კრისტიან ბენტეკე - ძლიერი, სწრაფი და განსხვავებული

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპულმა" კრისტიან ბენტეკე შეიძინა. ისეთი ცნობები ვრცელდებოდა და ისეთი კომენტარები კეთდებოდა, რომ ცხადი გახლდათ - ბელგიელის "ენფილდზე" გადაბარგება დროის ამბავი იყო და აი, ტრანსფერი ბოლოს და ბოლოს, გაოფიციალურდა.

მერსისაიდულ გუნდს რაჰიმ სტერლინგის გაყიდვის მერე 49 მილიონი გირვანქა შეემატა სატრანსფერო ბიუჯეტში. ისე ჩანს, თითქოს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებას უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე მერსისაიდელებისა და "ასტონ ვილას" გარიგებას, რადგან ბირმინგემელები თავიდანვე ბოლომდე ითხოვდნენ 24 წლის ბელგიელის გამოსასყიდ თანხას და "ლივერპულიც" თანახმა იყო 32,5 მილიონი გირვანქა გადაეხადა, რაც
გააკეთა კიდეც.

ბენტეკეს ხელფასის ოდენობაზე ჯერჯერობით, კონკრეტული და ოფიციალური ცნობა არ არის, კონტრაქტის ხანგრძლივობას, რაც შეეხება, "მრავალწლიანიაო".

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ლივერპულის" მოთამაშე გავხდი. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და მინდა, გუნდთან ერთად დიდ მიზნებს მივაღწიო და ოცნებები ავიხდინო. ჩემთვის ეს შესაფერისი გუნდია, რადგან კარგი გასაუბრება მქონდა მწვრთნელთან და მომინდა, ამ პროექტის წევრი ვიყო" - განაცხადა ბენტეკემ.

ბელგიელი ფორვარდი "ლივერპულის" მე-7 შენაძენია ამ ზაფხულს და, როგორც ამბობენ, ბრენდან როჯერსი კიდევ აპირებს ერთი-ორი მოთამაშის დამატებას. ამავდროულად, ბენტეკე "ლივერპულის" მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, მასზე მეტი, კერძოდ კი 35 მილიონი გირვანქა ენდი კეროლშია გადახდილი.

ბენტეკე პრემიერლიგაში 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც "ასტონ ვილამ" "გენკს" მასში 7 მილიონი გირვანქა გადაუხადა. კრისტიანმა ბირმინგემელთა მაისურით 101 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა. მაშინ "ვილას" მწვრთნელი პოლ ლამბერტი იყო. მისი მოსაზრებაც საინტერესოა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით:

"ის ბრწყინვალე ცხრა ნომერია. ბენტეკე მხოლოდ ჩაწოდებებზე არ არის დამოკიდებული და გოლების გატანა სხვადასხვა სიტუაციებიდან შეუძლია. ასეთი ფეხბურთელი კლუბისთვის ყოველთვის სასარგებლოა, ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან მიხარია მისი ტრანსფერი, მან ეს დაიმსახურა. თუ ბენტეკე ისე ითამაშებს, როგორც შეუძლია და, როგორც მგონია, იგი "ლივერპულისთვის" ძალიან დიდი ძალა იქნება. რაც მთავარია, მას საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და შემართულია" - აღნიშნა ლამპერტმა.

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი ჯონ ოლდრიჯი: "იგი რაღაც განსხვავებულს შემოგვთავაზებს, დიდ ზეწოლას შეტევაში. არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ ბენტეკე "ლივერპულის" სტილში არ ჯდება. სწორედ მან გამოაგდო "ლივერპული" ასოციაციის თასის ნახევარფინალიდან. იგი ძალიან სწრაფია, ძლიერი, აგრესიული...

ეს ყველაფერი ბოლო წლებში შეტევაში გვაკლდა. ამ ტრანსფერით ძალიან გახარებული ვარ და ვფიქრობ, მას ბევრის მიცემა შეუძლია გუნდისთვის. ახალი სეზონი წინ გაცილებით უფრო ოპტიმისტური განწყობა მაქვს, ვიდრე წინა ზაფხულს მქონდა. შეგახსენებთ რომ გასულ სეზონში თავდამსხმელებმა მხოლოდ 8 გოლი გაიტანეს. ახლა კი ეს მნიშვნელოვნად უნდა გამოსწორდეს".

წინა სეზონში მერსისაიდელთა თავდასხმა მართლაც უსუსური იყო. ლუის სუარესის წასვლამ და დანიელ სტარიჯის ტრავმიანობამ როჯერსს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ჩრდილოირლანდიელს არც ახალწვეულებმა გაუმართლეს - რიკი ლამბერტმა და მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგაში ჯამში 3 გოლი გაიტანეს. დაბრუნებული ფაბიო ბორინი ვერაფერს აკეთებდა და გუნდი, რომელიც 2014 წელს კინაღამ ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში ოთხეულშიც ვერ მოხვდა.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ აქცენტი შემტევებზე გაკეთდა, მაგრამ ახლა "ლივერპულის" შემადგენლობაში პირიქით, თავდამსხმელების ან შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელების რაოდენობის მხრივ გადატვირთვაა.

შეგახსენებთ, რომ ბენტეკემდე "ლივერპულმა" რობერტო ფირმინო შეიძინა, რომეშიც "ჰოფენჰაიმს" ბევრით ნაკლები არ გადაუხადა (29 მილიონი გირვანქა), "ლილიდან" დაბრუნდა იჯარით გაშვებული დივოკ ორიჯი, ამ წუთისთვის მაინც გუნდში რჩებიან ბალოტელი, ლამბერტი და ბორინი.

"ენფილდზე" "ბარნლიდან" გადმობარგდა დენი ინგსი. მწყობრშია დანიელ სტარიჯი... ამას ემატებიან ფილიპე კოუტინიო, ლაზარ მარკოვიჩი, ჯეიმს მილნერი... ერთი-ორი მოთამაშე შეიძლება წავიდეს კიდეც, მაგრმ ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენი დარჩება, რომ როჯერსს ამჯერად თავდამსხმელების სიმწირის პრობლემა ნამდვილად აღარ შეაწუხებს და კონკურენციაც დიდი იქნება.

უშუალოდ ბალოტელიზე როჯერსმა ცალკე ისაუბრა. ჭირვეულის მორჯულება არც ისე ადვილი ყოფილა და ეს მისტერ ბრენდანმა თავის თავზე გამოსცადა. მიუხედავად გარკვეული კონფლიქტური სიტუაციებისა და სუპერმარიოს გამოხტომებისა, როჯერსი ყოველთვის ერიდებოდა რადიკალურ ნაბიჯებსა და განცხადებებს. ის ახლაც თავშეკავებულად საუბრობს, მაგრამ არ მალავს, რომ, რა ბედი ეწევა ბალოს, წარმოდგენა არ აქვს. ამჟამად ბალოტელი გუნდთან ერთად აზიურ ტურნეში არ არის და განაცხადს მიღმა დარჩენილ მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშობს.

"სიმართლე ითქვას, არ ვიცი, რა მოხდება მარიოსთან დაკავშირებით. ის ტურნეში ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რომ ფორმაში იყოს. ვნახოთ, რა მოხდება როდესაც სეზონი დაიწყება" - განაცხადა "ენფილდელთა" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის მწვრთნელთან და ზოგიერთ თანაგუნდელთან ურთიერთობა განსაკუთრებით მას მერე დაეძაბა, რაც გაკაპიტნებულ ჯორდან ჰენდერსონს ევროპალიგაზე "ბეშიქთაშთან" შეხვედრისას ბურთი ხელიდან გამოგლიჯა, სხვა თანაგუნდელებიც ჩამოიშორა და პენალტი თავად დაარტყა.

"ლივერპულის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები
ფეხბურთელი / კლუბი / თანხა
1. ენდი კეროლი ნიუკასლიდან 35 მლნ. გირვ.
2. კრისტიან ბენტეკე ასტონ ვილადან 32,5
3. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმიდან 29,0
4. ადამ ლალანა საუთჰემპტონიდან 25,0
5. ლუის სუარესი აიაქსიდან 22,7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ