უეინ რუნის გედის სიმღერა? - ვეტერან ვარსკვლავს კარიერაში საუკეთესო დრო არ უდგას

AutoSharing Option
უეინ რუნის კარიერაში საუკეთესო დრო არ უდგას. ერთ დროს ინგლისური ფეხბურთის უპირველესი ვარსკვლავი უკვე კარგა ხანია, კრიზისშია. ჯერ ერთი, ის ძალიან ხშირად ტრავმიანობს და მეორეც, რუნი ძველებურად ვეღარ თამაშობს.

არადა, როგორც ინგლისის ნაკრებში, ისე "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან საინტერესო ფეხბურთელები გამოჩდნენ. უეინისათვის ახლა განსაკუთრებული ბრძოლა იწყება. მან უკანასკნელი ძალები უნდა მოიკრიბოს და დაიბრუნოს ადგილი "მზის ქვეშ". ამის გაკეთება იოლი სულაც არ იქნება.

ინგლისის ნაკრები
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თანდათან, რჩება თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი. ინგლისელებმა შეცვალეს სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი. ინგლისელებმა შეცვალეს
ძალიან ყოჩაღი სხვა ბიჭებიც. შეცვალეს ღირსეულად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბიონელები გერმანიას სტუმრად ვერ დაამარცხებდნენ.
როგორც იცით, რუნის იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მოუღია. ის დაშავებულია და ნაკრებს ამის გამო გამოაკლდა. როგორ ითამაშეს ამ მატჩში ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდი, ყველამ კარგად ვიცით. ისინი თამაშის გმირები გახდნენ.

ბრიტანეთში დაიწყო კამპანია მეტად დამაინტრიგებელი სათაურით - სჭირდება თუ არა ინგლისის ნაკრებს რუნი? ამ კითხვაზე პასუხი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა უნდა იპოვოს, ჩვენ კი ფაქტებით ვიმსჯელოთ.

ჰოჯსონი არ არის საკუთარი თავის მტერი. ის იშვიათად ამბობს უარს თავის პრინციპებზე, მაგრამ ვარდი და კეინი ისეთ ფორმაში არიან, ამბობენ, მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე დასასმელად ვერც ერთ მათგანს გაიმეტებსო.

ორივე ახალგაზრდაა, ორივეს დიდებული სეზონი აქვს. ამ სეზონის დასაწყისში ამას მართლაც რომ ვერავინ წარმოიდგენდა - ინგლისის ჩემპიონობისათვის სწორედ ვარდის "ლესტერი" და კეინის "ტოტენჰემი" იბრძვიან.

კეინს და ვარდის დიდებული სეზონი აქვთ. მათ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ ინგლისის ნაკრებში თამაშისათვის. ეს მაშინ, როცა რუნის ერთად უტევენ ცუდი სათამაშო ფორმა, ასაკი და "მანჩესტერის" ბოლო დროის ძალიან ღრმა პრობლემები.

როი ჰოჯსონი რუნის, ალბათ, მაინც წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე. სხვანაირად მწვრთნელი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდება, ეს კი ნაკრებს არამც და არამც არ არგებს. ინგლისის ნაკრებისასთვის სუფთა პრაგმატული მოსაზრებითაც კი, რუნის გუნდში ყოფნა აუცილებელია.

აი, რა იქნება საფრანგეთში გასამართი ევროფორუმის შემდეგ, ამის ვარაუდი მართლაც ძალიან რთულია. დიდი ალბათობით, სწორედ საფრანგეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატი იქნება "გედის სიმღერა" ეროვნულ ნაკრებში უეინ რუნისათვის.

მანჩესტერ იუნაიტედი
ცალკე რუნის ხშირი ტრავმებისა და ცალკე თავისი პრინციპების გამო ლუი ვან გაალი უფრო და უფრო ხშირად აჩვევს გუნდს რუნის გარეშე თამაშს. უკანდახეული ფორვარდის, გნებავთ, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე "იუნაიტედს" ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს.

გუნდს ძველებურად აღარც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უჭირს. ბოლო დროს ვან გაალმა საზოგადოებას მარკუს რაშფორდი გააცნო. რაშფორდის თამაში საყოველთაო აღტაცების საგანი გახდა.

მარკუსი ახალგაზრდაა. ის დღითიდღე უმატებს, მან უკვე გაიტანა გადამწყვეტი გოლები. ვან გაალი კი, თუ ტალანტს აღმოაჩენს, მას ბოლომდე ენდობა. რაშფორდი ვან გაალის მთავარი აღმოჩენაა "იუნაიტედში". ლუი მას აერ გაწირავს. მით უმეტეს, მარკუსი "ოლდ ტრაფორდზე" ჰოლანდიელის ყოფნის ეეთადერთ პლუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ვინ იცის...
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერზე დააყენებს სულ ცოტა ხნის წინ გუნდში დიდი ზარ-ზეიმით მიყვანილ მემფის დეპაის.

ვან გაალს ძალიან უნდა ინგლისურ გრანდში დარჩენა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნდობის კრედიტი კიდევ ერთი სეზონით გაიხანგრძლივოს. ყველაფერთან ერთად, ჰოლანდიელი მწვრთნელი არც თავისი შეცდომების აღიარებას ერიდება. დეპაი სწორედ მან მიიყვანა "ოლდ ტრაფორდზე".

"მანჩესტერს" სჭირდება ახალი ტრანსფერები და სჭირდება ფული ამ ტრანსფერებისათვის. დღევანდელ ფეხბურთში კი ვეტერანების სარფიანად გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავია. აგერ არიან ჩინელები, ყატარელები, ამერიკელები...

დღეს აღარ არსებობს ხელშეუხებელი ფეხბურთელი. მით უმეტეს, თუ მის ნაცვლად გვარიანად იხდიან. რუნი აღარ არის ის ახალგაზრდა ლივერპულელი ბიჭი, ვისაც მსოფლიო ჭკუაზე გადაჰყავდა. წლებს თავისი მიაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული