სანტი კასორლა: ლონდონის "არსენალში" ენობრივი დაჯგუფებებია

AutoSharing Option
სანტიაგო კასორლა გონსალესი ან უბრალოდ სანტი 13 დეკემბერს 30 წლის გახდა. ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ლონდონის "არსენალის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა და რჩება ესპანეთის ნაკრების წევრად.

"ვილიარეალის", "უელვასა" და "მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს "მეთოფეებზე", იმაზე თუ როგორ უნდა გახდე საუკეთესო ფეხბურთელი, ვინ მიაჩნია მას ამჟამად უძლიერესად და ასე შემდეგ...

- გილოცავ სანტი, 2014 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაგასახელეს.
- მადლობა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ორი მოთამაშე ყველაზე წინაა და პირველობისთვის ბრძოლა სწორედ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის
მიდის.

- მათ შორის რომელს აირჩევდით?
- ისინი ძალიან განსხვავებულნი არიან. ერთი ფიზიკურად სრულყოფილი, მძლავრი და მეორე სართულზე ბრწყინვალედ მოთამაშეა, ასევე ორივე ფეხი თანაბრად ძლიერი აქვს. მეორე კი უბრალო, წმინდა ტალანტია, ნორმალურზე მეტი, რეალობასაც კი სცდება. თუ მე უნდა ავირჩიო, ჩემთან უფრო ახლოს ლიონელ მესის სათამაშო სტილია, მაგრამ ორივენი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.

- კიდევ ერთი მსგავსი კითხვა - ნეიმარი თუ ბეილი?
- მე ვფიქრობ, რომ ნეიმარს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, თუ ნელ-ნელა პროგრესირებას გააგრძელებს და დღითიდღე მოუმატებს. მას აქვს პოტენციალი, რომ კრიშტიანოსა და მესის დონეზე ავიდეს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ასეა თუ ისე, ნეიმარი მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ წარმომიდგენია.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშო და საუკეთესო გახდე?
- პირველ რიგში ამბიცია. გარდა მონაცემებისა და ნიჭისა, შემართება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ისევ კრიშტიანო და მესი რომ ავიღოთ, ისინი ყოველწლიურად ცდილობენ წინა შედეგი გააუმჯობესონ და საუკეთესოობა შეძლონ, ეს ჟინი ფუნდამენტური რამ არის წარმატებისთვის.

- და რა გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყავით?
- მე გამიმართლა იმაში, რომ ბავშვობიდანვე ორივე ფეხით ვთამაშობდი, ასე თუ ისე თანაბარი წარმატებით. თუმცა ყველაფერი სერიოზული მუშაობის შედეგად მოვიდა. გარკვეული მონაცემები თავიდანვე მქონდა, მაგრამ შემდეგ ყოველწლურად ვცდილობდი გავძლიერებულიყავი და ყველა ასაკში, ყველა მწვრთნელის ხელში უფრო და უფრო ვუმატებდი. მაგალითად, ვმუშაობდი ჩემს მარცხენა ფეხზე და ახლა როგორც ჩემი სუსტი ასევე ძლიერი ფეხით კარგად ვთამაშობ.

- "არსენალის" შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?
- ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ ბოლო და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ალექსის სანჩესია, იგი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მე იგი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც "ბარსელონაში" იყო და მისი მოსვლა "არსენალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. მესუთ იოზილი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის ტალანტიც ყველასთვის ცნობილი და ნათელია, იგი მადრიდის "რეალშიც" ვნახეთ, ძალიან დახვეწილი მოთამაშეა. სხვა პოზიციებს თუ გადავხედავთ, ჩემთვის ლორან კოშელნი დიდი მცველია და ვფიქრობ, რომ მისი დარი მოთამაშე მსოფლიოში სულ რამდენიმეა. კიდევ ბევრს გამოვარჩევდი, მაგრამ ეს სამი კარგი მაგალითია.

- და რას იტყვით პრემიერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებზე?
- პირველ რიგში ედენ აზარს გამოვარჩევ. იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი. ვფიქრობ, თუ ის მოისურვებს და შეეცდება ნეიმართან, რონალდოსთან და მესისთან ახლოს მისვლას შეძლებს. თუ სტაბილურობას შეინარჩუნებს, პროგრესს გააგრძელებს და შემართული იქნება, მას ძალუძს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

- ხუთკაციან გუნდს რომ ქმნიდეთ, "არსენალის" მიღმა პრემიერლიგიდან რომელ მოთამაშეებს აირჩევდით?
- აზარს, დავიდ სილვას - ეს ფეხბურთელი მიყვარს, ავირჩევდი სერხიო აგუეროს - იგი განსხვავებულია. ჩემი გუნდი დაცვით ნაკლებად იქნებოდა დაკავებული (იცინის), ავირჩევდი უეინ რუნის - ის დიდი ფეხბურთელია და მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. მეხუთე ფეხბურთელი კი იქნებოდა... ჰმ, რთული სათქმელია, მაგრამ ნემანია მატიჩს ამოვირჩევდი. ეს ფეხბურთელი "ჩელსის" თამაშს აბალანსებს და ამ გუნდის ამჟამინდელ წარმატებებში დიდ როლს ასრულებს, იგი ძალიან მომწონს.

- რომელი მცველები არიან საუკეთესონი და ვისთან გაგჭირვებიათ ყველაზე მეტად თამაში?
- რასაკვირველია, კარგი მცველები ცოტანი არ არიან. მაგალითად, წინა სეზონში რთული იყო დავიდ ლუისის წინააღმდეგ. ტერი, კეჰილი, კომპანი... ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მცველები არიან, რომლებთანაც ყოველთვის ძნელია ჭიდილი.

- როდესაც საუბარი გამორჩეულ მოთამაშეებზეა, მეკარეებს იშვიათად ახსენებენ ხოლმე. რატომ ხდება ეს და შეიძლება თუ არა გოლკიპერი იყო "მინდვრის მოთამაშეზე" უფრო გამოსარჩევი?
- რთული თემაა. ფაქტია, მეკარეები უფრო ნაკლებად ფასდებიან, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. ფეხბურთელები, რომლებსაც გოლები გააქვთ და რომლებიც გოლებს ქმნიან უფრო თვალშისაცემნი არიან. როცა ფალკაოს ან აგუეროს გოლი გააქს ამას აჟიოტაჟი მოჰყვება, მაგრამ გოლკიპერის კარგ "სეივს" მსგავსი რეაქცია არ მოსდევს, უფრო გოლებს იმახსოვრებენ. ასე რომ, მეკარეებისთვის რთულია.

- შესაძლებელია, რომ მაგალითად მანუელ ნოიერი კრიშტიანო რონალდოზე წინ დააყენო?
- კარგი მეკარე შესაძლებელია სხვა ამპლუის კარგ მოთამაშეზე წინ დააყენო, მაგრამ არა რონალდოზე, რომელიც დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელია. თუმცა ნოიერი მსოფლიოს უძლიერეს გოლკიპერთა შორის არის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე იყო. ის იმსახურებს საუკეთესოთა სიაში ყოფნას, მაგრამ ძნელია პირველ ადგილზე და საუკეთესოდ მეკარე დაასახელო და არა "მინდვრის მოთამაშე".

- რთულია ცნობილი ფეხბურთელისთვის ლონდონის ქუჩებში გადაადგილება? ფანები მუდამ გაჩერებენ და გელაპარაკებიან?
- არა, არა! ესპანეთში გაცილებით უფრო ყურადღების ცენტრში ექცევი, ვიდრე ინგლისში. იქ, ვერ ვიტყოდი რომ გაწუხებენ, მაგრამ მუდამ კითხვებს გისვამენ, ფოტოებს იღებენ, ავტოგრაფებს გთხოვენ... აქ კი უფრო პატივისცემით გეკიდებიან. ინგლისში შეგიძლია ოჯახთან ერთად წახვიდე რესტორანში და მშვიდად ისადილო. როდესაც მორჩები, მერე შეიძლება ადამიანები გამოგეხმაურონ. ამას ძალიან ვაფასებ, რადგან შეგიძლია ოჯახთან ერთადაც კარგად და თავისუფლად გაატარო დრო.

- ლონდონის მეტროთი თუ გისარგებლიათ?
- დიახ, მაგრამ ხშირად არა. მაგალითად კალათბურთში "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ევროლიგაში გასამართი მატჩის სანახავად წავედი და ასევე ჩოგბურთის, კერძოდ დელ პოტროსა და ჯოკოვიჩის დაპირისპირების სანახავად. ეს საუკეთესო საშუალებაა საცობებისთვის თავის ასარიდებლად, თანაც სუპერსწრაფი ტრანსპორტია. არც არავინ გაწუხებს და ამოუცნობად შეგიძლია გადაადგილდე, კარგი იყო.

- ქუდი ან კაპიუშონი ხომ არ დაგჭირდათ?
- არა, არა. ჩვეულებრივად გადავვადგილდებოდი. ხალხი ვერ გცნობს, ხოლო თუ ვინმე გცნობს, არაფერს გეუბნება. ასე რომ, კომფორტული გარემოა.

- ვისთან მეგობრობთ ყველაზე მეტად "არსენალში"?
- ნორმალურია, როდესაც გუნდში საერთოს უფრო იმ მოთამაშეებთან გამონახავ, ვინც შენ ენაზე საუბრობს. მით უმეტეს, როდესაც ახალი ვიყავი ესპანურად მოლაპარაკე ფეხბურთელები მეხმარებოდნენ. დიდ დროს ვატარებ არტეტასთან, ნაჩო მონრეალთან, ახლა უკვე ალექსის სანჩესთან, ოსპინასთან და ხოელ კემპბელთან ერთად. ფრანგულად მოსაუბრე ფეხბურთელები უფრო ერთად არიან, ინგლისურად მოლაპარაკენი ერთად და ასე შემდეგ. თუმცა ყველა ერთადაც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ