ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტის გუნდის იძულებითი ცვლილებები

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. გლენ ჯონსონი, რომლის ნაკრებში დაბრუნებაც ერთ-ერთი ახალი ამბავი გახლდათ, დაშავდა და ინგლისელთა დროებითი მწვრთნელი გარეთ სააუთგეიტი კი ამბობდა, ნორჩებთან ერთად გამოცდილი ფეხბურთელებიც გვჭირდებაო, მაგრამ "სტოკის" უკანახაზელის ნაცვლად კიდევ ერთ ახალგაზრდას, მაიკლ კინს უხმო.

"ბარნლის" 23 წლის მცველს ინგლისის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები, ახლა კი ძირითადი ნაკრების დროც მოვიდა. იგი ერთადერთი დებიუტანტი იქნება.

ჯონსონამდე დაშავდა რაჰიმ სტერლინგიც და მის მაგივრად საუთგეიტმა ნაკრებში "კრისტალ პალასის" ანდროს თაუნსენდი დააბრუნა. ტრავმების გამო 46
წლის სპეციალისტს ისედაც ლივერპულელები - ადამ ლალანა და ნათანიელ კლაინი აკლდა. ბოლო მომენტში დაშავდა "ლესტერის" დენი დრინკვოგტერიც. ფეხს იტკიებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუც და "სტოკის" გოლკიპერის, ჯეკ ბატლენდის ლაზარეთში ყოფნის ამბავი არახალია.

რასაკვირველია, ისიც კარგად იცით, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინიც დაშავებულია.

"რამდენიმე ფეხბურთელი ისედაც დაშავებული გვყავს და სამწუხაროდ, მათ სტერლინგი და ჯონსონიც შეემატნენ. არადა, მაგალითად, ჰარი კეინისა და ჯეკ ბატლენდის დარი ფეხბურთელები ისედაც გვაკლია. ლუკ შოუც არ არის ბოლომდე მწყობრში. სამწუხაროა, მაგრამ არსებული რესურსითაც შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება" - თქვა საუთგეიტმა.

დავამატოთ ისიც, რომ "საუთჰემპტონის" ფორვარდი ჩარლი ოსტინი და "უოტფორდის" თავდამსხმელი ტროი დინი ჯანზე არიან, მაგრამ მათი ადგილი ნაკრებში ვერ მოიძებნა, ისევე, როგორც "არსენალიდან" "ბორნმუთში" განათხოვრებული ჭირვეული ჯეკ უილშირის.

ინგლისის ნაკრები შაბათს "უემბლიზე" მალტას უმასპინძლებს და წესით, მოგება არ უნდა გაუჭირდეს. სამი დღის მერე კი შედარებით რთული მატჩია გასვლაზე სლოვენიასთან.

რაც შეეხება სტერლინგის ტრავმას, ეს, ნაკრების გარდა, "სიტისაც" ძალიან ანერვიულებს. ხოსეპ გვარდიოლას ისედაც დაშავებული ჰყავს კევინ დე ბრუინი და რაჰიმის გამოკლება ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება მნიშვნელოვანი მატჩების წინ. ექიმებს ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ და ამ წუთისთვის უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია სტერლინგის დაზიანება.

ამ ცვლილებების გათვალისწინებით, ნაკრების განაცხადი ახლა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯო ჰარტი (ტორინო), ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ტომ ჰიტონი (ბარნლი)

მცველები: გარი კეჰილი (ჩელსი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი), დენი როუზი (ტოტენჰემი), მაიკლ კინი (ბარნლი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (სიტი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), ანდროს თაუნსენდი (კრისტალ პალასი), თეო უოლკოტი (არსენალი), დელე ალი (ტოტენჰემი)

თავდამსხმელები: უეინ რუნი (მანჩესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული