მარკეტი ისევ იყიდება

AutoSharing Option
დიდი ხანია, რაც ფედერიკო მარკეტი ღიად აცხადებს, რომ “კალიარის” დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო 2010 წლის მუნდიალზე ჯანლუიჯი ბუფონის რეზერვისტის სტატუსით გაემგზავრა და რადგან ამ უკნასკნელმა პირველივე შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ძირითადში სწორედ მას უწევდა ასპარეზობა. ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგი ამბავი, მარკეტის ცუდად შეუბრუნდა - მუნდიალზე ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება და მას შემდეგ სარდინიული გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი. “კალიარის” კარს მიკელე აგაცი იცავს და არც მომავალში აპირებს პოზიციების დათმობას. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცენით, მარკეტი ამ
ზაფხულსაც ტრანსფერზე იქნება და სარდინიელები მასში ხუთ მილიონ ევროს მოითხოვენ. აი რა განაცხადა “კალიარის” პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ:

“უკვე დიდი ხანია მარკეტის წასვლა სურს, მაგრამ რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და გამომდინარე აქედან, კვლავაც ჩვენთან ერთად უწევს ყოფნა. თუ გასულ ზაფხულს მისი ფასი ათ მილიონ ევროს შეადგენდა, წელს მხოლოდ ხუთზე იქნება ლაპარაკი. რამდენიმე კლუბისგან არის დაინტერესება და ვნახოთ, ყველაფერი მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდება. მარკეტი ნიჭიერი კიპერია, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი. ეს აგაცის დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და როგორც ვატყობ, პოზიციების დათმობას არც მომავალში აპირებს”.

თავად მარკეტი იმედგაცრუებულია, თუმცა ფარხმალს არ ყრის და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მოვუსმინოთ 28 წლის კიპერს: “სარდინიაზე მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ჩემი მშობლიური რეგიონია, მაგრამ მაკლია მთავარი: სათამაშო პრაქტიკა. არ არის სწორი, როდესაც ამბობენ, რომ უფრო ამბიციურ გუნდში მსურს კარიერის გაგრძელება - უბრალოდ თამაში მინდა და “კალიარიდან” აბარგების გადაწყვეტილებაც ამად მივიღე. თუმცა, ერთია სურვილი და მეორე რეალობა.

ვიცი, რომ ჩემით არაერთი გუნდი დაინტერესებულა და დღესაც დაინტერესებულია, მაგრამ საქმე მოლაპარაკების საწყის სტადიას ვერ ცდება. არ ვიცი, ამას განგებ აკეთებენ თუ არა “კალიარის” მესვეურები, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ამ გუნდის რეზერისტ მეკარედ ვრჩები. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ეს კოშმარი და გადავალ იქ, სადაც უფრო მეტად დამაფასებენ. ჯერ ახალგაზრდა ვარ, არაერთი წელი შემიძლია უმაღლეს დიონეზე თამაში და მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ჩამოსაწერი კიპერი არ ვარ. ასე რომ, დანებებას არ ვაპირებ - პირიქით, ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ამ ზაფხულს აუცილებლად მოვნახავ ახალ გუნდს”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული