სემ ელარდაისი რიგითი ჯოს გადასარჩენად

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სემ ელარდაისი ჯო ჰარტის სიტუაციას აუღელვებია. თუმცა "დიდმა სემმა" წინასწარ განაცხადა, რომ ჰარტი, რა თქმა უნდა, გამოძახებული იქნება სექტემბრის მატჩებისთვის. ინგლისელები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 4 სექტემბერს ტრნავაში, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავენ.

"ეს მართლაც არასასიამოვნო სიტუაციაა. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი იყოს თავისი კლუბის ძირითადში და მერე ინგლისის ნაკრებში თამაშობდეს წარმატებულად. თუმცა ახლა უშუალოდ პრემიერლიგაში ისე აღარ არის, როგორც 20-25 წლის წინ იყო. ახლა ინგლისურ გუნდებში ცოტა ინგლისელი თამაშობს" - სინანულით
აღნიშნა ელარდაისმა.

29 წლის ჰარტს ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩტაარებული და მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2016-ზე უელსთან და ისლანდიასთან მატჩებში შეცდომები დაუშვა, კვლავ ინგლისის პირველ ნომრად მოიაზრება.

თუმცა ხოსეპ გვარდიოლასაგან ათვალწუნებული სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ვერ დაუშვებს, რადგან ეს ნაკრებში ძირითადობის დაკარგვასაც გამოიწვევს. ამიტომაც გოლკიპერს მტკიცედ აქვს წასვლა გადაწყვეტილი და ვარიანტებს განიხილავს. "ევერტონი" ამჟამად ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოჩანს, თუმცა "სევილია" და "დორტმუნდიც" აქტიურობენ.

ჩვენ კი ისევ "დიდ სემს" დავუბრუნდეთ, რომელიც სრულ შემადგენლობას კვირას დაასახელებს, მაგრამ იქამდე გვეტყვის, თუ ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი.

ყველამ ჩათვალა და პრესამ დაწერა კიდეც, სამკლავურს უეინ რუნი ინარჩუნებსო. ელარდაისს, როგორც ჩანს, არ მოეწონა, რომ რაღაც წინასწარ გადაუწყვიტეს და განაცხადა, ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია და მაცადეთო. მერე კი იმდენჯერ ჰკითხეს, რომ..

"რადგან ამ საკითხზე ამდენი კითხვა გაჩნდა, შემადგენლობის დასახელებამდე აუცილებლად გეტყვით, თუ ვინ იქნება კაპიტანი. ამის თაობაზე განცხადებას ოთხშაბათისთვის გავაკეთებ" - დაამატა ელარდაისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული