იურგენ კლოპი ითხოვს: "ლივერპულის" მთელ ისტორიას მხრებზე ნუ აგვკიდებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრესას მოუწოდებს, რომ ფანებს ზედმეტი მოლოდინი არ შეუქმნან და თან ფეხბურთელებზე ზეწოლა არ გაზარდონ.

გამომდინარე იქიდან, რომ "ლივერპული" ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს და 2014 წლის მერე პირველად ლიდერობს, უკვე დაიწყო საუბრები, შედარებები და პარალელები. ამბობენ, რომ ლუის სუარესის დაუვიწყარი სეზონის შემდეგ "ლივერპულს" ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია და ამ ფორმაციის გუნდს იმ ფორმაციისას ადარებენ.

"კლოპო" ხან ბილ შენკლია და ხანაც ბობ პეისლი. ეს ყველაფერი კი, რასაკვირველია, მოთამაშეებზე მოქმედებს,
რომლებსაც ისედაც დიდ ტვირთად აწევთ ის ფაქტი, რომ "ლივერპულს" პრემიერლიგა არასოდეს მოუგია და ნავსი გასატეხია.

"ახლა გუნდისთვის ნამდვილად კარგი მომენტი დგას და ეს კარგია. ყველამ დაიწყო შედარებები ძველ "ლივერპულთან", პირველ რიგში, 3 წლის წინანდელთან, 10, 25 წლის წინანდელთან და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ახალი გუნდი ვართ, ჩვენი ისტორია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არავის არ უნდა შეგვადარონ, ეს არასერიოზულია. კლუბის მთელ ისტორიას მხრებზე ნუ აგვკიდებთ. ჩვენ თავისუფლები უნდა ვიყოთ, წნეხის გარეშე, იმისთვის, რომ რამე განსაკუთრებული შევქმნათ მომავალში და ოპტიმისტურად ვუყუროთ ყველაფერს" - განაცხადა კლოპმა.

ბოლოჯერ "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი 1989/90 წლების სეზონში გახდა.

აი, "ენფილდის" ბინადრებისა და ინგლისის ნაკრების მცველს, ნათანიელ კლაინს კი მიაჩნია, რომ ამჟამინდელი "ლივერპული" გაცილებით ძლიერი და მრავალმხრივია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ლუის სუარესთან ერთად იყო.

"მე და მანე ერთმანეთს სირბილში რომ შევეჯიბროთ, ალბათ, ფრე დაფიქსირდება. სამაგიეროდ, სადიო საოცრად სწრაფად გადაადგილდება ბურთით, მართლაც დაქრის და ამაში ვერ გავეჯიბრები. "ლივერპულის" სამი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ასე გამოიყურება - მანე, მერე მე და მერე ალბერტო მორენო. სადიო შესანიშნავი მოთამაშეა და ძალიან გაგვაძლიერა. იგი სულ ბურთს ეძებს, მუდამ შეტევაში წასვლა და მეტოქისთვის პრობლემების შექმნა სურს. ისე თამაშობს, თითქოს, ცეცხლი უკიდია, გოლები გააქვს და საგოლე პასებს აკეთებს.

"ლივერპულს" ახლა დიდებული, დაბალანებული შემადგენლობა ჰყავს, თანაც, ძალიან მრავალმხრივი. დააკვირდით, ხიფათს შეიძლება ნებისმიერი მხრიდან დაელოდო. ჯეიმს მილნერსაც კი გააქვს გოლი, რომელიც მარცხენა მცველად თამაშობს. ერთი სიამოვნებაა კოუტინიოს, ფირმინოს, მანეს, სტარიჯის, ლალანას… თამაშის ხილვა. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის" - განაცხადა კლაინმა.

"ლივერპულმა" და კონკრეტულად ფილიპე კოუტინიომ კი კომპლიმენტი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელისგან, ჩავისგანაც მიიღეს.

"კოუტინიო დიდებული ნახევარმცველია, იგი ძალიან ნიჭიერია და ბევრი რამ წინ აქვს. ამ მომენტში ის ალბათ, საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში" - აი, ასე აფასებს ჩავი ბრაზილიელს.

შემთხვევითი არც არის, რომ კოუტინიოს თვალი "ბარსელონამ" და "რეალმა" დაადგეს. თუმცა, ცხადია, რომ "კლოპოს" მისი გაშვება არ უნდა და ამბობს, რომ თავად 24 წლის ფილიპესთვისაც ჯობია, რომ იგი "ენფილდზე" დარჩეს.

"ჩემი აზრით, იგი კლუბს შესანიშნავად ეწყობა და აქ თავს მშვენივრად გრძნობს. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი მომავალი სწორედ "ლივერპულს" უკავშირდება. ყველას ავიწყდება, რომ ფილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 24 წლისაა და კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც უნდა გამოავლინოს. ის ახლა ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს, დაიხვეწოს და თავისი თვისებები გამოამჟღავნოს, უფრო სტაბილური გახდეს, თანაგუნდელებს უკეთ შეეწყოს. იგი სწორ გზაზეა" - განმარტა კლოპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლივერპული ჩემპიონია! კლოპი საუკეთესოა მსოფლიოში, იმედია მალე ბავარიაში ვიხილავთ.
bavaria
11:53 18-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული