გაიყინა თუ არა სესკ ფაბრეგასი ერთ ადგილზე

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასმა მიმდინარე სეზონი საუცხოოდ დაიწყო და 15 საგოლე გადაცემა ძალიან მალე მოაგროვა, თუმცა შემდეგ ესპანელი ამ ნიშნულზე გაიყინა და დიდი პაუზის მერე, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საგოლე პასი დაამატა, მაგრამ თუ აქამდე თითქოს, დანამდვილებით ისე ჩანდა, რომ ერთ სეზონში საგოლე გადაცემების რაოდენობით ფაბრეგასი პრემიერლიგის ახალ რეკორდს დაამყარებდა, ახლა ამას ასე გადაჭრით ვეღარ ვიტყვით.

"ჩელსის" 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ფაბრეგასს კიდევ 5 პასი სჭირდება, რომ ტიერი ანრის მაჩვენებელი გააუმჯობესოს. ფრანგი 2002/03 წლების სეზონში "არსენალს" 20 საგოლე პასით შეეწია.

ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პრობლემა ფაბრეგასში სულაც არ არის: "ჩემთვის ფეხბურთი, უბრალოდ, მშრალი მათემატიკა არ არის. როდესაც წერენ, რომ სესკმა სათამაშო ფორმა დაკარგა, რადგან ბოლო დროს იმდენი საგოლე გადაცემა აღარ აქვს, ხომ არ ჯობია გავიფიქროთ და ვიკითხოთ - იქნებ საქმე ისაა, რომ გოლები იმ ფეხბურთელებს ვეღარ გააქვთ, ვისაც ის უკეთებს პასებს?

იგი ბრწყინვალედ გამოიყურება ჩვენს რიგებში და გუნდისთვის მის მნიშვნელობაში ეჭვი არც ერთი წამით არ შემპარვია. რაც შეეხება ნემანია მატიჩს, იგი დისკვალიფიცირებული იყო, რის მერეც ტრავმა მიიღო და დაბრუნდა, მაგრამ მას მერე ორი-სამი კვირაა გასული, ხოლო ბოლომდე რეაბილიტაცია და ფორმის აღდგენა დროს მოითხოვს. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გუნდისთვის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია.

აპრილში მნიშვნელოვანი ცვლილებების კეთების დრო არ არის, აპრილში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არსებული სტაბილურობა შეინარჩუნო. შესაბამისად, მე კვლავაც ვენდობი იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სეზონის სტარტზე დავეყრდენი, მათი მჯერა" - განაცხადა მოურინიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული