იტალიური პრესა ბევრს წერდა იმის შესახებ თუ როგორ მიიღებდა კაპიტანი გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნის ფაქტს და როგორი ურთიერთობა ექნებათ ამ ორ ადამიანს. ყველასთვის ცნობილია, რომ ტოტი კარლო ანელოტის კანდიდატურას უჭერდა მხარს და ერთხელ, ესპანელი გამოუცდელ და არაკვალიფიციურ მწვრთნელადაც კი მოიხსენია. ენრიკე რომ გამოუცდელია, ეს ფაქტია და თავადაც აღიარებს,
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, “რომას” გულშემატკივრები ტოტის გუშინდელმა კომენტარმა ძალიან გაახარა და თუ რა იყო ასეთი სასიხარულო, ამას ქვემოთ შეიტყობთ:
“მიუხედავად იმისა, რომ ვისვენებ, “რომაში” მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვადევნებ თვალს. ბევრს გონია, რომ ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ არ გამახარა, თუმცა ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. არ დავმალავ, მართლა მსურდა, რომ კარლო ანჩელოტისთან გამართულიყო მოლაპარაკებები, მაგრამ რაკი კლუბის მესვეურებმა ასე გადაწყვიტეს, მათ არჩევანს ბოლომდე პატივს ვცემ. მით უმეტეს, ლუის ენრიკეზე კარგი წარმოდგენის ვარ და ვიცი, რომ მისი ფორმაციის “ბარსელონა B” საოცარ, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა.
იმედია, ტრადიციას არც რომში დაარღვევს და ჩვენც ანალოგიურად გავირჯებით. მწვრთნელთან არასდროს მქონია პრობლემები და დარწმუნებული ვარ, რომ ენრიკეს შესანიშნავად გავუგებ. ამასთან, ყველანაირად მხარში დავუდგები, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტია და გარკვეულ საკითხებში დახმარება ნამდვილად დასჭირდება”.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომაში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო მატეო ბრიგიმ. 30 წლის საყრდენი ნახევარმცველი “ჯენოაში” გადაბარგებასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში იტალიის დედაქალაქში დარჩენა ამჯობინა. მართალია, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტიები ვერ მიიღო, მაგრამ გარისკა და კიდევ მინიმუმ ერთი წელი “რომას” ღირსებას დაიცავს. პრინციპში, ბრიგი არც არასდროს ყოფილა სასტარტოს შეუცვლელი წევრი და გამომდინარე აქედან, გარანტიები დიდად არც მოუთხოვია.
სავარაუდოდ, “რომაში” დარჩება დავიდე პისაროც, რომლის გადაბირების სურვილიც “ნაპოლიმ” გამოთქვა. ნეაპოლელები მზად არიან ხუთი მილიონი ევრო გადაიხადონ 31 წლის ნახევარმცველში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედაქალაქელებმა ჩილელის გაყიდვა მოისურვონ. ამაზე “რომას’ სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის სიტყვები მეტყველებს:
“სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლუის ენრიკესთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ თითქმის დარმწმუნებული ვარ, რომ დავიდ პისაროს გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ესპანელი “ბარსელონაში” მუშაობდა, ამ გუნდში კი სწორედ დავიდეს ტიპის ფეხბურთელებს აქვთ წამყვანი როლები. პისარო ისეთივე ტანმორჩილია როგორიც ხავი და ინიესტა, მათსავით სწრაფია და ტექნიკური, არც მოედნის ხედვა დაეწუნება და არც პასი.
გამომდინარე აქედან, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ლუის ენრიკემ მასთან განშორება მოისურვოს. დავიდეს მიმართ პირადად მე დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიკვირდა კლაუდიო რანიერის, რომელიც მას ნაკლებად ენდობოდა. ვინჩენცო მონტელას დროს, ჩილელმა დაიბრუნა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ვფიქრობ, რომ ის კიდევ არაერთი წელი გამოგვადგება”.