15:50 24-05-2016
ევრო 2016. ინგლისის ნაკრები: ვარდი თამაშს და ქორწილს ერთმანეთს უთავსებს
AutoSharing Option
დაინახა რა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა, ვარდიმ თავდაპირველად ივნისში დაგეგმილი ქორწილი მაისისთვის გადმოსწია და შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელს ნაკრების მომავალი ამხანაგური მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაშიც როი ჰოჯსონი პრობლემას ვერ ხედავ.
"არ მიმაჩნია, რომ ამჟამად ვარდის ადგილი ნაკრების რიგებში საფრთხის ქვეშაა. ამიტომაც პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მას თამაშის გამოტოვება მოუწევს. იგი იმსახურებს, რომ ქორწინება მშვიდად აღნიშნოს" - თქვა ჰოჯსონმა.
"მწვრთნელმა ოთხშაბათს დასვენების დღე გამომიწერა, მაგრამ ამის მერე, უმალვე დავუბრუნდები ვარჯიშს" - განაცხადა ვარდიმ.
მანჩესტერში "ეტიჰადზე" ჯეიმიმ თურქებს გამარჯვების გოლი შეუგდო. მატჩი დაძაბული გამოვიდა, ფათიჰ თერიმის გუნდს მეორე ტაიმში ცუდად არ უთამაშია და "იმპერატორის" შეგირდებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. მათ 1:1-ზეც შეეძლოთ გატანა და ბოლოს გათანაბრება, როდესაც ჯო ჰარტმა რთული ბურთი აიღო.
ინგლისი ჰარი კეინის სწრაფმა გოლმა დააწინაურა. მალევე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გათანაბრება შეძლო. "ტოტენჰემის" ფორვარდს, რომელიც პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მან სწორედ ვარდის მიერ მოპოვებული პენალტი ვერ შეაგდო (ძელს გაარტყა). სამაგიეროდ, ბოლოსკენ თავად ჯეიმიმ მოახერხა გატანა და "ლომებმა" იმარჯვეს. უეინ რუნი ისვენებდა, მან უიქენდზე ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა და "მანჩესტერს" "კრისტალ პალასის" დამარცხებაში დაეხმარა.
მისტერ როიმ თურქებთან მატჩი 4-3-3-ით დაიწყო. გამოკვეთილ ფორვარდად ჰარი კეინი გვევლინებოდა, ხოლო ფლანგებზე რაჰიმ სტერლინგი და ჯეიმი ვარდი ბურთაობდნენ. მოგვიანებით ჰოჯსონი 4-4-2-ზე გადაერთო და ვარდი კეინთან ერთად კლასიკურ თავდამსხმელად იქცა.
აღსანიშნავია, რომ კეინმა და ვარდიმ პრემიერლიგის გასულ სეზონში ჯამში 49 გოლი გაიტანეს.
ინგლისელთა თავკაცის განკარგულებაში რუნი რომ არ იყო, აღვნიშნეთ. იმავე მიზეზით არ თამაშობდა მარკუს რაშფორდიც და ასევე დაისვენა დანიელ სტარიჯმა, ოღონდ წინა ორისგან განსხვავებით, "ლივერპულის" შემტევს არა ასოციაციის თასის ფინალში, არამედ ევროპალიგის ფინალში ჰქონდა ნათამაშები.
ასოციაციის თასის ფინალის გამო ისვენებდა კრის სმოლინგიც. შესაბამისად, დაცვის ცენტრში გარი კეჰილი და ჯონ სტოუნსი რომ იმოქმედებდნენ, ადვილი გამოსაცნობი გახლდათ. მათ წინ ერიკ დაიერი იყო. ცუდად არც დელე ალი გამოიყურებოდა.
ვარდიმ ბოლო წლის განმავლობაში პრემიერლიგაში ყველაზე მეტი პენალტი გამოიმუშავა და თურქეთის ნაკრებთან შეხვედრაშიც იგი მეჰმეთ თოპალთან კონტაქტის მერე დაეცა. ზუსტად მსგავსი ვარდნის გამო მან "ვესტ ჰემთან" მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ჯეიმის თქმით, აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო, რადგან მეტოქემ მას ფეხებში მიარტყა და წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნეო. მართალია, კეინმა ვერ გაიტანა, მაგრამ ის მაინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რადგან ძალიან აქტიური გახლდათ.
ჰოჯსონს კი ამ ისტორიაში ყველაზე მეტად დაცვაში არსებული ხარვეზები არ მოსწონს. როგორც გითხარით, თურქებმა საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნეს. თუმცა გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და ნაკრებმა თამაში საფრანგეთამდე მაქსიმალურად უნდა დახვეწოს.
"მატჩის დიდი ნაწილი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ჩემთვის პოზიტიური მოვლენაა ისიც, რომ ლაფსუსებიც იყო და ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. სამუშაო კიდევ გვაქვს, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. თურქეთი ძლიერი ნაკრებია, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და არც მიკვირს, რომ მეტოქე ასე კარგი იყო, და მომენტები ჰქონდა. ჩვენ კი უფრო კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და დაცვაში ხარვეზებს მივაქციოთ ყურადღება" - აღნიშნა ჰოჯსონმა.
შემდეგი მატჩი ინგლისელებს 27 მაისს ავსტრალიასთან აქვთ. შეხვედრა სანდერლენდში "ლაითზე" გაიმართება. 2 ივნისს "ლომები" "უემბლიზე" უმასპინძლებენ პორტუგალიას, ხოლო 11-ში ევროპის ჩემპიონატს რუსეთთან მატჩით დაიწყებენ.
სტატისტიკა
* ჯეიმი ვარდიმ ინგლისის ნაკრების მაისურით თავის ზედიზედ მესამე მატჩში მიჯრით მესამე გოლი გაიტანა.
* ჰარი კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი 2010 წლის მერე, ვინც ინგლისელთა მხრიდან პენალტი ვერ გაიტანა. მაშინ თერთმეტმეტრიანი ფრენკ ლამპარდმა გააცუდა. ცხადია, აქ არ ითვლება პენალტების სერია, ვსაუბრობთ თამაშის დროს გაცუდებულ თერთმეტმეტრიანებზე.
* ინგლისს კეინის შეცდომამდე ზედიზედ 11 პენალტი ჰქონდა გატანილი.
* ჰაკან ჩალჰანოღლუ გახდა პირველი თურქი, ვინც ინგლისს გოლი გაუტანა. იქამდე თურქებს ინგლისელთა წინააღმდეგ 10 მატჩი ისე ჰქონდათ ჩატარებული, რომ არცერთხელ არ გაეტანათ.
* როი ჰოჯსონი მე-6 მწვრთნელია, ვინც ინგლისის ნაკრებში 50 მატჩი დააგროვა. აქამდე ეს უოლტერ უინტერბოტომმა, ალფ რამსეიმ, რონ გრინვუდმა, ბობი რობსონმა და სვენ-გორან ერიკსონმა შეძლეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული