როგორც ირკვევა, საქმე არც ისე მარტივად ყოფილა. არადა, ინგლისური პრესაში წერდნენ, მალე იოზილი და ალექსის სანჩესი გუნდთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებენო, მაგრამ… 28 წლის გერმანელი გარანტიებს ითხოვს, რომ "არსენალი" გაძლიერდება და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წასვლით იმუქრება.
"ბუნებრივიც არის, რომ მაღალი დონის ფეხბურთელებს ტიტულების მოგების ამბიცია აქვთ. ეს სურთ ფანებსაც. იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოგვივა" -
ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი კი ისევ წასვლაზე ფიქრობს. 23 წლის შემტევ ნახევარმცველს საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს და ამით უკმაყოფილოა, რასაც არ მალავს. ფრანგი სპეციალისტის გეგმებში კი მისი გაშვება არ შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემბერლენთან კონსესუსს უნდა მიაღწიოს.
როგორც იცით, "მეთოფეები" ამჟამად პრემიერლიგის თანალიდერები არიან. გუნდმა გასულ უქმეებზე "სუონსის" აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეუმცირა და ბოლოს "არსენალს" 10 კაცით უწევდა ბურთაობა. პრესასთან ისაუბრა თეო უოლკოტმა, რომელსაც ბოლო დროს ვენგერი სტაბილურად ათამაშებს და თეოც ნდობას ამართლებს. უელსელებთან მან დუბლი გაიფრომა.
"უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე და მსგავსი მატჩები უფრო მშვიდად მოვიგოთ. მომენტების რეალიზაცია და მეტი კონცენტრაციაა საჭირო. სატურნირო ცხრილს ახლა არ ვაკვირდებით, რადგან ძალიან ადრეა - საკუთარი თავისთვისა და ფანებისთვის უნდა ვითამაშოთ. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორ ავთამაშდით, როგორი შემადგენლობა გვყავს და იმასაც, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას ველოდებით…, შეუძლებელი არაფერია.
ასეა თუ ისე, მომავალ ჩემპიონზე და ფავორიტებზე საუბარი ახლა ნამდვილად არ გამოვა, რადგან წინ ძალიან არაპროგნოზირებადი სეზონია, კონკურენცია კი უდიდესია" - განაცხადა უოლკოტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"