"რასაკვირველია, ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს, წავაგეთ და ეს ქულა მარცხის ტოლფასივითაა, რადგან თამაში რეალურად მოგებული გვქონდა. 3 გოლის გატანა მოვახერხეთ და კიდევ ერთი ამდენის გატანა მაინც შეგვეძლო. ბიჭებსაც ეს ვუთხარი, რომ 3 ქულა მოვისროლეთ.
გარდა ამისა, იყო მსაჯის შეცდომაც, რასაც ვერაფერს მოუხერხებ, ჩვენს კარში არარსებული პენალტი დაინიშნა" - თქვა ვან გაალმა.
"ხალხი ამბობდა, რომ "მანჩესტერის" მატჩები მოსაწყენია, ხოლო ჩვენ მებრძოლი სული გვაკლია. ეგონათ, რომ მატჩი 0:0 მორჩებოდა, მაგრამ მივიღეთ კლასიკური დაპირისპირება, სანახაობრივი და ექვსგოლიანი. ისეთი თამაში გამოვიდა, მწვრთნელებს გულის შეტევის რისკი რომ ეზრდებათ" - განაცხადა "კაჭკაჭების" თავკაცმა სტივ მაკლარენმა.
უეინ რუნი: "როდესაც 2:0-ს იგებ, იმ შეხვედრაში ქულები აღარ უნდა დაკარგო. ინტრიგა უნდა მოკლა, მაგრამ საკუთარი შანსები ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ შეცდომებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვინდა და ვცდილობთ სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ".
რუნიმ დუბლი შეასრულა. შესაბამისად, "მანჩესტერის" მაისურით პრემერლიგაში 175 გოლი დაუგროვდა და ამით ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა. ერთი კლუბის რიგებში ამაზე მეტი არავის გაუტანია.
"ბევრად უკეთესი იყო. "მანჩესტერმა" ბოლოს და ბოლოს, გუნდურად ითამაშა და სასიამოვნო ფეხბურთი შემოგვთავაზა. მართალია, ვერ მოიგეს, მაგრამ, წესით, უნდა მოეგოთ. "მანჩესტერისგან" ყოველთვის პოზიტიურ და კარგ თამაშს ველოდები, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო შეხვედრა. ზოგჯერ სტუმრად თამაში უფრო ადვილია, ვიდრე შინ. ახლა გუნდმა ასეთივე თამაში "ოლდ ტრაფორდზე" უნდა აჩვენოს ხოლმე" - აღნიშნა "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო ექსპერტმა პოლ სქოულზმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"