ერთი სიტყვით, „მანჩესტერ სიტი“, ვფიქრობ, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ თუ გაუწევს წინააღმდეგობას“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"