საქმე ის არის, რომ ჰოჯსონი "ფანბოტს" გაესაუბრა, ერთგვარ თოჯინას, რომელსაც ინგლისის ნაკრების მაისურა აცვია, ხოლო თავის ნაცვლად "ტაბლეტი" აქვს, რომლის ეკრანზეც სხვადასხვა გულშემატკივრის მიერ გამოგზავნილი კითხვები ჩნდება.
კითხვა-პასუხი მართლაც საინტერესო გამოდგა...
- რა არის საუკეთესო ხერხი ახალგაზრდა კაპიტნისთვის, რომ ფეხბურთელები გუნდურად შეკრას?
- არ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ კაპიტნის პასუხისმგებლობაა. მთელი გუნდის ერთად შეკრება
რასაკვირველია, კაპიტანსაც აქვს თავისი დიდი როლი. როდესაც თამაში იწყება, მწვრთნელი ნაკლებად თუ შეცვლის ამ კუთხით რამეს და სწორედ აქ ერთვება კაპიტანი, რომელიც ისედაც ბოლომდე საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რას აპირებს და აკეთებს ნაკრები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ენდობოდნენ კაპიტანს და გრძნობდნენ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლება.
როდესაც მათ რაიმე პრობლემა, ეჭვი და შიში ექნებათ, უნდა შეეძლოთ, რომ კაპიტანთან წავიდნენ და თუ კაპიტანს პასუხი არ ექნება, სწორ გზაზე მაინც უნდა დააყენოს ისინი. კაპიტანმა უნდა აჩვენოს ყველას, რომ ის მათზე ზრუნავს, ყველას დახმარებას ცდილობს და პასუხისმგებლობას გრძნობს. ზოგჯერ მას შესაძლოა, არასასიამოვნო რაღაცის კეთებაც მოუხდეს, მაგრამ ეს საჭიროა. ასეთია თამაშის წესები.
უწევს უფრო მეტი დროის გატარება პრესასთან, სხვადასხვა სარეკლამო რგოლში მონაწილეობა და ასე შემდეგ. კაპიტანმა თავის თავზე მეტი უნდა მიიღოს და სხვებს მაგალითი მისცეს. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე და მოსმენის უნარი გქონდეს, როდესაც კაპიტანი ხარ.
- წინა ნაკრებებიდან რომელიმე ფეხბურთელის ამ შემადგენლობაში ჩასმა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?
- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წახვალ წარსულში. ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გჭირდება კონკრეტულ მომენტში.
თუ ცენტრფორვარდზე ვისაუბრებთ, ალან შირერი უპირველესი არჩევანი იქნებოდა, თავისი გოლების გატანის დიდებული ალღოთი. ასევე, ბრაიან რობსონის დარი ბიჭი ფანტასტიკური კაპიტანი და ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალა იქნებოდა. ამ ორს შორის ავირჩევდი.
- ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- საბედნიეროდ, ბევრ ქვეყანაში მიმუშავია და ძალიან ბევრი მეტოქე მყოლია. ბევრი საინტერესო სპეციალისტის წინააღმდეგ მითამაშია ბოლო წლებში და ინგლისის მასშტაბით, მაგრამ საერთაშორისო დონეზე არიგო საკის დავასახელებ. ვიტყოდი, რომ მან იტალიურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა.
იგი ინგლისური ფეხბურთის დიდი ფანი გახლდათ და მისი იდეების დიდი ნაწილი სწორედ ინგლისური გუნდის თამაშის ყურებიდან წამოვიდა. ვისიამოვნე მასთან პაექრობით, როდესაც ის იტალიას ედგა სათავეში, მე კი - შვეიცარიას. მქონდა ბედნიერება, საკი გამეცნო და მისი ფილოსოფია და თეორიები გამეგო.
- რა არის ყველაზე უცნაური რამ, რაც მატჩის მსვლელობისას დაგმართნიათ?
- ეს მაშინ მოხდა, როდესაც ფინეთის ნაკრებს ვწვრთნიდი. ჰელსინკიში სერბეთთან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გვქონდა, რომელიც 5-6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჭოტი, რომელსაც სტადიონზე ჰქონია ბუდე, მინდვრის თავზე გამოჩნდა და გადაწყვიტა, რომ ხარიხაზე დაჯდომა კარგი იდეა იყო.
მართლაც საუცხოო სანახავი გახლდათ, რადგან ეს ფრინველები ძალიან დიდები არიან და ამ ინციდენტმა მატჩი კიდევ უფრო საინტერესო გახადა მაყურებლებისთვის. საბედნიეროდ, მოვიგეთ, ხოლო ჭოტი ამის შემდეგ ფინეთის ნაკრების სიმბოლოდ გადაიქცა.
- ფეხბურთის გარდა, რომელი სპორტსმენებით ხართ აღფრთოვანებული?
- რთულია პასუხის გაცემა, რადგან უამრავი დიდი სპორტსმენია. ალბათ, ჩოგბურთზე ვიტყვი, რადგან ეს გახლავთ სპორტის სახეობა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთის გარდა. ჩოგბურთში ორი გამორჩეული გმირი, რომლებმაც ბევრს მიაღწიეს და შთაბეჭდილება მოახდინეს, არის შვედი ბიორნ ბორგი და შემდეგ როჯერ ფედერერი.
- და ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
- ასეთი სამი მყავდა, სხვადასხვა ასაკში. პირველი "კრისტალ პალასის" ჯონი მაკნიკოლი გახლდათ. შემდეგ კიდევ ორნი იყვნენ - ჯონი ბირნი, რომელიც "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ჰემში" იყო და ჯორჯ ისტჰემი, როდესაც "არსენალში" გადავიდა.
- ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მოპარვა რომ შეგეძლოთ რომელიმე ნაკრებიდან, ვის დაიმატებდით?
- კარგი კითხვაა - დიდი არჩევანია... ლიონელ მესის დავიმატებდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"