ჩელსი
ლონდონის "ჩელსი" მარკო ვერატისთვის ბრძოლაში ფავორიტია. 24 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს. ანტონიო კონტე მას "სტემფორდ ბრიჯზე" ეპატიჟება.
ვერატის შეძენით იტალიური გრანდები "იუვენტუსი", "ინტერი" და "მილანიც" დაინტერესებულნი არიან, მაგრამ "ჩელსიზე" სარფიანი წინადადების შეთავაზება იტალიელებს გაუჭირდებათ. ვნახოთ, რას მოიფიქრებს თავად ფეხბურთელიც. ამასობაში, "ჩელსი" მზად არის სესკ ფაბრეგასის მსურველებისგან წინადადებები მოისმინოს. ესპანელს ევროპაში სურს დარჩენა და მისთვის აზიური ვარიანტი გამოირიცხა.
კონტე დაცვის გაძლიერებასაც აპირებს და
ევერტონი
მემფის დეპაიმ კარიერა შესაძლოა, "ევერტონში" გააგრძელოს. 22 წლის ჰოლანდიელი არათუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში, არამედ გუნდის განაცხადშიც ვეღარ ხვდება და ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიო მასზე დიდ იმედებს არ ამყარებს. "კანფეტებს" კი იანვარში დეპაის იჯარით აყვანა უნდათ, ზაფხულში გამოსყიდვის პერსპექტივით. ამ მიმართულებით მუშაობა მერსისაიდელებს უკვე დაუწყიათ.
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუს მასშტაბები და ამბიციები იმაზე დიდია, ვიდრე კლუბის და თუ ბელგიელს პოტენციალის სრულად გამოვლენა სურს, ერთ დღესაც გუნდი უნდა დატოვოსო…. შესაძლოა, ეს განცხადება ობიექტურია და ბევრი დავეთანხმოთ, მაგრამ რამდენად მოეწონებათ ის მერსისაიდელთა ფანებს?
სავარაუდოდ, დიდად კმაყოფილი არც უფროსობა დარჩება, რომელიც ლუკაკუს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს, რადგან 23 წლის ბელგიელი დიდი ხნით დაიბევოს, ან მერე კოლოსალურ თანხად გაყიდოს. "მე მას მივეცი გარანტია, რომ ამ წუთისთვის "ევერტონში" დარჩენა მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. თუმცა რა მოხდება მომავალ ზაფხულს არავინ იცის" - განაცხადა 53 წლის კუმანმა.
ლუკაკუ "კანფეტებმა" 2014 წლის ზაფხულში 28 მილიონი გირვანქის სანაცლოდ გამოისყიდეს, ეს კლუბის სარეკორდო ტრანსფერია. მოქმედი შეთანხმებით ლუკაკუ ლივერპულურ კლუბთან 2019 წლის ივნისამდეა დაკავშირებული.
მას "ევერტონის" მაისურით 68 გოლი აქვს გატანილი 137 შეხვედრაში. პრემიერლიგაში დაგროვილი 50 გოლით კი იგი "გუდისონ პარკის" ბინადართა მესამე ბომბარდირია ტიმ კეჰილისა (56) და დანკან ფერგიუსონის (60) შემდეგ, რომლებსაც სავარაუდოდ ,ამ სეზონში გადაასწრებს.
ლივერპული
"ლივერპული" კრისტიან პულიშიჩს არ ეშვება და როგორც გერმანულ-ინგლისური მედია წერს, მერსისაიდელები 18 წლის ამერიკელის შეძენას იანვარშივე შეეცდებიან. "ენფილდის" მკვიდრები ამის გაკეთებას ზაფხულშიც ფიქრობდნენ და "დორტმუნდს" 12,5 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ბორუსიელებმა ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი უარით გაისტუმრეს.
გერმანულ გუნდში მართლაც უამრავმა ახალგაზრდა ტალანტმა მოიყარა თავი და პულიშიჩი ერთ-ერთი გამორჩეულია, "კლოპომ" ეს ძალიან კარგად იცის და ყველანაირად ცდილობს ამ ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას. როგორც ამბობენ, "ლივერპული" მზად არის ზამთარში 30 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. მიმდინარე ბუნდესლიგაში პულიშიჩმა 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ფეხბურთელი აქო და ადიდა ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა:
"პულიშიჩი საოცრად ნიჭიერია, ამას ადრეც ვამბობდი. თანაც მან საკუთარი თავი გააკონტროლა და სადავეები ხელში აიღო, ბევრს მუშაობს და პროგრესიც სახეზეა. ამერიკაში იშვიათად შეხვდებით ამ ასაკში ასეთ ჩამოყალიბებულ და განსწავლულ მოთამაშეს. მისი პოტენციალი უსაზღვროა" - განაცხადა "კლინსიმ".
სიტი
სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ფანები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება "ქალაქელების" რიგებში. ბოლო დროს არგენტინელს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, მაგრამ 28 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ ოდესმე "სიტის" დატოვებს, მაშინ მშობლიურ კლუბ "ინდეპენდიენტეში" კარიერის დასასრულებლად გადავა.
მანჩესტერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ამბობს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს "ოლდ ტრაფორდზე" თავისი ოცნების ახდენაში.
იგი "ოცნებების თეატრზე" დიდი ხნით აპირებს დარჩენას და შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 27 წლის სომეხი "წითელ ეშმაკებში" 26 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" გადაბარგდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ნდობით ჯერჯერობით, ვერ სარგებლობს. ბორუსიელებმა მისი უკან დაბრუნების სურვილიც გამოთქვეს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მხითარიანს სხვა გეგმები აქვს.
ტოტენჰემი
ლონდონის "ტოტენჰემმა" უგო ლორისს განუცხადა, რომ თუ კლუბთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, შეთავაზებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს. "დეზებს" თავისი სახელფასო სტრუქტურა აქვთ და კოლოსალური ჯამაგირის არავის გადაუხდიან, რომ სიტუაცია არ აირიოს და სისტემაც არ შეიცვალოს.
ასე რომ, მოთამაშეებს ახლო მომავალში განსაკუთრებული ხელფასების იმედი არ უნდა ჰქონდეთ და პრივილეგირებული თვით ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაც არ იქნება,როგორიც 29 წლის ფრანგი გოლკიპერია.
ვესტ ბრომვიჩი
ტონი პულისმა თავისი კომენტარებით "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მფლობელს, გუჯუან ლაის აგრძნობინა, რომ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება სურს და ტრანსფერებისთვის გარკვეული ბიუჯეტის გამოყოფას ელის. "ვესტ ბრომვიჩის" ერთ-ერთი სამიზნე "ლივერპულის" მცველი მამადუ სახო იქნება, რომლის შეძენასაც "ალბიონი" ვერ გაწვდება, მაგრამ იჯარით მისი აყვანა რეალურია.
26 წლის უკანახაზელს ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა და, თითქოს, "ენფილდზე" მომავალი აღარ აქვს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც იურგენ კლოპმა უნდა თქვას, რომელსაც დაცვაში საქმე იდეალურად ვერ დაულაგებია. თუკი ამჟამინდელ "ლივერპულს" სუსტი წერტილი აქვს, პირველ რიგში, სწორედ უკანა ხაზში.
ბარნლი
"ბარნლის" მმართველი მაიკ გარლიკი ფანებს შემადგენლობის გაძლიერებას ჰპირდება. მისი თქმით, კლუბი აუცილებლად უნდა დარჩეს პრემიერლიგაში და შონ დაიჩის ამჟამინდელი შედეგებითაც კმაყოფილია, მაგრამ სეზონი გრძელია და ახალი მოთამაშეები არ გვაწყენდაო. თუმცა გარლიკმა ისიც დაამატა, ბევრ ტრანსფერსაც ნუ დაელოდებით, აქცენტს ხარისხზე გავაკეთებთ და არა რაოდენობაზეო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"