ვის უწოდა "არსენალის" ვარსკვლავმა ნეხვები

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ჯეკ უილშირს ურჩევს, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად გააკონტროლოს. უილშირი ვერაფრით "ვერ გაიზარდა" და "ჭირვეული ბიჭუნა" სულ ახალ-ახალ სკანდალებში ეხვევა.

მას ხან ნასვამს შენიშნავენ ღამის კლუბში, ხან სიგარეტს ეწევა, ხან სიგარას, ხან ჩილიმს... ამჯერად კი "ტოტენჰემის" შეურაცხმყოფელი სიმღერა წაიმღერა ფანებთან ერთად და "დეზებს" "ნეხვი" უწოდა.

ეს საზეიმო მარშისას მოხდა, რომელიც "არსენალს" ასოციაციის თასის ზედიზედ მეორედ მოგების გამო ჰქონდა. ინგლისის დედაქალაქში ძალიან ბევრი კარგი გუნდი ბინადრობს და მათ შორის დერბი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ "არსენალსა" და
"ტოტენჰემს" ერთმანეთთან განსაკუთრებული "სიყვარული" რომ აკავშირებთ, ეს ძალიან კარგად იცით.

უილშირმაც თავი ვერ შეიკავა და... სხვათა შორის, "მეთოფეებმა" ამის გამო თავიანთი ფეხბურთელი არ დასაჯეს. სამაგიეროდ, იგი ასოციაციამ დააჯარიმა და მკაცრი გაფრთხილებაც მისცა.

"უილშირის ქმედება არ არის ის საქციელი, რომელსაც ჩვენ მივესალმებით და ასე არავინ არ უნდა იქცეოდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანები ზოგჯერ აკეთებენ იმას, რაც არ უნდა გააკეთონ და მერე ნანობენ. შეშფოთებული ვარ, მაგრამ მირჩევნია, ამიერიდან მის დადებით მხარეებზე გავაკეთო აქცენტი და აჯობებს, კონცენტრაცია საფეხბურთო კუთხით მოვახდინო, დანარჩენს "არსენალსა" და ფეხბურთის ასოციაციას დავუტოვებ და მივანდობ.

ფაქტია, მან თავი უნდა გააკონტროლოს და ჩაიკლას იმის სურვილი, რომ ხანდახან არასწორი რაღაცები გააკეთოს. ასოციაციამ ის დასაჯა და ეს უნდა მიიღოს. ინციდენტი არანაირ გავლენას არ მოახდენს ნაკრებში მის პოზიციაზე და შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხზე" - თქვა ჰოჯსონმა.

უილშირი თავის თაობაში და პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ერთი, რომ "ჭირვეულის მორჯულებაა" საჭირო და მერე მეორე, 23 წლის ნახევარმცველს ტრავმები ზედმეტად ხშირად აწუხებს. მას სანაკრებო დებიუტი 2010 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა და ინგლისის მომავალ ლიდერთაგან ერთ-ერთად ითვლება.

"ჯეკი ენთუზიაზმით გაჟღენთილი, მშრომელი და შემართული ფეხბურთელია. მისი თავდაჯერებისა და ჟინის ხილვა ძალიან სასიამოვნოა და მასთან ერთად მუშაობაც სიამოვნებას განიჭებს. მას არ უმართლებდა, რადგან ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, დაბრუნდა და ვფიქრობ, ნელ-ნელა კიდევ უფრო მოუმატებს" - დასძინა ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული