ინგლისის ახალი იმედი ჰარი კეინი

AutoSharing Option
ჰარი კეინმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და უკვე პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლეობაზე აქვს პრეტენზია. მან "ლესტერთან" შეხვედრაში (4:3) ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩის ბოლოს კი ბურთი ჩაიხუტა და სამახსოვროდ წაიღო.

კეინი 19 გოლით, დიეგო კოშტასთან ერთად, ლიდერობს ბომბარდირთა დავაში და სულ ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 29 ბურთი აქვს გატანილი, რაც ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფორვარდს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ახლა კი ყველა კეინის ნაკრებში ათამაშებას ელოდება. როი ჰოჯსონს იგი ლიტვასთან და იტალიასთან მატჩებისთვის ჰყავს გამოძახებული და დიდი შანსია, "დეზების" 21 წლის თავდამსხმელი ძირითად
შემადგენლობაში მოხვდეს.

"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ბოლოს მესამე გოლიც გავუშვით და უკანასკნელ წამამდე სანერვიულოდ გვქონდა საქმე. ვიცოდით, რომ "ლესტერი" კარგი გუნდია და ჩემი აზრით, ეს გუნდი მეტს იმსახურებს. მძიმე მატჩი გახლდათ, მაგრამ მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 3 ქულა გვესაჭიროებოდა "მანჩესტერთან" მარცხის მერე. კეინის ჰეთ-თრიკი კი ბრწყინვალე იყო. მახარებს მისი და გუნდის წარმატება.

თუმცა ახლა მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ და სამუშაოც საკმარისად გვაქვს, რაზეც 3 გაშვებული გოლიც მეტყველებს" - თქვა "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ.

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ცხადია, ბოლოადგილოსანთან მოგება მართებდა. ლონდონელებისთვის ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა - უგო ლორისი დაშავდა. პოჩეტინომ აღნიშნა, ფრანგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და დიაგნოზის მოლოდინში ვართ, იმედია, სერიოზული არაფერი იქნებაო.

"ლესტერზე" კი რა ვთქვათ, "მელიები" ურთულეს მდგომარეობაში არიან და მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი ჩანს.

ნაიჯელ პირსონი კი პოსტზე რჩება და ეს ბრაზიანი ადამიანი ხან ჟურნალისტებს ეჩხუბება, ხანაც მსაჯობითაა უკმაყოფილო, როგორც მაგალითად, ამ შემთხვევაში - დავიღალე, რომ არბიტრებს ზოგიერთი გუნდისადმი სიმპათიები აქვთ ხოლმე ან შეცდომებს უშვებენ და ჩვენ ვიჩაგრებით ხოლმეო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული