როგორ დავეწიოთ და გავუსწროთ გერმანიას - როი ჰოჯსონის ფილოსოფია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები ასეთი საინტერესო, ახალგაზრდული, იმედისმომცემი და განსხვავებული დიდი ხანია, არ ყოფილა, როგორიც ახლაა.

როი ჰოჯსონმა მძიმე პოსტი იტვირთა და რეორგანიზაცა-რენესანსის პროცესშია, რომელიც ჯერჯერობით კარგად მიდის.

ამ ტაქტიკოსის აზრები ყოველთვის საინტერესოა...

- უეინ რუნი ინგლისის ნაკრების კაპიტნად აგვისტოში დანიშნეთ. როგორ იტვირთა ეს როლი და რამდენად კმაყოფილი ხართ არჩევანით?
- ეს ჩემთვის მარტივი არჩევანი გახლდათ. უფრო სწორად იმას ვგულისხმობ, რომ საკითხი ისე არ იდგა, მინდოდა თუ არა მე რუნი კაპიტნად. მთავარი იყო მზად გახლდათ თუ არა უეინი.

როგორც ინგლისელმა, ძალიან კარგად
ვიცი, რას ნიშნავს ნაკრების კაპიტნობა და ეს ძალიან რთულია, ამისთვის მართლაც მზად უნდა იყო.

ვიცი, როგორი შეიძლება იყოს პრესა და რა შეიძლება დამართოს პრესამ პრესით ადამიანს. პრინციპში ეს უკვე უეინსაც გამოცდილი აქვს, რომელიც 19 წლის ასაკშივე შერაცხეს ინგლისის მხსნელად და ეს დიდი ზეწოლა გახლდათ. სამწუხაროდ მას მერე უფრო ნეგატივს ხედავდნენ და, რა კარგადაც არ უნდა ეთამაშა რუნის, გამოხმაურება ძირითადად უარყოფითი იყო.

ასე რომ, საკითხი უფრო ასე იდგა, ჩემი პოზიცია გახლდათ ასეთი - მისმინე, მე მინდა შენთან მუშაობა. ჩემი აზრით, შენ უნდა გაიკეთო კაპიტნის სამკლავური და უპირველეს ყოვლისა ამ ახალი, ახალგაზრდული გუნდისთვის შენი ვნება და შემართებაა საჭირო, მაგრამ მზად ხარ იმ ტვირთის ზიდვისთვისაც, რაც კაპიტნობას მოჰყვება? - უეინმა მოინდომა ამ ნაბიჯის გადადგმა და ამის შემდეგ, ყველა კითხვა მოიხსნა.

- რაიმე პარალელებს თუ გაავლებთ რუნისა და წინა კაპიტნებს შორის?
- გაგვიმართლა, რომ სტივენ ჯერარდი გვყავდა, რომელმაც ძალიან კარგი მაგალითი მისცა ყველას და მშვენიერი სტანდარტი შექმნა. ის და უეინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და დარწმუნებული ვარ, რუნიმ ბევრი რამ ისწავლა სტივენისგან, ახლა კი თავისი პიროვნება და თვისებებიც გაურია და კაპიტნობა კარგად გამოსდის.

- რა სჭირდებათ ახალგაზრდა ინგლისელებს იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოავლინონ?
- ინგლისში ჩვენ გვაქვს ჩემპიონატი, რომელიც უდავოდ ყველაზე მდიდარია და შეუძლია საუკეთესო ტალანტები მოიზიდოს კარგი ანაზღაურებისა და სატრანსფერო ფასების წყალობით. შესაბამისად, კლუბების უმეტესობაში არა ადგილობრივი 19-20 წლის ფეხბურთელები თამაშობენ, არამედ 50-60 მილიონად შეძენილი ლეგიონერები.

თუმცა ეს კლუბების საქმეა, ამჟამინდელი რეალობაა და ეს უნდა მივიღოთ. ჩვენ კი სწორედ ამ ახალგაზრდების განვითარება გვაინტერესებდა და გვსურს, რომ მათ სისტემატიური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. თუ, რა წარმატებებს შეიძლება მიაღწიო აკადემიის ფეხბურთელებით "მანჩესტერ უნაიტედის" 1992-წლის კლასის თაობამაც გამოაჩინა. ინგლისურ ფეხბურთში მრავლად არიან ნორჩი ტალანტები და მათი სწორად განვითარებაა მთავარი.

გუნდები გამოსავალს ახალგაზრდების განათხოვრებაში ხედავენ ხოლმე, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის, რადგან იჯარით გაშვებული ფეხბურთელი კუთვნილების გრძნობას კარგავს, რეალურად ის არავის ეკუთვნის და შეიძლება მოტივაციაც ნაკლები ჰქონდეს, ბოლომდე ვერ დაიხარჯოს. ეს უფრო ძნელი გადასატანი ახალგაზრდებისთვისაა.

ხოლო როდესაც რომელიმე გუნდის სრულფასოვანი წევრი ხარ და მისი მაისურით თამაშობ, სულ სხვა გრძნობა გაქვს და ამას სხვაგვარი შემართებით აკეთებ. გარდა ამისა, თანამედროვე ფეხბურთში და პრემიერლიგაში ძალიან მაღალი მოთხოვნებია, გუნდი ორ-სამ მატჩს წააგებს და პრემიერლიგის მაძიებელთა რიგებიდან ჩამოწერენ ხოლმე, თან ყველა პრემიერლიგის მოგებაზე საუბრობს და მეტზე არაფერზე.

- თქვენ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თანამედროვე ეპოქაში და კარგი ინგლისის ნაკრები ააშენოთ?
- ფაქტი, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად ძალიან კარგია და სასურველია, რომ მათ ბევრი მატჩი ჩაატარონ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე და მნიშვნელოვან შეხვედრებში, რადგან საჭირო გამოცდილება სწორედ ასეთ დროს გროვდება.

ჩვენ კი ნაკრებში უნდა ვცადოთ, რომ ისინი უკეთესები გავხადოთ და ისე ვათამაშოთ, როგორც ეს ნაკრებს სჭირდება და როგორც ჩვენი სტანდარტი მოითხოვს. თუმცა რისკი ყოველთვის არის, რომ მათ სისტემატიური სათამაშო დრო არ ექნებათ და ეს ძალიან ცუდია. მსგავსი შემთხვევები ყოფილა ოქსლეიდ-ჩემბერლენის, დენი უელბეკის და არაერთი ფეხბურთელის შემთხვევაში.

ზოგჯერ მათ ადგილს უფრო გამოცდილი და ძვირადღირებული ფეხბურთელები იკავებენ. იგივე უილშირის შემთხვევაშიც. თუმცა ხსენებული ფეხბურთელები უკვე ისეთები არიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდნენ და ჩვენ მათ ნებისმიერ შემთხვევაში ვეყრდნობით. ის დრო, როდესაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელს შეეძლო შემადგენლობა ბოლომდე ძირითადი გუნდის და უცვლელად მოთამაშე ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინა დიდი ხანია წავიდა.

ეს რეალობაც უნდა მივიღოთ. ნაკრების ზოგიერთ წევრს შესაძლოა, სისტემატიურად თამაშის საშუალება არ აქვს, მაგრამ ყველა მათგანი სრული დატვირთვით და უმაღლეს დონეზე ვარჯიშობს, ისინი დიდ პასუხიმგებლობისთვისაც მზად არიან და როდესაც მოდიან, გვჯერა, რომ რასაც ვთხოვთ, იმის გასაკეთებლად მზად იქნებიან. იგივე უელბეკი ამას ბოლო 2 წლის განმავლობაში ამტკიცებს ანუ ის პერიოდი, როდესაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ძირითადი თავდამსხმელი არ გახლდათ.

- რა უნდა გააკეთოს და რომელი გამოწვევები უნდა დაძლიოს ინგლისმა, რომ გერმანიის დონეზე ავიდეს?
- პირველ რიგში უნდა გქონდეს მსგავსი ტემპი, მობილურობა და ათლეტიზმი, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ამ თვისებების გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. უფრო და უფრო რთული ხდება იყო უბრალოდ კარგი მცველი, ნახევარმცველი ან ნელი კარგი მეპასე, გამთამაშებელი. თუ მრავალმხრივი არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება და ჩვენ გვყავს ასეთი, მოდერნიზირებული ტიპის ფეხბურთელები, ამ გზას ვადგავართ.

პარალელურად, რასაკვირველია, როგორც გუნდი უნდა განვვითარდეთ და მაქსიმალურად შევთამაშდეთ. მთავარი განსხვავება ახლა ჩვენსა და გერმანელებს შორის სწორედ ესაა. მათ ბევრი რამ აქვთ ერთად გამოვლილი და გადალახული, უფრო გუნდური ნაკრებია და გადაწყვეტილებების მიღებაც უკეთ ეხერხებათ ამ გამოცდილების ხარჯზე. იციან, როდის გარისკონ, როდის დაიჭირონ ბურთი და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის მნიშვნელოვანი ფაქტორები.

ერთი ის, რომ გააჩნია მთლიანობაში რა ტიპის მოთამაშეები გყავს და რისი რესურსი გაქვს, იგივე სტილის და ტაქტიკის მხრივ. მეორე კი ის, რომ მესიჯები და მინიშნებები სწორად იყოს გაგებული და მიღებული.

ზოგჯერ შესაძლოა, ფეხბურთელისგან, რომელსაც ბევრად მეტი შეუძლია, რაღაც მცირე და კონკრეტული გჭირდებოდეს და მან უნდა გაიაზროს, რომ ეს საქმისთვისაა საჭირო და შეასრულოს დავალება. ზოგჯერ შეიძლება გამოცდილება დააკლდეს, ზოგჯერ ემოციამ იძალოს ან იმან იჩინოს თავი, რომ სისტემატიური თამაშის პრაქტიკა არ აქვს, ბევრი დეტალია.

- რამ მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო ჩემთვის სამხრეთ ამერიკული ნაკრებების ყურება და ბევრისთვის რთული წარმოსადგენი, რომ მაგალითად ბრიტანულ გუნდს შეეძლო იგივე სტილში თამაში.

უთხრა გუნდს, რომ აი, ჩვენ ახლა ასე უნდა ვითამაშოთ, რთულია. რადგან სამხრეთამერიკელები სხვაგვარი ტალანტით არიან დაჯილდოვებულნი, გასხვავებულ კლიმატში და გარემოში იზრდებიან, უფრო ფლექსიბელურები არიან და თავიანთი პლუსები და სტილი აქვთ.

თუმცა ახლა, როდესაც ვუყურებთ და ვხედავთ, რა კარგად და მსგავსად თამაშობს გერმანია, ჩვენ ვერაფერი გაგვაჩერებს და სხვა ევროპული ნაკრებებიც იტყვიან - ასე ჩვენც შეგვიძლია. უნდა ვცადოთ, რომ იგივე ტიპის ფეხბურთელები გავზარდოთ, მაგრამ სხვა საკითხია ასევე კარგები რამდენად გამოვლენ ისინი და ერთობლიობაში, გუნდიც ასევე კარგი რამდენად იქნება.

სერიოზული მუშაობა და მონდომებაა საჭირო, რადგან ვხედავთ, რომ სხვა გუნდებსაც უცდიან და ცდილობენ იგივე სტილში თამაშოს, მაგრამ გერმანელებივით კარგად ეს არ გამოუვიდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული