და მაინც, რუნი - პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

AutoSharing Option
ინგლისურ პრემიერლიგაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, თუმცა მათ შორისაც არიან გამორჩეულები. დღევანდელი ჩვენი წერილი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს ეხებათ.

ჯონ ტერი, ჩელსი
ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და დამსახურებული ვეტერანი კვირაში 160 ათას გირვანქას იღებს. ჯონი დამწუხრებული უნდა იყოს იმის გამო, რომ ის ბოლო დროს მაინცდამაინც ხშირად ვეღარ ხვდება "არისტოკრატთა" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა თავად ფეხბურთელი და ჟოზე მოურინიო კონფლიქტის არსებობას უარყოფენ.

კევინ დე ბრუინი, მანჩესტერ სიტი
"სიტის" მთავარი შენაძენი კვირაში 170 ათას გირვანქას იღებს. "ვოლფსბურგიდან" გადმობირებული ბელგიელი კარგად გამოიყურება. არადა,
ქალაქელებს ჩავარდნა დაეწყოთ. დე ბრუინმა უკვე მოასწრო ახალ გუნდში თავის გამოჩენა. "ჩელსიში", ალბათ, ნანობენ, კევინი თავის დროზე რომ ვერ დააფასეს.

სესკ ფაბრეგასი, ჩელსი
170 ათასი გირვანქა - სწორედ ამდენს იღებს ლონდონური კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი. სესკისაგან ყველა ბევრს მოითხოვს და ეს ბუნებრივიცაა. ის ჯერ ვერ არის ისეთი, როგორიც "არსენალში" იყო. ბევრი მიიჩნევს, რომ ფაბრეგასი ზედმეტად უკნიდან თამაშობს. ჟოზე მოურინიო ესპანელს მაინც ბოლომდე ენდობა.

რაჰიმ სტერლინგი, სიტი
ინგლისური ფეხბურთის იმედი კვირაში 180 ათას გირვანქას გამოიმუშავებს. იამაიკური ფესვების მქონე ახალგაზრდა ჯერ ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორიც "ლივერპულში" იყო, თუმცა ნელ-ნელა ასრულებს ადაპტაციას ახალ კლუბთან. მისგან მომავალში სასწაულებს ელიან როგორც კლუბში, ისე ინგლისის ნაკრებში.

მესუთ იოზილი, არსენალი
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის 190 ათასი გირვანქა, რომელსაც გერმანელი ვარსკვლავი იღებს, ზედმეტად გაბერილია. სეზონის წინ არსენ ვენგერმა თქვა, რომ ეს სეზონი იოზილისა იქნებოდა, თუმცა ჯერ საქმეს ასეთი პირი არ უჩანს. მესუთი ძველებურად ირჯება - მის გარჯას ნაპერწკალი აკლია.

დავიდ სილვა, მანჩესტერ სიტი
ესპანელი ვარსკვლავი კვირაში 200 ათას გირვანქას იღებს. სასურველი იქნებოდა, სილვას მეტი სტაბილურობა ჰქონოდა. ის რამდნიმე მატჩს ჩაატარებს დიდებულად, მერე კი საშუალო ფეხბურთელად გადაიქცევა. სილვასათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე სეზონი. ინგლისური გრანდის შემადგენლობაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ედენ აზარი, ჩელსი
ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. აზარის ანაზღაურება კვირაში 220 ათასი გირვანქაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ფეხბურთში სულ მალე მისი ეპოქა უნდა დადგეს. ეგაა, "ჩელსისა" არ იყოს, მიმდინარე სეზონი კარგად ვერც აზარმა დაიწყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ "არისტოკრატთა" არადამაჯერებელი გარჯის ერთ-ერთი მიზეზი აზარის ცუდი ფორმაცაა.

იაია ტურე, მანჩესტერ სიტი
კოტდივუარელი ვარსკვლავის სალარო კვირაში 240 ათასი გირვანქით ივსება. ტურეს გარეშე "სიტის" წარმოდგენა შეუძლებელია. ზაფხულში კინაღამ გადავიდა განახლების გზაზე მყოფ "ინტერში", თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ცდუნებას გაუძლო. "სიტის" გულშემატკივრების რჩეულია.

სერხიო აგუერო, მანჩესტერ სიტი
ტურეს იდენტური ანაზღაურება აქვს. თუ ფორმაშია, მისი შემჩერებელი ინგლისის ჩემპიონატში ძნელად თუ მოიძებნება. ახლა მაინცდამაინც კარგი პერიოდი არ უდგას. ტრავმა ჰქონდა, ფორმიდან ამოვარდა და, თითქოს, გოლების გატანას გადაეჩვია. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, კვლავ "სიტის" ერთგულობს.

უეინ რუნი, მანჩესტერი
ინგლისური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის კვირაში 260 ათას გირვანქას იღებს. რუნის უთამაშია თავდასხმისა და ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე.

...ინგლისში ხელფასების თემას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. მიიჩნევენ, რომ ხშირად ირღვევა ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპები და ამაში მთავარი დამნაშავე არაბების მიერ მილიონებით გაფოფინებული "სიტია", თუმცა ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რუნის დონეს ვინც ეჭვქვეშ აყენებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც პრემიერლიგას უყურებთ
giabar
15:32 29-09-2015
0
არც იოზილის...
fraternity
12:55 29-09-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული