...გაისმა სასტვენის ხმა. ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს. ამ დროს უეინ რუნი მინდორზე აღარ იყო. ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა.
დასრულდა თუ არა თამაში, ის ადგა და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის სტაფისკენ წავიდა. რუნი გამოელაპარაკა ჯეიმი ვარდის, რომელიც ამ დროს ემოციებისგან იცლებოდა. ინგლისელ ფანთა აღშფოთება ამ დროს სრულიად გასაგები გახლდათ.
რუნი დაბრუნდა გასახდელში,
მომავალი სეზონი რუნისათვის უმნიშვნელოვანესია. მეტიც - მას ფეხბურთელისათვის გადამწყვეტიც კი შეიძლება ვუწოდოთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ახალ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე. მან ასევე უნდა მოაჯადოვოს ინგლისის ნაკრების ახალი დამრიგებელიც. რუნი აქამდე ინგლისის ნაკრებშიც კაპიტანი იყო და რა იქნება მომავალში, ამას ყველა ერთად ვნახავთ.
და მისი სათამაშო ამპლუა... რუნი აღარ თამაშობს იქ, სადაც თამაშობდა ლამის მთელი ცხოვრება. მისთვის ეს კიდევ ერთი, დამატებითი თავსატეხია.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუნის ჟოზე მოურინიო იმ სასტუმროში ეწვია, რომელშიც ინგლისის ნაკრები ემზადებოდა ევროპის ჩემპიონატისათვის. ეს მოხდა "გროუვ ჰოტელში", ჰერთფორდშირში.
მან იცოდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი არ დაელაპარაკებოდა მას იმაზე, თუ როგორ უნდა ეთამაშა 6 ან 8 ნომრის პოზიციაზე. ის ხვდებოდა, რომ მოურინიო ნახევარდაცვაში საერთოდ ვერ ხედავდა მის ადგილს.
მოურინიოს გადაწყვეტილება-ნააზრევმა ჰოჯსონს გეგმები ვერ აურია. როიმ ევროპის ჩემპიონატზე უეინი მაინც ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშა.
რუნის ჰოჯსონის წინააღმდეგ არ გაულაშქრია. ეს იმის მიუხედავად, რომ მან უკვე იცოდა: "იუნაიტედში" მოურინიო მეტად აღარ აპირებდა მეგოლის მოცდენას ნახევარდაცვაში. რუნი ჰოჯსონს პატივს სცემს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მან აქცია უეინი ინგლისის ნაკრების კაპიტნად.
სლოვაკეთთან ექვს ფეხბურთელს არ დავასვენებდი
და მაინც, არ შეიძლება, რუნის გულში უკმაყოფილებას არ გაევლო. ევროპის ჩემპიონატზე ჰოჯსონი ძალიან ხშირად ცვლიდა შემადგენლობას."ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა. ნიჭიერი, ბევრის შემძლე ფეხბურთელები. ჩვენ გვყავდა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და დიდ ტურნირებზე მათი დაყენება გარკვეულწილად უკავშირდება რისკს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ შეგვეძლო, ძალიან კარგად გამოვსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ისლანდიასთან მარცხი.
კიდევ გასაგებია, როცა შენზე უკეთეს გუნდთან აგებ. ყველაფერს ტოვებ მინდორზე და მაინც აგებ. ჩვენს შემთხვევაში არ იყო ასე. თუნდაც სლოვაკეთთან მატჩი ავიღოთ, სადაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
სლოვაკეთთან განხორციელებული ცვლილებები როის იდეა იყო. გაამართლა თუ არა, ამას მე ვერ განვსჯი. მე ფეხბურთელი ვარ. ჩემი მოვალეობა თამაშია და არა მწვრთნელის გადაწყვეტილებების გარჩევა", - ამბობს რუნი.
ჯგუფში ინგლისს სლოვაკეთი რომ დაემარცხებინა, ამ გუნდის სატურნირო ბედი შესაძლოა, სულ სხვანაირად წარმართულიყო. დაასვენებდა თუ არა რუნი სლოვაკეთთან ჰოჯსონის მსგავსად ექვს მოთამაშეს?
"რა თქმა უნდა, მე ასე არ მოვიქცეოდი. ეს ხომ ნახევარ გუნდზე მეტია. როცა სლოვაკეთთან თამაშში შემოვედი, უკვე ძალიან რთული იყო თამაშის ხასიათის შეცვლა. დავრბოდი, ვცდილობდი, გუნდისათვის ენერგია დამებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
ვგრძნობდი, რომ აგრესია გვაკლდა - სირბილში, პასებში... ტემპი არ გვქონდა. ვცდილობდი, მეტი შემექმნა. ამაზე ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე ვფიქრობდი. როცა იქ ხარ, გგონია, რომ აუცილებლად შეგიძლია, რაღაც განსაკუთრებული შექმნა", - მიიჩნევს უეინი.
ეს მენტალიტეტი მწვრთნელისგან მოდის
რას ფიქრობს რუნი ჰოჯსონის კიდევ ერთ უცნაურობაზე, რომლის ძალითაც ტანწერწეტა ფორვარდი ჰარი კეინი კუთხურების მომწოდებლად იქცა?რუნის აზრი ამასთან დაკავშირებით ცხადია, მაგრამ ის აღარაფერს ამბობს.
ეს ყველაფერი წარსულია, ახლა კი მომავალში გავიხედოთ. სანამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ელარდაისს დანიშნავდა, აზრს რუნის დაეკითხა. თავად უეინიც ესაუბრა ინგლისელთა ახალ დამრიგებელს.
"ფეხბურთში ყოველთვის ბალანსია მთავარი. შენ გაქვს ბურთი, მაგრამ რაა სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ შენ ამ ბურთს მოწინააღმდეგის კარისგან შორს იღებ? ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით ისლანდიასთან და დაგვავიწყდა, რომ ძალიან ხშირად ფეხბურთი მარტივი თამაშია. სულაც არ არის საჭირო მისი გართულება იმისათვის, რომ მოიგო.
გუნდს მწვრთნელი მისთვის სჭირდება, რომ მან მას მიმართულება მისცეს. ჩვენ ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია. მათ იცოდნენ, რომ არ იყვნენ ისეთი კარგები, როგორიც იყო საფრანგეთი. შეადგინეს მკაცრი გეგმა, მიჰყვნენ მას და მოიგეს.
ყველა მოთამაშემ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ თამაში არ წაეგოთ. ერთი შანსი და იცოდი, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. ეს მენტალიტეტი მწვრთნელისგან მოდის. სემ ელარდაისმა ზუსტად უნდა აუხსნას ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რა და როგორ უნდა აკეთოს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვითამაშოთ, როცა 1:0 ან 2:0 მიგვყავს და პირიქით. უნდა გვქონდეს სხვადასხვა გეგმა, სცენარი.
ჩვენ ყველაზე მეტად გვეტკინა ეს წარუმატებლობა. შეხედეთ ჰარი კეინს და ნახეთ, როგორ განიცადა მან წარუმატებლობა", - ამბობს რუნი.
მოურინიო ძალიან ჭკვიანია
ახლა მოვუსმინოთ რუნის ნააზრევს "მანჩესტერ იუნაიტედზე":"იუნაიტედს" ჰყავდა ბევრი ბრიტანელი ფეხბურთელი, ახლა კი ბევრი უცხოელი მოთამაშე ჰყავს. ალბათ, დროა, ინგლისელმა მოთამაშეებმა მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ გუნდის მომავალზე.
მენეჯერმაც უნდა შეძლოს ფეხბურთელების საგანგებოდ მოტივირება. თავის დროზე, მე სულ ახალგაზრდა ვიყავი გასახდელში როი კინთან და გარი ნევილთან ერთად. ეს დიდებული გამოცდილება, დიდებული სკოლა იყო. ახალგაზრდებს სჭირდებათ ასეთი მაგალითები.
სერ ალექსი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მან ყოველთვის იცოდა, კონკრეტულ მომენტში, ვთქვათ, ვინ უნდა დაეტოვებინა მარტო. ზუსტად იცოდა, რა მრგებდა მე. რაც ჩემთან ჭრიდა, ის არ ჭრიდა, ვთქვათ, ნანისთან", - მიიჩნევს რუნი.
"მანჩესტერის" მომავალს ახლა ყველა ოპტიმისტურად უყურებს. სიმბოლურია, რომ ცოტა ხნის წინ ქერინგტონის საწვრთნელ ბაზას სერ ალექსი ეწვია. პირველად მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ახლა "იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო წვრთნის. ინგლისურ კლუბს ჰყავს ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მან ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძინა.
"ის სხვანაირად საუბრობს ინდივიდთან და სხვანაირად ჯგუფთან. მას უნდა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო იყოს მსოფლიოში და აუცილებლად გაიმარჯვოს. ის პრესასთან მესიჯების ენით საუბრობს - სხვადასხვა მწვრთნელისათვის შეტყობინებებს ტოვებს. ძალიან ჭკვიანი კაცია.
როცა თავის დროზე ის ჩემთან მოვიდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მას უნდა, რომ თავისუფლად ვითამაშოთ და რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანოთ. ჩემს ადგილს წინ ხედავს და თავდასხმაში ბევრ როტაციას აპირებს. მიმაჩნია, რომ მალე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძველი სტილი.
ბევრი მიეჩვია ჩემს თამაშს ნახევარდაცვაში, მაგრამ მოურინიო 10 წლის განმავლობაში უყურებდა, როგორ გამქონდა გოლები და მან იცის, რომ გატანა კიდევ შემიძლია. ავღელდი, როცა გავიგე, რომ პოზიციის შეცვლას მიპირებდა.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის ფეხბურთელისგან რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაშს ითხოვს და ეს ბუნებრივია", - ამბობს რუნი.
პოგბა ტოპ-კლასია, ზლატანი - განსაკუთრებული
"მანჩესტერმა" ამ ზაფხულს ზლატან იბრაჰმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაილი გადაიბირა. გუნდს დღე-დღეზე უნდა შეუერთდეს პოლ პოგბა."ძალიან კარგი შევსებაა. რაც შეეხება პოგბას, ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, "იუნაიტედში" გააგრძელებს კარიერას", - ამბობს რუნი.
და ზლატანი?
"ის დიდებული ფეხბურთელია. ვარჯიშების მერე სულ იმაზე საუბრობს, როგორ უნდა გავუგოთ კარგად ერთმანეთს. მისი მუშაობის მანერა განსაკუთრებულია", - მიიჩნევს უეინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"