ზლატან იუნაიტედი - ყველა ნაწილი ადგილზეა, უბრალოდ პაზლი უნდა ავაწყოთ

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დადგა და კლუბები დაცარიელდნენ, ეს განსაკუთრებით გრანდებში იგრძნობა, სადაც ბევრი ფეხბურთელი თამაშობს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს არსად მიეჩქარება, მან თავისი სანაკრებო ფეხბურთი უკვე მოილია, ამიტომაც შვედი სიამოვნებით დათანხმდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჟურნალ Inside United-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე.

ყველამ იცის, რომ კვირას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრემიერლიგის რიგით 25 000-ე გოლი გაიტანა, თუმცა იმ შეხვედრაში ("სუონსის" წინააღმდეგ) ზლატანის მეორე გოლი საიუბილეო იყო თავად ფორვარდისთვის - მან კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.

ინტერვიუ ჟურნალის დეკემბრის ნომერში გამოვა, ზლატანი ოპტიმისტურად არის განწყობილი
და სჯერა, რომ ჟოზე მოურინიოს კრებულს "დიდი საქმეების" კეთება შეუძლია...

მეტის გაკეთება მსურს და გავაკეთებ კიდეც
ვფიქრობ, რამდენიმე გოლით მეტი უნდა გამეტანა ამ სეზონში, რადგან ისეთი შანსები ვერ გამოვიყენე, რომლებსაც წესით, გოლად ვაქცევ ხოლმე. ინგლისში ცოტა სხვა თამაშია, ვიდრე სხვა ჩემპიონატებში, სადაც მითამაშია. ინგლისში არც ერთი გუნდი არ აკონტროლებს თამაშს, ყველა იცავს თავს და გარბის წინ, იცავს და უტევს და ასე შემდეგ.

ასეთი ფეხბურთია პრემიერლიგაში და ამას მიჩვევა სჭირდება. ზოგადად, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ მეტი შემიძლია. ვიცი, რომ გუნდს მეტი შეუძლია, მე მსურს, რომ მეტი გავაკეთო და გავაკეთებ კიდეც.

დიდ მიზნებს მივაღწევთ
გუნდში ნამდვილი მიქსია გამოცდილი ფეხბურთელებისა და ახალგაზრდა ტალანტების. ხარისხი აქაა, ვიცი, რომ დიდ მიზნებს მივაღწევთ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ერთი ღილაკი გვაქვს საპოვნი, რომელიც ყველაფერს მოძრაობაში მოიყვანს. ყოველდღიურად უფრო უახლოვდები თანაგუნდელებს, ხდები ერთიანი ოჯახის წევრი.

უკვე ვიცი, რა არის საჭირო, რომ ჩემი თანაგუნდელებისგან მაქსიმუმი მივიღო და მათ იციან, რა უნდა აკეთონ, რომ ჩემგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ყველა ნაწილი ადგილზეა. უბრალოდ, პაზლი უნდა ავაწყოთ.

ჩემი რჩევაა: ყოველთვის დატკბი წამით
ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყო საკუთარი თავით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საყვარელ საქმიანობას ვეწევით, ჩვენ ყველას ბავშვობიდან გვიყვარს ფეხბურთი. ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ და თავში უნდა ვიპოვნოთ ის ბალანსი, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ჩვენს ფეხებს.

როცა ამას სწორად აკეთებ, შენ არა მარტო კარგად თამაშობ, არამედ, ამისგან სიამოვნებასაც იღებ. არასოდეს არ უნდა დაივიწყო - ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი.

მანჩესტერი საუკეთესო ქალაქია
ბევრი გამიგია ქალაქზე, მანჩესტერში ისეთი ამინდებია, რომ... ახლა აქ ვარ და ყველაფერი კარგია, ამინდიც. ეს ქალაქი საუკეთესოა. შვედეთიდან ვარ და ამიტომ არ მქონდა დიდი მოლოდინი, რომ ფეხბურთს გარეთ რაღაც გამაკვირვებდა. ჩემისთანა ოჯახის ბიჭისთვის მანჩესტერი შესანიშნავი ქალაქია, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მაგალითისთვის, საფრანგეთში ცხოვრებისას, ეიფელის კოშკი ერთხელაც არ მინახავს, მე ვითხოვდი, რომ პარიზელებს მის ნაცვლად ჩემი ძეგლი დაედგათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს! ახლა თუ შემისრულებენ თხოვნას, შესაძლოა, ჩავიდე სანახავად (იცინის).

ბევრი შრომა ყოველთვის მოგიტანს შედეგს
ყველაფერი დროისა და მომენტის ამბავია. ერთხელაც ის ღილაკი ჩვენს ხელში იქნება. ჩვენც ველით იმ მომენტს, როცა ყველაფერი ერთიან მექანიზმად აეწყობა, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ.

არ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი ცუდადაა, ასე არ არის - ყველაფერი ახლაც კარგად არის. ჩვენ ცოტა უიღბლოები ვიყავით ზოგიერთ მატჩში, მაგრამ ჩვენ გვჯერა და როცა გჯერა, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

მე მიყვარს გულმოდგინე ვარჯიში - ეს ჩემი ფილოსოფიაა. თუ ბევრს შრომობ, ეს ყოველთვის მოგიტანს შედეგს. ეს ჩემი შეგონებაა, რომელსაც ზურგსუკან 20-წლიანი გამოცდილება უდგას...

დოსიე
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაიბადა: 1981, მალმიო (შვედეთი)
ამპლუა: თავდამსხმელი
კარიერა: 1999-2001-მალმიო; 2001-04 - აიაქსი; 2004-06 - იუვენტუსი; 2006-09 - ინტერი; 2009-11 - ბარსელონა; 2010-11 - მილანი (იჯარით); 2011-12 - მილანი; 2012-16 - პსჟ; 2016-დან - მანჩესტერი
შვედეთის ნაკრები: 116 მატჩი, 62 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული