სჭირდება თუ არა ლონდონის "ჩელსის" ჟოზე მოურინიო?

AutoSharing Option
"ტაიმსის" ჟურნალისტმა ტონი ევანსმა "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს დაბრუნების პერსპექტივაზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ ლონდონური კლუბისთვის პორტუგალიელი უკან გადადგმული ნაბიჯია. რატომ? არგუმენტებისთვის ქვემოთ მოცემულ სტატიას გაეცანით.

წარმოდგენაც კი ძნელია, რომ ვინმემ "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს დაბრუნება შეიძლება კარგ იდეად მიიჩნიოს. თუკი პორტუგალიელი შეძლებდა და "ჩელსის" სტაბილურობას მოუტანდა, ამას აზრი კიდევ ექნებოდა, მაგრამ მეჩვენება, რომ "განსაკუთრებული" ლონდონში მხოლოდ არეულობას მოიტანს.

ბევრი რამე შეიცვალა იმ ექვსი წლის განმავლობაში, რაც ის წავიდა. გუნდის სათამაშო სტილი რადიკალურად შეიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში "ჩელსის" წარმატების საფუძვლის ჩამყრელი
ფეხბურთელები წავიდნენ ან განზე გადგნენ მოვლენათა ეპიცენტრიდან. ახალი ლიდერები მოურინიოს სტილს ნაკლებად მოერგებიან.

ტერი-ლემპარდი-დროგბას ტრიო წარსულში დარჩა, ისევე, როგორც მოურინიოსთვის დამახასიათებელი სტილი. ტერი-ლემპარდის კავშირის დაშლას დრო და დიდი მოთმინება დასჭირდა. კარლო ანჩელოტიმ პირველად მიგვანიშნა ამაზე, მაგრამ მაშინ მან თანხები ვერ მიიღო მათი შემცვლელებისთვის. იტალიელი ისევ მათვე დაეყრდნო, რამაც მას დუბლი მოუტანა, მაგრამ ვერ შეუნარჩუნა თანამდებობა.

მეორედ ანდრე ვილაშ ბოაშმა სცადა, "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი სუნთქვა მოეტანა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დროგბასა და ლემპარდის ხარჯზე მოხდა. რომ არა დისკვალიფიკაცია, ითამაშებდა ტერიც. ანუ 5 წლის შემდეგაც კი გუნდის ხერხემალი უცვლელი იყო.

სამაგიეროდ, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მიმდინარე სეზონში. გუნდის თამაშზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენდა ხუან მატა; ოსკარისა და ედენ აზარის შეძენამ კი ცხადყო, რომ გამწევმა ძალამ, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში, ვექტორი შეიცვალა. "სამმა მეგობარმა" გუნდში ახალი სტილი დაამკვიდრა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მოურინიოს გუნდისთვის მეტისმეტად მომართულნი არიან შეტევაზე.

რკინის ბირთვი, რომლის გარშემოც პორტუგალიელი საკუთარ გუნდებს აშენებს ხოლმე, "ჩელსის" არ ჰყავს. სამეულის შეტევების ყურება ძალიანაც სასიამოვნოა, მაგრამ დაცვაში თამაშის ნაკლებმა უნარმა მწვრთნელი შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს.

ძნელია, წარმოიდგინო, რომ მოურინიო ამ სამ ფეხბურთელს დაუმეგობრდება. თუკი რომან აბრამოვიჩს სურს, რომ გუნდმა ანალოგიურ შემტევ სტილში ითამაშოს, რატომ არის საჭირო მწვრთნელის დაბრუნება, რომლის ტაქტიკა უკვე დანერგილის სრული ანტიპოდია?

რაფა ბენიტესის "სტემფორდ ბრიჯზე" ყოფნის გამო ტრიბუნების უკმაყოფილებამ ერთგვარი ქაოსის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ დროებითმა მწვრთნელმა მაინც ძალიან ბევრს მიაღწია. ლემპარდმა და ტერიმ განსაკუთრებული ხმაურის გარეშე გადაინაცვლეს უკანა პლანზე, გუნდი მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, ევროპალიგის ფინალში კი "ჩელსის" ზედიზედ მეორე ევროპული ტიტულის მოგების შანსი მიეცემა.

ბენიტესის გზაზე იყო შეცდომებიც, მაგრამ "ჩელსიმ", გუნდმა, რომელიც ხანდახან ისევე მერყევი იყო, როგორც ჟელე თეფშზე, სერიოზულ პროგრესს მიაღწია.

დავიდ ლუისმა დაამტკიცა, რომ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, თანაც ორ პოზიციაზე - მცველად და ნახევარმცველად. ბრაზილიელი ადრე საკუთარ ფიზიკურ ძალას სათანადოდ ვერ იყენებდა, ახლა კი მისი პერსპექტივა უკვე თვალშისაცემია. ლუისს დიდი მოთმინება დასჭირდება. მისცემს კი მოურინიო 26 წლის ფეხბურთელს დროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის? ამ დროისთვის "ჩელსის" აქვს კონკრეტული გეგმა და რატომ უნდა დაიწყოს ყველაფრის კეთება თავიდან?

ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა ბენიტესის შენარჩუნება, მაგრამ ძნელია, წარმოიდგინო, რომ რომელიმე კლუბი თანამშრომლობას გააგრძელებს მწვრთნელთან, ვისთან ურთიერთობაც, გულშემატკივრების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, თავიდანვე შეზღუდული იყო დროში.

ბენიტესისთვის ვარიანტები შეზღუდულია. მას ინგლისში დარჩენა ურჩევნია. "სიტიში" რობერტო მანჩინის სამკვიდროს ჩაბარების უმთავრესი პრეტენდენტი მანუელ პელეგრინია. თუკი ჩილელთან გარიგება არ შედგება, ბენიტესს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ კანდიდატების გაფართოებულ სიაში მაინც მოხვდება, რადგან მან რეპუტაცია სათანადოდ უკვე აღიდგინა.

თუკი 53 წლის სპეციალისტისა და ფლორენტინო პერესის ურთიერთობას გავითვალისწინებთ, მისთვის შეიძლება "რეალიც" ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. თუმცა არ არის გამორიცხული, ევროპალიგის შესაძლო გამარჯვებული მწვრთნელი სულაც უმუშევარი დარჩეს. ეს ნამდვილად არ ემუქრება მოურინიოს, მაგრამ მისთვის "ჩელსი" სულაც არ არის იდეალური ვარიანტი. ცხრა წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან საკუთარი ჩანაფიქრი პირველად სრულყო ლონდონურ კლუბში, მაგრამ მას მერე ყველაფერი შეიცვალა. "ჩელსის" გარდაქმნა უკვე მიდის და არა იმ მიმართულებით, რომელსაც პორტუგალიელი უპირატესობას ანიჭებს. "განსაკუთრებულის" ძველ კალაპოტში დაბრუნება კი, ალბათ, უსაფუძვლო ოცნება გამოდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი: ყველამ იცის, ვინ იქნება მომავალ სეზონში "ჩელსის" მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული