ბუნებრივია, "ტრიგორიაზე" მედიის წარმომადგენელთა ცვენა იყო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლუის ენრიკეს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი საკმაოდ თბილად დახვდა. ეს თემა იმად არის განსაკუთრებულად აქტუალური, რომ ტიფოზების გარკვეული ნაწილი არჩევანის ესპანელზე შეჩერებამ მთლად კმაყოფილი არ დატოვა, რადგან მათი ფავორიტი ამჟამად უგუნდოდ მყოფი კარლო ანჩელოტი იყო.
ისე, მართლაც ბედის
როგორც თავად ამბობს, პროფესიულ დონეზე ჯერ არ უმუშავია, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბარსელონა B-ს ედგა სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა. გასული სეზონი სულაც მოწინავე სამეულში დაასრულა, ეს ადგილი კი პრიმერადივიზიონის საგზურს იძლევა. თუმცა, კარგად იცით, რომ რანგით მეორე, ანუ B გუნდებს ელიტაში აღზევების უფლება არ აქვთ - ამიტომ, "ბარსელონას" მეორე გუნდი მომდევნო სეზონშიც სეგუნდადივიზიონში იასპარეზებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შედეგი მის აქტივში უნდა ჩავწეროთ და როდესაც ფორმალურად ლა ლიგას საგზურს მოიპოვებ, ალბათ უკვე შეგიძლია კიდეც თქვა, რომ პროფესიულ დონეზე გიმუშავია.
"რომას"' სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის გადავცეთ სიტყვა და შემდეგ ლუის ენრიკეს ჯერიც დადგება:
"რატომ შევაჩერეთ არჩევანი ესპანელზე? - ახალგაზრდა მწვრთნელია, ნათელი გონებით და საინტერესო იდეებით. ამასთან, "ბარსელონა B"-ში მუშაობისას თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და შედეგებიც უმაღლესი ჰქონდა. ჩვენ არაერთი თამაში ვიხილეთ მის მიერ დამოძღვრილი გუნდის მონაწილეობით და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უნიჭიერესი სპეციალისტია, რომელსაც აქვს პოტენციალი დიდი მწვრთნელი გახდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება".
იტალიელ ჟურნალისტებთან თავად ლუის ენრიკემაც ისაუბრა და თანაც, საკმაოდ ვრცლად: "ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ ქალაქში მომიწევს ცხოვრება და ამასთან, ასეთი დიდი გუნდის გაწვრთნა. "რომას' მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, მე კი სწორედ დიდი გამარჯვებებისთვის ვარ ჩამოსული იტალიაში. სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ჩემს ხასიათში მარცხი უბრალოდ არ ზის. ვგრძნობ, რომ ერთად დიდი მიზნების მიღწევა შეიძლება და ასე რომ არ იყოს, ესპანეთს და ოჯახს ნამდვილად ვერ მივატოვებდი. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ვარ და ჩემი ფორმაციის "რომაც" მეტოქის კარზე იქნება დაგეშილი. მე "ბარსელონას" აღზრდილი ვარ და იმ ფეხბურთს ვქადაგებ, რომელსაც ეს საოცარი გუნდი. მინდა, რომ ოლიმპიურ სტადიონზე ხალხი სიამოვნების მისაღებად დადიოდეს და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება".
ლუის ენრიკეს ფრანჩესკო ტოტის შესახებ დაეკითხნენ და შემდეგი მოისმინეს: "ტოტი გუნდის ლეგენდაა და ბუნებრივია, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. "ჯალოროსის" ბოლო რამდენიმე შეხვედრა ვიხილე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ფიგურაა ფრანჩესკო გუნდისთვის. ჯერ ვერ მოვასწარი მასთან გასაუბრება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. როგორც უკვე აღვნიშნე, შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ვარ, ტოტი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც ეს საქმე საოცრად კარგად გამოსდის".
დაინიშნა ლუის ენრიკე "რომას" მთავარ მწვრთნელად და უმალ დაიწყო საუბრები იმის შესახებ თუ ვინ უნდა გადაიბირონ დედაქალაქური კლუბის მესვეურებმა. ბოლო ინფორმაციით, "პორტუს" ორ ფეხბურთელზეა ლაპარაკი - უფრო სწორად, ერთ მცველსა და ერთ მეკარეზე. მცველი როლანდო გახლავთ, რომელიც მეტწილად ცენტრში ირჯება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ფლანგზეც შეუძლია თამაში, მეკარე კი სერხიო რომერო გახლავთ. გასაგებია, რომ ეს უკანასკნელი ალესანდრე დონის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც "ლივერპულს" შეუთანხმდა და მომდევნო სეზონიდან ელნფილდზე იასპარეზებს. აი როლანდომ კი საავარაუდოდ ფილიპ მექსე უნდა შეცვალოს, რომელიც "მილანში" გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით, პროცესი მოლაპარაკების სტადიაშია, თუმცა თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, დიდია შანსი წარმატებით დასრულდეს.
კიდევ უფრო საინტერესოა ბოიან კრკიჩის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობა, რომელსაც ასევე რეალურთა კატეგორიას მიაკუთვნებენ. 20 წლის შემტევმა ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში და ამის გაკეთება ალბათ კიდევ უფრო გაუჭირდება, როდესაც "ბლაუგრანას" მაისურს ალექსის სანჩესი მოირგებს. გამომდინარე აქედან, თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია, რომ გარემო გამოიცვალოს და იქ გააგრძელოს კარიერა, სადაც მას უფრო მეტად ენდობიან. "რომა" წესით კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან იქ მას ყოფილი მწვრთნელები დახვდებიან, რომელთა ხელშიც დიდი პროგრესი განიცადა და "ბარსელონას" მთავარ გუნდში აღზევდა.
მაგრამ რას მიიღებს "ბარსელონა" სანაცვლოდ? - აქ ორი ვარიანტია, ან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება, ან რომაელებს თხუთმეტი მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. შესაძლოა ბარტერზეც იყოს ლაპარაკი, მაგრამ ეს ვერსია მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რთული წარმოსადგენია "რომას" რომელი ფეხბურთელით შეიძლება დაინტერესდნენ კატალონიელები. მოლაპარაკების პროცესი ახლო მომავალში დაიწყება და ჩვენც დავცელოდოთ მოვლენათა განვითარებას.