ჰარი კეინს ინგლისის ნაკრებში ვიხილავთ. როი ჰოჯსონი მას ლიტვასთან და იტალიასთან გასამართი მატჩებისთვის გამოიძახებს. ეს 67 წლის სპეციალისტმა წინასწარ დაადასტურა.
21 წლის ფორვარდს ამ სეზონში 35 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი და მართლაც საუცხოოდ გამოიყურება. მან უკვე "ტოტენჰემის" გულშემატკივრების გულები მოიგო. კეინს ცოტ-ცოტა ყველაფერი აქვს - სისწრაფე, დარტყმა, პასი, ტექნიკა, დრიბლინგის უნარი, თავით თამაში; ჯარიმებსაც ასრულებს და თავდაჯერებულ-შემართულიც არის; რაც მთავარია, ქარიზმატულიც. იმავე აზრზეა "დეზების" ყოფილი ფეხბურთელი დენი მერფი:
"იგი ძალიან
"ყველაფერი, რასაც შეიძლება ცენტრფორვარდში ეძებდე, ამ ბიჭშია თავმოყრილი. ეკუთვნის თუ არა ამ წუთას ადგილი ნაკრებში? რა თქმა უნდა, ეკუთვნის" - განაცხადა ჰოჯსონმა.
ჩარლი ოსტინს რამდენიმე მატჩია აღარ გაუტანია, მაგრამ კეინის მსგავსად, პრემიერლიგაში 13 გოლი აქვს და საუკეთესო ადგილობრივი გოლეადორის სტატუსს იყოფს ჰარისთან. ვინ იცის, ისინი ასევე ერთად მოხვდნენ ნაკრების შემადგენლობაში და მხარდამხარ ითამაშონ.
ჰოჯსონს ძალინ მოსწონს საიდო ბერაჰინოც და როგორც ჩანს, ბურუნდული ფესვების მქონე ინგლისელს ისევ მისცემს შანსს. "ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას კი დააკავეს, მაგრამ ჰოჯსონი მის დასჯას არ აპირებს, საკითხი დახურულიაო, აღნიშნა და დაამატა, კეინი და საიდო ერთნაირად იმსახურებენ შანსსო.
არ დავჩაგროთ დენი ინგსიც, რომელსაც ასევე დიდი პროგრესი აქვს. "ბარნლის" 22 წლის ფორვარდმა ბოლო 7 მატჩში 5-ჯერ გაიტანა და რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიქცია. "ამ ბიჭზე დაკვირვება უნდა გავაგრძელოთ, ძალიან პერსპექტიულია" - ბრძანა ჰოჯსონმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინგსს ნაკრებში, ალბათ, არ დაუძახებენ, მაგრამ იგი ჩანიშნულია.
არ დაგვავავიწყდეს, რომ მისტერ როის ნაკრებში ადგილი დანიელ სტარიჯისთვის, დენი უელბეკისა და უეინ რუნისთვისაც მისაჩენი აქვს. ისე, ინგლისის ნაკრების კაპიტანი კლუბში კლასიკურ საყრდენ ნახევარმცველად აქციეს, მაგრამ ჰოჯსონი ამბობს, რომ მას ძველებურად თავდამსხმელად გამოიყენებს. რუნის ინგლისის ბოლო 6 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სულ კი 46 და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში სერ ბობი ჩარლტონამდე ოდენ 3 ბურთიღა აშორებს.
"არ მიმაჩნია, რომ უეინის ნახევარდაცვაში თამაშის საჭიროება გვაქვს და ამ პოზიციაზე იგი საუკეთესოდ გამოგვადგება. თუმცა მომავალში ვინ იცის? მე არასოდეს ვამბობ არასოდესს. იგი გოლეადორია და მეტოქის საჯარიმოს ახლოს ვართ მის ხილვას მიჩვეულნი.
საკვალიფიკაციო ეტაპებზე ის ჩვენი საუკეთესო მეგოლეა. სულ ცოტა აკლია იქამდე, რომ ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და ვიმედოვნებ, იგი გააგრძელებს კიდეც გატანას, - გვეუბნება ჰოჯსონი. - თუ ინგლისის ღირსებას იცავ, ორი ქუდის ტარებას მაინც უნდა იყო მიჩვეული. მზად უნდა იყო, რომ ერთი სახლში დატოვო და მეორე დაიხურო.
თუ ეს არ შეგიძლია, ჩემთვის და ჩემი აზრით, ნაკრებისთვის სასარგებლო ვერ იქნები. ასეა საქმე ინგლისის ნაკრებში, ხოლო ჩემი საქმე ახლა ის არის, რომ ინგლისს კარგად ჰქონდეს საქმე" - აი, ასეთი იგავ-არაკით დაასრულა ამ თემაზე საუბარი ჰოჯსონმა.
სხვა თემებს რაც შეეხება, ბერაჰინოსი არ იყოს, ინგლისელთა წინამძღოლი არც ჯეკ უილშირზე ჩანს გაბრაზებული. "არსენალის" ნახევარმცველი ღამის კლუბების ხშირი სტუმარია და ხან სიგარეტით ხელში უღებენ სურათს, ხან სიგარით, ხან ჩიბუხით, ხან ჩილიმით.
23 წლის ფეხბურთელი დაიცვა არსენ ვენგერმაც, იგი მწეველი არ არის და ძალიან წუხს იმის გამო, რაც მოხდა, მეტს აღარ იზამსო. უილშირს სანერვიულო პერიოდი ჰქონია და ცხოვრებისეულ პრობლემებს დაალაგებს და ყველაფერი კარგად იქნებაო, დაგვარწმუნა ფრანგმა. ჰოჯსონმა კი უილშირზე დასმულ შეკითხვას მშვიდად და აუღელვებლად უპასუხა, ამ თემაზე სასაუბროდ არა მგონია დრო მქონდეს, როდესაც მე ჯეკს ვხედავ ხოლმე, ჩვენ მატჩი გვაქვს მოსაგები და ამაზე ვლაპარაკობთო.
რასაკვირველია, არც "ლივერპულური დესანტი" დატოვა პრესამ უყურადღებოდ და ჰოჯსონს, პირველ რიგში, რაჰიმ სტერლინგზე ჰკითხა აზრი, რაზეც ასეთი პასუხი მოვისმინეთ - "სტერლინგი უფრო და უფრო ყალიბდება და სოლიდური ფეხბურთელი დგება". აი, 19 წლის ტალანტ ჯორდან აიბს კი კი ჯერ დაცდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ინგლისს 4-დან 4 მოგება აქვს და უახლოეს მდევრებს 6 ქულით უსწრებს. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ჰოჯსონის ბიჭებმა ორი ამხანაგურის გამართვა მოასწრეს და ის შეხვედრებიც მოიგეს, ანუ ზედიზედ 6 გამარჯვება, ბურთების სხვაობით - 15:2.
27 მარტს ინგლისი შესარჩევის მატჩში უმასპინძლებს ლიტვას, ხოლო 31 მარტს ამხანაგურად ესტუმრება იტალიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"