როგორი იქნება დიდი სემის ინგლისის ნაკრები?

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროში და მით უმეტეს, ბრიტანეთში, განსაკუთრებით სემ ელარდაისის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა ცხელ-ცხელი თემაა და ალბათ, კიდევ საკმაო ხანს ასე დარჩება, სულ მინიმუმ, ახალი საკლუბო სეზონის დაწყებამდე.

"დიდი სემი" უკვე წარდგა ჟურნალისტების წინაშე და კომენტარები გააკეთა. პრესასთან ურთიერთობა და წნეხის გაძლება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და დასარეგულირებელი საკითხია ხოლმე იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ მძიმე პოსტზე მუშაობს. არც ზედმეტად მკაცრი უნდა იყო და არც ზედმეტად რბილი, ეშმაკობა და დელიკატურობაა საჭირო, თითოეული განცხადება, ნაბიჯი და მოქმედება კარგად უნდა გააკონტროლო.

რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, შეგვიძლია
მწვრთნელის ფეხბურთელებთან ურთიერთობასაც მივუსადაგოთ. მოკლედ, ეს ყველაფერი დამატებითი ინტრიგისთვის და რასაკვირველია, ყველას გვაინტერესებს ის გეგმები და ხედვა, რომლებიც ელარდაისს აქვს, რა დაპირებებს იძლევა და ზოგადად, რას აპირებს. ამიტომაც ახლა ამ თემაზე გადავიდეთ. თუმცა იქამდე აღვნიშნოთ ისიც, რომ ელარდაისს სამწვრთნელო შტაბში ბოლტონისდროინდელი ასისტენტი სემი ლი შეუერთდა.

"ეს ჩემს ხანგრძლივ კარიერაში უდიდესი გამოწვევაა. იმედი მაქვს, წარმატებულად ვიმუშავებ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი" - თქვა ელარდაისმა, რომელსაც არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული.

ვარსკვლავებთან მუშაობაზე
დიახ, ელარდაისს არცერთი ტიტული არ მოუგია, რადგან აქამდე არასოდეს უმუშავია თანამედროვე ფეხბურთის გრანდში, კლუბში, რომელსაც დიდი რესურსი აქვს და ტიტულებისთვის იბრძვის. ვინმე იტყვის, მაშინ არც სუპერვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს და ინგლისის ნაკრებში ყველანაირი გაგებით უნდა გაუჭირდესო. თუმცა თავად "დიდ სემს" სხვა აზრი აქვს.

"რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გამიწვრთნია - ფერნანდო იერო, იური ჯორკაეფი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, გარი სპიდი, ნიკოლა ანელკა და მაიკლ ოუენი. ასევე, არაერთ ძალიან ნიჭიერ მოთამაშესთან მიმუშავია. ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ამაში ის არის, რომ ისინი ცხოვრებასა და ამოცანას გიადვილებენ, რადგან უკვე იციან, რას მოითხოვ და რა გინდა.

ელიტარულ ინგლისელ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ისინი ყველაფერს სწრაფად და მარტივად გაიგებენ, მწვრთნელის იდეებსა და ფილოსოფიას. რაც შეეხება ტიტულებს, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი ვარ, შანსი არასდროს მომცემია, რომ პრემიერლიგის სათავეში აღმოვჩენილიყავი. სამაგიეროდ, გუნდები დაქვეითებას გადავარჩინე და უმაღლესი ლიგიდან არასოდეს გავვარდნილვარ. ეს იგივე არ არის, რაც ასოციაციის ან ლიგის თასის მოგება, მაგრამ ასევე დიდი მიღწევაა" - აღნიშნა ელარდაისმა.

რატომ უჭირს ინგლისის ნაკრებს?
პრემიერლიგის ერთ-ერთი პეწი და ხიბლი ისიცაა, რომ ინგლისში სულ ფეხბურთს თამაშობენ და მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს საშობაო-საახალწლო პაუზა აქვთ, პრემიერლიგაში პირიქით - ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ტურია. კარგად იცით ისიც, რომ ნაკრების ფეხბურთელები ინგლისის ჩემპიონატში თამაშობენ… ერთი სიტყვით, ელარდაისს მიაჩნია, რომ სეზონის შუა შესვენება აუცილებელია, რომ მოთამაშეები ძალიან არ გადაიწვან.

"შესვენება არ გვაქვს და ეს პრობლემაა. 10 წელია ან უფრო მეტიც, ამ იდეის ადვოკატი ვარ, რადგან ფეხბურთელებზე არანორმალური დატვირთვა მოდის. პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია და მოთხოვნებიც შესაბამისია. ფეხბურთელებიც იფიტებიან და იღლებიან. თუ შესვენებას შემოვიღებთ, ეს პრემიერლიგასაც წაადგება და ნაკრებსაც.

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ დეკემბრის ბოლო, იანვარი და თებერვალი ფეხბურთელებისთვის ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ისინი გადაღლილები არიან ხოლმე და ეს მათი თამაშის ხარისხზე აისახება" - განაცხადა "დიდმა სემმა".

სათამაშო სტილზე
რასაკვირველია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება - სად ითამაშებს უეინ რუნი? რამდენი თავდამსხმელით გავა ხოლმე მინდორზე ინგლისის ნაკრები? რა ბედი ეწევა რაჰიმ სტერლინგს? გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები? და ასე შემდეგ. ბუნებრივია, აქამდე ჯერ ცოტა შორია და "ლომების" ახლად გამომცხვარ მწვრთნელს რამე გადაწყვეტილიც რომ ჰქონდეს, ჟურნალისტებს ასე საჯაროდ და ნაადრევად არ გაუმხელდა, მაგრამ მისი კომენტარი მაინც ძალიან საინტერესოა.

"ვფიქრობ, რომ სტილისა და სისტემების არჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ფეხბურთელები გყავს და რა რესურსი გაქვს. ასევე იმაზე, თუ ვის ეთამაშები. ჩემი სამწვრთნელო ტექნიკა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ ვათამაშო ფეხბურთელები მოსაგებად, როგორც საშინაო, ასევე საგარეო შეხვედრებში და კარგად ავუხსნა მეტოქის ძლიერი თუ სუსტი მხარეები, თუ რას უნდა ელოდნენ ისინი.

შეკრული გუნდისა და საბრძოლო, გუნდური სულის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დაძაბულობა არ უნდა იგრძნობოდეს და პროცესისგან სიამოვნებას უნდა ვიღებდეთ. მთელი კარიერის განმავლობაში ვიღებდი სიამოვნებას, ხოლო ეს სამუშაო ტკბილი ლუკმაა და მინდა, ყველაზე მეტად ახლა ვისიამოვნო.

ყველა მწვრთნელი ოცნებობს თავისი ნაკრების გაწვრთნაზე, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩემს სათამაშო სტილთან დაკავშირებით, ყოველთვის არსებობდა გარკვეული მოსაზრებები და იარლიყები, თითქოსდა, ჩემი ქმედებების პროგნოზირება მარტივად შესაძლებელი გახლდათ. თუმცა, თუნდაც, წინა სეზონში ჯერმინ დეფოს გამოკვეთილ ფორვარდად დაყენება ბევრისთვის მოულოდნელი გახლდათ.

არადა, მოთამაშეების ძლიერი მხარეების გამოყენება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხალხი ამბობდა, რომ მარტო დეფო წინ შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ მან მთელი სეზონი ჩინებულად ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა" - განაცხადა 61 წლის სპეციალისტმა.

აქ და ახლა!
"დიდი სემის" ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიც არის, რომ მყისიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია და მას ინგლისის ნაკრებშიც სწრაფად, კარგად და ხარისხიანად ათამაშებაზე უჭირავს თვალი.

"პოტენციალი აღარ არსებობს, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს, მოთამაშეები უნდა ადგნენ და თავიანთი თამაში აჩვენონ, კარგ შედეგს მიაღწიონ. დღესდღეობით ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ ხოლმე დაგროვილი და ახლა ბევრ მათგანს გული დაწყდა. მათ იმავე შეგრძნებების გადატანა აღარ სურთ და შეეცდებიან, უკეთ ითამაშონ.

აღარ მინდა სიტყვა პოტენციალის გამოყენება. ჩვენ გვყავს მაღალი ხარისხის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე გამოცდილები არიან და საუკეთესო თამაში ახლავე უნდა აჩვენონ. იმედია, ასეც იქნება და ნაკრები უკეთ და უკეთ ათამაშდება" - აი, ასეთი კატეგორიული და მომთხოვნია ელარდაისი.

კაპიტანი
დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრების კაპიტნად უეინ რუნი დარჩება. გყავდეს რუნი და არ ათამაშო ან კაპიტნობა ჩამოართვა, არ გამოვა. მაშინ საერთოდ არ უნდა გყავდეს, ხოლო რუნის "არყოლა" ამ ეტაპზე კიდევ უფრო არ გამოვა… თუმცა ელარდაისმა მაინც თავდაჭერილად აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას მერე მივიღებ, რაც შეკრება გვექნება და ფეხბურთელებს შევხვდებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული