მკვდრეთით აღმდგარი რეკორდსმენი - რუნიმ ტიერი ანრი ჩამოიტოვა

AutoSharing Option
ინგლისში უკვე ხუმრობენ, უეინ რუნი მკვდრეთით აღდგაო და ამ ხუმრობაში სიმართლის მოზრდილი მარცვალი არის. რუნი ბოლო დროს საკუთარი თავის აჩრდილიღა იყო და მინდორზე მხოლოდ მოვალეობის გრძნობის გამო გადიოდა - ასე ჩანდა შორიდან.

ინგლისელთა ჯილა ყველამ გამოიტირა, ცალკე ცუდი სათამაშო ფორმის, ცალკე ასაკისა და ცალკე "მანჩესტერის" საშინელი თამაშის გამო. და რუნი მოულოდნელად აფეთქდა. ის აფეთქდა მაშინ, როცა ამას საერთოდ არავინ ელოდა.

აფეთქდა საშობაო სიგიჟეების შემდეგ, როცა ყველა გამოფიტული და უფანტაზიოა პრემიერლიგაში. იქნებ ეს შეგნებულად დადგმული წარმოდგენაა? იქნებ რუნი თავის დროსა და
შანსს ელოდებოდა? იქნებ მან შეგნებულად გათვალა ყველაფერი, რათა სწორედ ასეთი სცენარით განვითარებულიყო მოვლენები, როგორითაც ვითარდება?

ყოველ შემთხვევაში, ჩვენს გმირს ვეღარ ვცნობთ. უეინმა ჯერ "ნიუკასლის" კარი ამოავსო, მერე კი "ლივერპულს" გამარჯვების გოლი გაუტანა. ეს რუნის დღეებია პრემიერლიგაში. მერე რა, რომ საშინელი "იუნაიტედი" უეინის გარჯას ადგილ-ადგილ წყალში ყრის ხოლმე.

ასე იყო "ნიუკასლთან" შეხვედრაში. ის მატჩი "მანჩესტერს" აუცილებლად უნდა მოეგო. იმ შეხვედრაში რუნიმ დიდებულად ითამაშა, მაგრამ არაერთხელ დაწინაურებული "იუნაიტედი", ტრადიციულად, მოდუნდა, უდარდელობის მანტიაში გაეხვია და შესაბამისი შედეგიც მიიღო.

საერთოდ, "იუნაიტედი" სულ სხვა თემაა. როგორც წესი, დიდი მწვრთნელების ეპოქების დასასრული ყოველთვის მძიმე გამოდის ხოლმე, მაგრამ ამას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. წავიდა სერ ალექსი და, თითქოს, ოლდტრაფორდული თრილერიც მორჩა. ის, რისთვისაც "მანჩესტერი" მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარდა, აღარ არის - ლაღი, შემტევი, გოლუხვი ფეხბურთი...

"ლივერპულთან" მატჩი ავიღოთ - "იუნაიტედმა" ერთხელ დაარტყა კარში და მატჩი მოიგო. რა თქმა უნდა, როცა "ენფილდზე" თვით "ლივერპულს" ამარცხებ, იმ სამ ქულას, დიდი ალბათობით, კბილი არ გაესინჯება, მაგრამ საქმე როცა "მანჩესტერს" ეხება, თამასა ყოველთვის ძალიან მაღლაა აწეული.

რუნი კი მართლაც მაგრად გრძნობს თავს "ლივერპულთან" გატანილი გოლით. მან პრემიერლიგის ერთი რეკორდი დაამხო. საქმე ეხება ერთი კონკრეტული გუნდის მაისურით გატანილ გოლებს. აქამდე ეს რეკორდი ლონდონის "არსენალის" ლეგენდას, ტიერი ანრის ეკუთვნოდა.

რაც მთავარია, უეინი ამაზე გამჩერებელ კაცს არ ჰგავს. მას "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ეს სუნთქვა იმის წინაპირობაა, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.

რუნის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. სხვა დროს და სხვა მწვრთნელის ხელში უეინს იქნებ უფრო ადრეც გამოეღვიძა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ადრე გამოღვიძება შემთხვევით როდი ვახსენეთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა "იუნაიტედი" ისევ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში პრემიერლიგის ლიდერებთან ჩამორჩენა შედარებით ნაკლები იქნებოდა, თუმცა უსაშველო იგი არც ახლაა.

თავად რუნიმ კი შემდეგი თქვა დავიწყებული გოლაობის შემდეგ: "ჩეთვის ყოველთვის წინა პლანზე დგას გუნდური წარმატება და არა ინდივიდუალური სტატისტიკა. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. "ენფილდზე" განსაკუთრებული საღამო იყო".

უეინმა მოზომილი კომენტარი გააკეთა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მას "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი განსაკუთრებულად გაუხარდა. საქმე ისაა, რომ უეინი ოდინდელი ევერტონელია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორი დამოკიდებულებაა ამ ორ გუნდს შორის. თავად რუნისაც არასოდეს დაუმალავს, რომ "ლივერპულს" ვერ იტანს და იქნებ ეს აგრესია მომდევნო კომენტარებისთვისაც შემოინახოს.

სხვა საქმეა, რომ "ლივერპულის" დამარცხება, დიდი ალბათობით, მაინც ეპიზოდური მოვლენა იყო "მანჩესტერის" ყოველდღიურ, არცთუ კარგ ყოფაში. ლუი ვან გაალმა შეგირდები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტა. იურგენ კლოპმა შეგირდებს ფეხბურთი ათამაშა.

გამუდმებული პრესინგისა და მოძრაობისგან "ლივერპული" დაიღალა. "იუნაიტედის" კონტრშეტევა და გოლი. თამაში მორჩა. ვან გაალმა მოიგო და თითქოს, ის ხელშეუხებელია, მაგრამ ჰოლანდიელი აუცილებლად უნდა "გასამართლდეს", თუნდაც "იუნაიტედის" უკეთესი მომავლისათვის.

ჩვენ არ გვინდა "მანჩესტერი", რომელიც მხოლოდ ერთხელ გადადის მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩვენ არ გვინდა "მანჩესტერი", რომელიც მეტოქის კარში ერთადერთხელ ურტყამს. საერთოდ, განსაკუთრებით გრანდებთან შეხვედრებში "იუნაიტედი" კონტრშეტევებზე მოთამაშე გუნდად იქცა. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რა და როგორ იყო უახლოეს წარსულში.

რუნის გამოღვიძება კი მაინც განსაკუთრებული ამბავია. ამბობენ, "იუნაიტედს" კარგზე კარგი შემადგენლობა ჰყავსო. გააჩნია, როგორ შეხედავ. გუნდს არ ჰყავს რუნის გარდა არც ერთი მეგავარსკვლავი და იმ "მეგასაც" ეძინა.

ვნახოთ, იქნებ უეინის გამოღვიძებამ "იუნაიტედიც" წამოაყენოს ფეხზე. აქ მხოლოდ "ლივერპულის" დამარცხებას და ეპიზოდურ წარმატებას არ ვგულისხმობთ. თამაშის ხარისხი ისეთია, რომ წინასწარვე იცი - სტაბილურობა და ვან გაალის გუნდი ვერ იმეგობრებენ. ეს გამორიცხულია.

ვნახოთ. ჯერ რუნიმ გაიღვიძა. როდის გაიღვიძებს "იუნაიტედი"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი სტატიაა რუნიიიიიიიიიიიი!!!!!!!
kriss
11:51 19-01-2016
0
ძაან მაგარი ჟურნალისტის ძაან მაგარი სტატია.
Lasha
13:06 19-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული