ნემანია ვიდიჩი: სწორება მომავალზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან ნემანია ვიდიჩს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სრულფასოვანი ვარჯიშები 31 წლის სერბმა რამდენიმე დღის წინ განაახლა. მან კლუბის ვებგვერდს მისცა ინტერვიუ, სადაც "იუნაიტედის" სამომავლო პერსპექტივები განიხილა და არამხოლოდ.

- ზაფხული როგორ გაატარეთ? საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ შვებულება განსაკუთრებული იქნებოდა.
- შესანიშნავად დავისვენე, რადგან უკანასკნელი 6 თუ 7 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი შვებულება მერგო, თითქმის თვე-ნახევარი. შესანიშნავი იყო ოჯახის წევრებთან დროის გატარება და მზის აბაზანების მიღება.

- გასულ სეზონს იხსენებდით, თუ უფრო მომდევნოზე ფიქრობდით?
-
მომავალ სეზონზე უფრო. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო სარეკორდო მე-20 ტიტულის მოგება, მანჩესტერში ავტობუსით სეირნობა და გულშემატკივართა ზღვასთან შეხვედრა. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ხალხს მთელი სეზონის განმავლობაში არნახული მხარდაჭერისთვის. თუმცა ახლა უკვე მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. აუცილებელია მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. პირადად ოპტიმალური კონდიციების დასაბრუნებლად მომიწევს ოფლისღვრა.

- ახალი სეზონი ყოველთვის ახალ გამოწვევებს ნიშნავს, თუმცა "იუნაიტედისთვის" ის მაინც უფრო განსხვავებულია, რადგან მთავარ მწვრთნელად დევიდ მოიესი დაინიშნა. ნერვიულობენ თუ არა ფეხბურთელები?
- ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იმ სამუშაომ, რომელიც დევიდ მოიესმა შეკრების პირველ დღეებში გასწია, იქამდე, ვიდრე გუნდი აზიურ ტურნეში გაემგზავრებოდა. ბიჭები მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებულნი და მონდომებით ვარჯიშობდნენ, რათა დაემტკიცებინათ, რომ "იუნაიტედში" უბრალოდ თამაშის კი არა, სასტარტოში მოხვედრის ღირსნი იყვნენ. ამას გარდა კიდევ იყო რაღაც წვრილმანები, რამაც ძალიან გამახარა.

- მოიესზე პირველი შთაბეჭდილება როგორია?
- პირადად დავრწმუნდი, რომ მოიესი ძალიან მონდომებულია და შეუძლია, "იუნაიტედისთვის" კარგი თავკაცი იყოს. ამას გარდა ვნახე, თუ რამდენად შრომისმოყვარეა. საქმისადმი სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ მოუტანა მას წარმატებები "ევერტონში", რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დევიდი ძლიერი მწვრთნელია და მას შეუძლია სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლა.

- ამ დღეებში "იუნაიტედი" სტოკჰოლმს აიკ-თან ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ესტუმრება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.
- მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი მოგვეცემა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად მზად ვართ. კარგი იქნება ჩვენს შვედ გულშემატკივრებთან კიდევ ერთხელ შეხვედრაც. იქ შარშანაც ვიყავით და ვიცით, რამდენი მხარდამჭერი გვყავს ამ ქვეყანაში.

- შვედეთში ახლა შუა სეზონია და ამის გათვალისწინებით აიკ კარგ კონდიციებში უნდა იყოს. ეს ის ტესტია, რომელიც "იუნაიტედმა" სეზონის დაწყებამდე უნდა ჩააბაროს?
- დიახ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნემანია ვიდიჩი და ეშლი იანგი "ლივერპულთან" შეხვედრაში დაშავდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სერბების "ასათიანია" :)
giorgi
15:11 05-08-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული