"ჩელსი" ანდრე შიურლეს არ ასვენებს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელ ანდრე შიურლეს ლევერკუზენის "ბაიერთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ რაც დრო გადის, ყველას უფრო და უფრო მეტად ეპარება ეჭვი იმაში, რომ 22 წლის გარემარბი ამ ხელშეკრულებას ბოლომდე შეასრულებს.

უფრო სავარაუდო ისაა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შიურლემ ლევერკუზენი დატოვოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ცნობილია, რომ ანდრესთვის ლონდონის "ჩელსი" იბრძვის და გაგახსენებთ, რომ "არისტოკრატებს" მისი გადაბირება წინა ზაფხულშიც უნდოდათ; უბრალოდ, მაშინ "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და შიურლე არაფრისდიდებით არ დათმო.
ახლა კი ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება, მართლა გაყიდოს.

კითხვაზე, რას ფიქრობს შიურლეს შესაძლო ტრანსფერზე, ფიოლერმა ამას წინათ უპასუხა, ჩვენ მართლაც ვფიქრობთო და იქვე დასძინა, რომ "ლევერკუზენს" "ჩელსისგან" კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ მიუღია. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ "ჩელსისა" და შიურლეს შორის მიდის მოლაპარაკებები. "კიკერის" ცნობით, შიურლეს ტრანსფერზე მიხაელ ბეკერი მუშაობს - აგენტი, რომელიც მიხაელ ბალაკის მრჩეველი გახლდათ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კლუბი და ფეხბურთელი მალე შეთანხმდნენ.

შარშან "ჩელსი" "ლევერკუზენს" შიურლეს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაზეც გერმანელებმა ლონდონელებს უარი შეუთვალეს. ახლა კი ანდრეს ფასი 20 მილიონი ევროა - ოღონდ არა იმიტომ, რომ გაუარესდა, არამედ იმის გამო, რომ მაშინ "ჩელსიმ" აგვისტოში მოინდომა შიურლეს გადაბირება, ამ დროს კი ყველა ფეხბურთელი ძვირდება.

გარდა ამისა, შიურლეს ამჟამინდელ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გაისად "ბაიერიდან" წასვლა 15 მილიონად შეუძლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევერკუზენის "ბაიერის" უარი ლონდონის "ჩელსის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული