"ნოვარა" ბრძოლას გვპირდება

AutoSharing Option
სერია B-ს გასული სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რადგან ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდა. ორი გუნდი, რომლებმაც სერია A-ს საგზური მოიპოვეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობია, რადგან წლების განმავლობაში ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობდნენ.

მართალია, არც “ატალანტა” და არც “სიენა” უმაღლესი ადგილებისთვის არასდროს იბრძოდნენ, მაგრამ არც იოლად თმობდნენ არაფერს. აი, მესამე აღზევებული კი “ნოვარა” გახლავთ, გუნდი, რომლის შესახებ იტალიაშიც კი ძალიან ცოტა იციან. მოკრძალებული შესაძლებლობის გუნდი წლების განმავლობაში სერია C-ში, ანუ პრო ლიგაში ასპარეზობდა და თანაც, ძირითად ადგილის შენარჩუნებისთვის უწევდა ბრძოლა. ამიტომ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ სულ
რაღაც ორ წელიწადში “ნოვარა” ჯერ სერია B-ში გადავიდოდა, შემდეგ კი სულაც ელიტარულ დივიზიონში ამოჰყოფდა თავს.

დაახლოებით ასე გზა გაიარა “ჩეზენამ”, თითო წელი მოანდომა პრო ლიგიდან ჯერ სერია B-ში, შემდეგ კი სერია A-ში გადასვლას, რაც როგორც ჩანს “ნოვარასთვისაც” სტიმული გამოდგა.

“ნოვარას” ყველასათვის უცნობი სპეციალიატი ატილიო ტესერი უდგას სათავეში - სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა პროგრესი და ასეთ სიმაღლეებს მიაღწია. 53 წლის მწვრთნელი ბედნიერია და ამას არც ჟურნალისტებთან მალავს:

“რას ვგრძნობდი, როდესაც სერია A-ს საგზური მოვიპოვეთ? - ეს იყო საოცარი განცდა, რომელმაც გონება დამიბინდა და პრინციპში, ეს პერიოდი ამ წუთამდე გრძელდება. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ “ნოვარა” განვითარების ახალ საფეხურზე აგვეყვანა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასე მოკლე დროში სერია A-ში აღზევებაზე არ გვიფიქრია. ეს თავისთავად მოხდა და თითოეული ჩვენგანი უზომოდ გაგვახარა.

რაც მთავარია, “ნოვარას” უკეთ თამაშიც შეუძლია და სერია A-ში იოლად არაფერს დავთმობთ. წარმატების საიდიუმლო? - დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ერთში დავრწმუნდი - თუ გუნდი ერთ მუშტად არ არის შეკრული, ვერაფერს მიაღწევ. “ნოვარა” ერთი ოჯახია, აქ ყოფნა ყველას უხარია და წარმატებაც ერთმანეთისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ მოიტანა. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ამ გუნდს დამაკავშირა, ეს საუკეთესო წამები და წუთებია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული