"მანჩესტერ სიტი": ვიეირა პელეგრინის მერე?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ წინა სეზონში მისი გუნდის ერთ-ერთი პრობლემა, თუ უმთავრესი არა, მოტივაციის ნაკლებობა იყო. "იმედია, ბიჭებმა დაინახეს, რომ ასე არ შეიძლება", - განაცხადა მან. გამოცდილი სპეციალისტი ყველანაირად შეეცდება, თავისიანები დაგეშოს და ამბიციები გაუღვივოს.

მის პირად გეგმებს რაც შეეხება, 61 წლის პელეგრინიმ, რომელიც თავის სამშობლოში მიმდინარე კოპა ამერიკას ადევნებს თვალყურს, გაამხილა, რომ კარიერის დასრულებამდე ჩილეს ნაკრების გაწვრთნის დიდი სურვილი აქვს.

ამ ოცნების ახდენის იდეალური შანსი პელეგრინის, ალბათ, უახლოეს მომავალში ექნება, როდესაც "სიტიდან" წავა, სადაც თავად
იგი კიდევ 2-3 წელი მაინც აპირებს გაჩერებას. თუმცა ჩილეში ხორხე სამპაოლი, ჯერჯერობით, მშვენივრად მუშაობს.

***
თავი შეგვახსენა პატრიკ ვიეირამაც, რომელიც ხან საფეხბურთო ტელეშოუებშია, ხანაც პრესაში იმ კუთხით ხვდება, რომ სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ, მაგრამ ამ წუთისთვის, კვლავ "სიტის" სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობს. ფრანგი ახალგაზრდებთან მშვენივრად მუშაობს და მართლაც გამორჩეული ტალანტების შემჩნევა-გამოწრთობის უნარი აქვს.

ამიტომაც ოცნებობს, რომ "სიტის" ჩანაფიქრის განხორციელება გამოუვიდეს და რაჰიმ სტერლინგის ხელში ჩაგდება შეძლოს, მიიჩნევს რა, რომ 20 წლის ფლანგელი "ქალაქელებს" ძალიან გამოადგებოდათ. საკუთარ მომავალზე საუბარს კი თავს არიდებს.

მას "ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელობას სთავაზობდნენ, მაგრამ მხარეებს თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ და უბრალო ინტერესზე წინ საქმე აღარ წასულა. ალბათ, მომავალში ვიეირას მაინც ვიხილავთ "დიდთა გუნდის" თავკაცად და საინტერესოა, რა გამოუვა ფრანგს უკვე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული