რომელუ ლუკაკუ დიდიე დროგბას გზაზე

AutoSharing Option
"ევერტონის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ თავისი კუმირის, დიდიე დროგბას გზაზე დგას. დროგბამ უკვე დაიგდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სახელი და ახლა კონგოური წარმოშობის ბელგიელიც ამავე გზაზე დგას.
გასული ორშაბათი ლუკაკუს არასოდეს დაავიწყდება.

"კრისტალ პალასთან" მატჩი მისთვის განსაკუთრებული იყო. ბელგიელმა "ევერტონის" შემადგენლობაში მეასე თამაში ჩაატარა და 50-ე გოლი შეაგდო. ვერაფერს იტყვი - შედეგი შესანიშნავია. მით უმეტეს, მაშინ, როცა პირველი სიდიდის გრანდში არ თამაშობ.

რომელუ ახლა დიდებულ ფორმაშია. მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლის მოხმობაც კი საკმარისია ამის დამადასტურებლად. ლუკაკუმ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა. ჯეიმი
ვარდიმდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ციფრი, თავისთავად, საყურადღებოა.

"კრისტალ პალასის" მენეჯერი ალან პარდიუ ჭკვიანი კაცია. მან იცის, სად რა თქვას. პარდიუმ ლუკაკუ დიდიე დროგბას შეადარა. პარდიუს ფეხბურთელის ცნობა არ ეშლება. პარდიუმ მაგარი ფეხბურთელის ფასი იცის.

ამ სეზონში დადგმული დაუვიწყარი საფეხბურთო წარმოდგენებით ლუკაკუმ ნათლად აჩვენა "ჩელსის", რომ "არისტოკრატები" შეცდნენ, როცა 2014 წელს 28 მილიონ გირვანქად მიჰყიდეს ლუკაკუ "ევერტონს".

ფაქტია - შესანიშნავ ფორმაში მყოფი შემტევი ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანდა "ჩელსის", რომელიც საშინლად გამოიყურება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლონდონელებს ახლა ხეირიანი თავდამსხმელი არ ჰყავთ.

დიეგო კოშტა გოლების გატანის გარდა ყველაფერს აკეთებს. ლოიკ რემი და რაფაელ ფალკაო "ჩელსიში" უბრალო სტატისტები არიან. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟოზე მოურინიო საძულველ "ბარსელონას" ბაძავს და გუნდს გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშებს.

როცა რომელუ ლუკაკუ "ჩელსიში" მივიდა, დიდე დროგბამ მაშინვე "შეფობა" აიღო მასზე. ახალგაზრდა თანაგუნდელსა და მეტოქეს მოწყალე თვალით შეხედა. ლუკაკუს დღემდე ახსოვს ის დარიგებები, რომლებიც მან ლონდონელთა გასახდელში კოტდივუარელი ფორვარდისგან მიიღო.

ლუკაკუ ამბობს, რომ დიდიე დროგბა მისი კერპია, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი სათამაშო სტილი დროგბასგან კოპირებული არ არის. მოვუსმინოთ ჩვენი წერილის მთავარ გმირს.

"რა თქმა უნდა, დიდიე დროგბას უდიდეს პატივს ვცემ. დროგბა ჩემი კერპია, ამას პირდაპირ ვაცხადებ. ეს ასეა, მაგრამ მე ვარ რომელუ ლუკაკუ, მე ვარ ჩემი ოჯახის სიამაყე და მე მინდა, რომ ხალხმა ისე დამიმახსოვროს, როგორც რომელუ ლუკაკუ", - აცხადებს ბელგიელი შემტევი.

ლუკაკუმ დროგბას უდიდესი ფორვარდი უწოდა. მისი თქმით, სიამოვნებს, როცა კოტდივუარელ შემტევს ადარებენ, თუმცა...

"დროგბასთან შედარება ვის არ სიამოვნებს?! დიდიე ხომ უდიდესი ფორვარდია. ამის მიუხედავად, მე მივიჩნევ, რომ მის თამაშსა და ჩემს თამაშს შორის არის სხვაობა და ჩვენ მთელ რიგ ეპიზოდებში სხვადასხვანაირ ფეხბურთს ვთამაშობთ", - ეს ლუკაკუს სიტყვებია.

ლუკაკუმ თქვა ისიც, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, მას არსად ეჩქარება და ის თანდათან აუმჯობესებს თამაშს.

"მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათანობით ჩემი პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. სიმართლე გითხრათ, მე არსად მეჩქარება და ჩემს გზას გეგმაზომიერად მივყვები", - მიიჩნევს რომელუ.

ლუკაკუმ თქვა, რომ როცა ის პირველად მივიდა "ჩელსიში", დიდიე მას გასახდელშიც და მინდორზეც არ აკლებდა ფასეულ რჩევებს. რომელუ მიიჩნევს, რომ აფრიკელი ლეგენდა დიდებული ადამიანია.

"დროგბა ლეგენდაა და ამავე დროს, ძალიან გულისხმიერი ადამიანია. "ჩელსის" გასახდელში თუ მინდორზე მან არაერთი რჩევა მომცა, რომელიც დღესაც მადგება.

სიმართლე გითხრათ, დღესაც ბევრს ვესაუბრები დიდიეს ტელეფონით და ის რჩევებს არ მაკლებს, თუმცა ჩემი თავი, ჩემი კარიერა მე უნდა შევქმნა და ამას ჩემ მაგიერ სხვა ვერ გააკეთებს", - ლუკაკუ, ვინც 22 წლისაა, ჯანსაღად აზროვნებს.

ცნობილია, რომ დროგბა ლუკაკუს ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია. 2014 წლის მარტში ლუკაკუს მიმართ დროგბამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მან თქვა, რომ რომელუსაგან "დიდ ამბებს" ელის.

კომპლიმენტი კოტდივუარელი ლეგენდის მიმართ არც ახალგაზრდა ბელგიელს დაუშურებია. მან თქვა, რომ დროგბა გუნდისათვის განსაკუთრებით სასარგებლო ფეხბურთელია.

"ის ყოველთვის მაშინ აჩენდა თავის უდიდეს ნიჭს, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს. მე ზემოთ გითხარით, რომ დროგბას ხშირად ვურეკავ. მე მას ტექსტურ შეტყობინებებსაც ვწერ.

არ არსებობს, რასაც უნდა აკეთებდეს და სადაც უნდა იყოს, მან ჩემს ზარსა და მესიჯს არ უპასუხოს. ამით ის მე მაგალითს მაძლევს. თუ მოვა დრო და მე ვიქნები ვინმესათვის მაგალითი, მეც ასე მოვიქცევი", - ასრულებს ლუკაკუ.

"დიდი ამბების" დრო კი დგება. არ არსებობს, ალან პარდიუ და დიდიე დროგბა შეცდნენ. რომელუ ლუკაკუ მართლა ძალიან მაგარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკაკუ კარგი ფორვარდია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული