12:25 17-09-2015
"სიტი"-"იუვენტუსი". გამოხმაურება: უიღბლობა თუ...
AutoSharing Option
თუმცა დასაწყისი ისევ ძალიან ცუდია დიახ, "ქალაქელები" ტურნირის წინა სეზონის ფინალისტს ხვდებოდნენ და ადვილი, როგორ იქნებოდა, მაგრამ ალბათ ისიც იცით, რამდენი ცვლილება მოხდა "იუვენტუსში" და, როგორ ცუდად დაიწყეს ტურინელებმა, "ბებერი ქალბატონის" რიგებში ერთგვარი რეორგანიზაციაა.
"სიტის" მთავარი პრობლემა კი, ალბათ, ისევ ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რაზეც ისიც მეტყველეს, რომ მანჩესტერელთა ფეხბურთელებს ბოლო მომენტში ნერვიულობა ეტყობოდათ, რაც ცივსისხლიან თამაშში უშლიდათ ხელს.
სერხიო აგუერო, რომელიც "კრისტალ პალასთან" დაშავდა, წესით, განაცხადში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩილელმა სპეციალისტმა ის მინდორზე მაშინ გამოუშვა, როდესაც "იუვე" დაწინაურდა... აი, ამდენს ფიქრობდა პელეგრინი და ასე უფრთხოდა თავის მეტოქეს. სიფრთხილე კარგია, მაგრამ ზედმეტი - არა.
სწორედ ამ ზედმეტი სიფრთხილის გამო, "სიტი" შებოჭილია და საბოლოოდ, მატჩი სტუმრებისთვის სასურველი სცენარით, რიტმითა და სტილით წარიმართა. ამას ჯანლუიჯი ბუფონის ფაქტორი და მასპინძელთა რამდენიმე უზუსტობა დაემატა. მეორე ტაიმში კი მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკურადაც დაჯაბნა პელეგრინი, რომელიც უიღბლობაზე წუწუნებდა.
"უცნაური თამაში იყო. არ მიმაჩნია, რომ წაგებას ვიმსახურებდით, რადგან "იუვენტუსზე" უკეთ ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, აქედან 3 აშკარა საგოლე. ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმე ბრწყინვალე "სეივი" გააკეთა. თანაც რამდენჯერმე არ გაგვიმართლა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როდესაც პირველი გოლი გავუშვით. მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ საკუთარი შანსები უნდა გამოიყენო. თითოეულ მომენტზე და დეტალზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, განსაკუთრებით ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც "იუვენტუსია".
შესაძლოა, ტურინელებს ბევრი არ შეუქმნიათ, მაგრამ თავისი მომენტები გამოიყენეს. ვენსან კომპანის შეცვლას, რაც შეეხება, ეს ტრავმით იყო გამოწვეული. არც ის მგონია, რომ მატჩის შედეგზე ერთი ფეხბურთელი ახდენდეს გადამწყვეტ გავლენას. სერხიო აგუერო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ისედაც "იუვეზე" უკეთ ვთამაშობდით.
წინა ორ სეზონშიც წაგებით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ. სეზონი ახლა ხურდება. ცხადია, წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მით უმეტეს, საკუთარ კედლებში და ასეთ პრინციპულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვა ცუდია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ" - თქვა ჩილელმა.
მასიმილიანო ალეგრი: "ფეხბურთელებს ქება ეკუთვნით, ადვილი მატჩი არ იყო, მაგრამ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გვექნა. პირველ ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა, მაგრამ გოლი არ გაგვიშვია, რადგან ბუფონი საუცხოო იყო. მეორე ნახევარში კი ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით შეტევაში. ეს შედეგი ჩემმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. შეიძლებოდა მეორე გოლი გაგვეშვა, მაგრამ ჯიჯიმ გვიხსნა, მერე კი გავიტანეთ.
სერია A და ჩემპიონთა ლიგა ძალიან განსხვავებული სპეციფიკის ტურნირებია და კარგია, რომ ლიგა დაიწყო, ამან დროულად მოგვისწრო. ეს გამარჯვება დამატებით მოტივაციას მოგვცემს და საშინაო არენაზეც დაგვეხმარება სიტუაციის გამოსასწორებლად. ფსიქოლოგიური კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება იყო. შეტევაში აქტიურობა კარგია, მაგრამ დაცვაში დაბალანსებულად და საიმედოდ თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ახალი გუნდია, ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა ვივარჯიშეთ ერთად და ეს პირველი მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ბიჭებმა მშვენივრად ჩაატარეს. დაცვაში დისციპლინა შეინიშნებოდა და თავდასხმაშიც საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბუფონს, რომელმაც ექსტრაორდინალური მატჩი ჩაატარა. ახლა თავდაჯერება შეგვემატება და შევეცდებით კვირას სერია A-ში პირველი 3 ქულა მოვიპოვოთ".
ყველა გაკვირვებული დარჩა, როდესაც პელეგრინიმ კომპანი შეცვალა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ბელგიელის გაყვანა ტრავმით აიხსნა და "სიტისთვის" კარგი ამბავია ის, რომ სერიოზული ეს დაზიანება არ აღმოჩნდა, "ქალაქელებს" თავიანთი კაპიტანი წესით, უკვე შემდეგ შეხვედრაში უნდა დაეხმაროთ.
"არაფერი სერიოზული, ვიცნობ ჩემ სხეულს და დარწმუნებული ვარ, მიკრო-ტრავმაა. ექიმებიც ასე ფიქრობენ. ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები გახლავართ, მაგრამ გუნდში პანიკა არ არის, ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და უკვე მომავალი მატჩისთვის ვემზადებით. ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და არ გაგვიმართლა. ყელაფერი წინ არის" - აღნიშნა 29 წლის კომპანიმ.
"ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ და კიდევ უფრო დავიხვეწებით. გუნდში სიტუაცია დალაგდება და დაბალანსდება. ეს ახალი "იუვეს" დასაწყისია" - განაცხადა ალვარო მორატამ, რომელიც ისევ იტანს მნიშვნელოვან გოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული