ინგლისის რეგრესი - რა სჭირს პრემიერლიგის ელიტას?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგას ლონდონის "არსენალიც" რომ გამოეთიშა, რა თქმა უნდა, ყველამ დააფიქსირა, რომ ჩემპიონთა ლიგა ინგლისური კლუბების გარეშე დარჩა, მაგრამ პრემიერლიგის ელიტა სერიოზულად მეოთხედფინალის წილისყრაზე მოვისაკლისეთ.

არც "მანჩესტერ იუნაიტედი", არც ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული "ჩელსი", არც "მანჩესტერ სიტი" და აღარც "არსენალი" - ფაქტია, რომ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგას მეოთხედფინალიდან ინგლისური ფეხბურთი ძალიან დააკლდება.

ცხადია ისიც, რომ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის კრიზისი (და ამას ნამდვილად კრიზისი უნდა ეწოდოს) ამ სეზონში არ დაწყებულა - პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შარშანაც მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგრესი
"ჩელსის" სენსაციურმა ჩემპიონობამ მიჩქმალა.

ახლა კი, 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ მეოთხედფინალში არცერთი ინგლისური კლუბი არაა წარმოდგენილი. ფინალი კი "უემბლიზე" უნდა გაიმართოს.

თითქოს ბედის ირონიაა ის, რომ ჩემპიონთა ლიგა ინგლისური კლუბების გარეშე სწორედ იმ სტადიონზე დარჩა, სადაც ლონდონის "ჩელსიმ" შარშან ჩემპიონთა თასი აღმართა - მიუნხენში, "ალიანს არენაზე".

"მანჩესტერ იუნაიტედის" გავარდნის შემდეგ ამ ტურნირზე "არსენალი" ხომ უკანასკნელი პრემიერლიგელი იყო.

17 წლის წინათ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ჩემპიონები ასპარეზობდნენ და ინგლისის სენსაციური ჩემპიონი "ბლექბერნ როვერსი" სულაც ჯგუფში ჩარჩა...

შარშან ჩელსიმ ივაჟკაცა
როგორც შესავალშიც ვთქვით, ინგლისური საკლუბო ფეხბურთი რეგრესი ევროსარბიელზე ამ სეზონში არ დაწყებულა. შარშან მხოლოდ მომავალმა ჩემპიონმა "ჩელსიმ" უზრუნველყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მინიმუმ ერთი პრემიერლიგელი მაინც ყოფილიყო და სხვათა შორის, ლონდონური კლუბი მერვედფინალიდან გავარდნას მაშინ ძლივს გადაურჩა - ნეაპოლში 1:3-ზე წაგების შემდეგ, "არისტოკრატებმა" "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და იტალიური ბარიერი მაინც დაძლიეს, მერე კი, ყველასათვის მოულოდნელად, ფინალამდე გააღწიეს და მიუნხენში "ბაიერნის" დამარცხებაც მოახერხეს.

წელს კი ასეთი "ჰეფი ენდი" აღარ დაფიქსირდა - მართალია, "არსენალმა" მიუნხენში 2:0 მოიგო, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდს ეს მეოთხედფინალში გასვლისთვის არ ეყო.

ინგლისური ბასტიონიდან ჩემპიონთა ლიგას ასევე მერვედფინალიდან გამოეთიშა "მანჩესტერ იუნაიტედიც" (რეალმა გააგდო), "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" კი სულაც ჯგუფში ჩარჩნენ და აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ "ჩელსი" პირველი მოქმედი გამარჯვებულია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც მომდევნო სეზონში ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

ვენგერი: პრემიერლიგა უნდა გამოფხიზლდეს!

"ინგლისურმა საკლუბო ფეხბურთმა უდიდესი დარტყმა მიიღო. ასეთ წარუმატებლობას პრემიერლიგა არ იყო მიჩვეული, - აცხადებს ვენგერი, - ვფიქრობ, დროა, პრემიერლიგის ელიტა გამოფხიზლდეს, თორემ ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ევროპაში პოზიციებს მნიშვნელოვნად დავთმობთ.

წლევანდელი ფიასკო ინგლისური ფეხბურთისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ რეგრესი არ შეწყდა, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

პრემიერლიგა ძველებურად ბრწყინვალე სანახაობაა, მაგრამ ევროსარბიელზე ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ გერმანული, ესპანური და იტალიური კლუბები პრემიერლიგელებს იმ კრიტერიუმშიც კი წამოეწივნენ, რომელიც ინგლისური ფეხბურთის სავიზიტო ბარათადაა ქცეული - ფიზიკურ სიძლიერეს და გამძლეობას ვგულისხმობთ.

ამაში თავისი წვლილი ინგლისის ძალიან გადატვირთულ კალენდარსაც მიუძღვის. ფაქტია, რომ ინგლისურ საკლუბო ფეხბურთზე ფინანსური ფეარ პლეიც ცუდად იმოქმედებს - ამით "ჩელსის
" და "სიტის" შეექმნებათ პრობლემები".

"არსენალის" მძლეველი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ინგლისურ რეგრესს სერიოზულად ჯერ არ აღიქვამს:

"იყო წლები, როცა ევროტურნირებს გერმანული კლუბებიც ძალიან მალე ეთიშებოდნენ. ახლო წარსულში კრიზისი იტალიურ კლუბებსაც ჰქონდათ. შესაბამისად, ინგლისთან მიმართებაში სერიოზულ პრობლემას ჯერ ვერ ვხედავ, რადგან ფეხბურთში ასეთი ციკლები ხშირია.

დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგაში უკეთესად გამოვლენ.
"

ერთი წელიც მალე გავა და მალე ვნახავთ, დროებითია თუ არა ინგლისური საკლუბო ფეხბურთის კრიზისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისური პრემიერლიგა პოზიციებს კარგავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული