როი ჰოჯსონი კეინს აუცილებლად გაიყვანს მინდორზე. ინგლისის ნაკრებს ლიტვასთან და იტალიასთან ელოდება მატჩები.
თავად კეინი სანაკრებო პაუზას შესანიშნავ ხასიათზე შეხვდა, მან "ლესტერთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
თუ რას ფიქრობს ინგლისის ახალი ვარსკვლავი და იმედი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, თავად გვეტყვის.
- როგორ შეაფასებთ
- დიახ, ჯერჯერობით კარგი სეზონი გამოდის. კლუბი მშვენივრად თამაშობს, ოთხეულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, გავედით ლიგის თასის ფინალშიც, სადაც სამწუხაროდ, დავმარცხდით.
თანაც, ეს ახალგაზრდული გუნდია, სადაც ახალი მწვრთნელი მოვიდა, ახალი ფილოსოფიით. ასე რომ, ყველაფრის კარგად გათავისებისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო. პირადად მე რაც შემეხება, თავდამსხმელისთვის ყოველთვის დამატებითად გამამხნევებელია გოლების გატანა. ეს თავდაჯერებას გმატებს და კიდევ უფრო მოტივირებული ხარ.
- თქვენ ბრწყინვალედ გამოიყურებით, იტანთ გოლებს, აქტიურობთ და გუნდს იყოლიებთ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ასეთი ენერგიულობა. მაურისიო პოჩეტინოს აქვს ვარჯიშის განსხვავებული სტილი თუ საიდან მოდის ეს ენერგია და ფიზიკური მზადყოფნა?
- ისინი, ვინც ჩემს თამაშს უყურებენ და აფასებენ, დაახლოებით იმავეს ამბობენ. ბევრი ამჩნევს, რომ ფიზიკურად კარგ კონდიციებში ვიმყოფები და სტაბილურად თამაშისთვის მზად ვარ. რასაკვირველია, ეს დიდწილად მწვრთნელის და მისი მეთოდების დამსახურებაა; წინა პერიოდისაც, როდესაც ასევე დიდი შემართებით ვვარჯიშობდი, მათ შორის, ზაფხულშიც.
- განათხოვრებული იყავით "ლეიტონში", "მილუოლში", "ნორვიჩში", "ლესტერში"... ამ პერიოდების დროს ხომ არ ფიქრობდით, რომ "ტოტენჰემში" თქვენი კარიერა არ აეწყო და არ აეწყობოდა?
- არა, ასე არ ვთვლიდი და პირიქით, კმაყოფილი ვარ, რომ სხვადასხვა გუნდსა და ლიგაში თამაშის გამოცდილება მივიღე. იგივე პირველი ლიგა ძალიან რთული და საინტერესო ტურნირია და "მილუოლში" მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, ასევე, სხვა გუნდებშიც.
თუმცა ყოველთვის ვგეგმავდი "ტოტენჰემში" დაბრუნებას, ეს ჩემი სურვილი და მიზანი იყო. ნახსენები პერიოდები კი მართლაც ძალიან დამეხმარა. მაგალითად, "ნორვიჩსა" და "ლესტერში" პრობლემური მონაკვეთები მქონდა: "ნორვიჩში" თავიდანვე ტრავმა მივიღე, ხოლო "ლესტერში" სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ ამანაც ძალიან იმოქმედა იმაზე, რომ მოვუმატე და პროგრესი მაქვს, რადგან სირთულეებმა მეტი მოტივაცია მომცა.
როდესაც გინდა თამაში, მიგაჩნია, რომ ამას იმსახურებ და თადარიგში ხვდები, მერე კიდევ უფრო დიდი შემართებით ვარჯიშობ, რომ შენი ადგილი მოიპოვო. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "ტოტენჰემში" დაბრუნება და ათამაშება ყოველთვის ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ და პირველი შანსი ტიმ შერვუდის დროს მომეცა, რის მერეც, ყველაფერი ნორმალურად წავიდა და მიზნის მიღწევაში იჯარის წესით გატარებული პერიოდებიც დამეხმარა.
- ფანებს უკვე თქვენზე სიმღერაც აქვთ დაწერილი. ისინი დიდი ხანი ითხოვდნენ თქვენ დაყენებას შემადგენლობაში. გულშემატკივრებს უყვარხართ...
- ეს ძალიან სასიამოვნოა. რასაკვირველია, მოგწონს, როდესაც შენ სახელს სკანდირებენ და მღერიან. როდესაც დამწყები ხარ, გესმის, როგორ უმღერიან სხვას და წარმოიდგენ, რომ ერთ დღეს მის ადგილას შენ იქნები. როდესაც ფანებთან კონტაქტს გრძნობ და მათგან სითბოს იღებ, ეს ბევრს ნიშნავს. ბუნებრივია, ფანებს უყვართ გუნდის აღზრდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იქ იწყებენ. თაუნსენდი, ბენთალები, მეისონი, როუზი...
- ეს, ალბათ, გეხმარებათ კიდეც, რადგან ბევრი ახალგაზრდა და ერთმანეთისთვის ნაცნობი მოთამაშე ერთად ხართ ძირითად გუნდში...
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ საკმაო ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, მეგობრები ვართ და უფრო გაგვიადვილდა. თუმცა მთლიანად გუნდს მაინც დასჭირდა გარკვეული პერიოდი შესათამაშებლად, ესეც ჩველებრივი მოვლენაა.
- ყველამ იცის, როგორ გიყვართ "ტოტენჰემი". "არსენალთან" შესრულებული დუბლი და გამარჯვება თქვენთვის განსაკუთრებული იყო, ეს შეხვედრა ყველაზე გამორჩეულად ახსენეთ. რას გრძნობდით, თუ გეძინათ იმ ღამეს?
- ძალიან გახარებული ვიყავი. თანაც, ეს ჩემი პირველი დერბი იყო. გოლების გატანაზე, მით უმეტეს, მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლზე და თანაც ასეთ მეტოქესთან, ყველა ოცნებობს. მე ვიცი, რას ნიშნავს "არსენალთან" დერბი ფანებისთვის, მთლიანად კლუბისთვის და თავადაც არ მაკლდა შემართება. იმედი მაქვს, მსგავსი დღეები და შეგრძნებები კიდევ ბევრჯერ გვექნება.
- თქვენ უკვე ალან შირერს გადარებენ, რაც დიდი კომპლიმენტია. თქვენთვის მისაბაძი ან თქვენი კუმირი თუ იყო იგი?
- რასაკვირველია. ბრწყინვალეა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს გადარებენ. ამდენივე გოლის გატანა ძალიან ძნელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმდენ გოლს გავიტან, რომ მის სიახლოვეს მაინც აღმოვჩნდე, ეს უკვე დიდი წარმატება იქნება. ასეთი შედარებებისთვის კი ყველას მადლობას ვუხდი, ეს ჩემზე უკეთაც კი მოქმედებს და მეტ თავდაჯერებას მაძლევს.
- დაბოლოს, შევა თუ არა "ტოტენჰემი" ამ სეზონში ოთხეულში? ეს ძალიან რთული იქნება...
- ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ყველას გვინდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სეზონი უკვე კარგი გამოგვდის და მატჩებიც ჯერ კიდევ საკმარისად დარჩა, ყველა მათგანის მოგება უნდა ვცადოთ. როგორც უკვე ვთქვი, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც გამოცდილებას სეზონის მსვლელობისას აგროვებს და ნელ-ნელა მოვუმატეთ. ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"