ბერლუსკონის 560 მილიონი დააკისრეს

AutoSharing Option
სილვიო ბერლუსკონისთვის სასამართლოებზე სირბილი და ჯარიმების ხდა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც ორიოდე დღის წინ მიიღეს, ჩვეულებრივთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება.

იტალიის სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრის საკუთრებაში მყოფ კომპანიას არც მეტი, არც ნაკლები 560 მილიონი ევრო დააკისრა. თუ რატომ და რისთვის, ამის ახსნისგან თავს შევიკავებთ, რადგან ფეხბურთთან არავითარ კავშირში არაა და ჩვენი გაზეთის მკითხცველისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს.

ასეთი თანხა თვით ბერლუსკონისთვისაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც შეიძლება "მილანზეც" უარყოფითად აისახოს. მეტიც, თუ "კორიერე დელო სპორტში" გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, სილვიო
სერიოზულად ფიქრობს მინიმუმ კლუბის აქციების გაყიდვას. ჯერჯერობით, თავად ბერლუსკონის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ადრიანო გალიანიმ ისაუბრა და საკმაოდ ვრცლადაც:

"არ გადამიმოწმებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ოდენობის ჯარიმა ევროპული მასშტაბით არავისთვის დაუკისრებიათ. 560 მილიონის გასტუმრება იოლი არაა და როგორც გავიგეთ, გასაჩივრებასაც არავითარი აზრი არ აქვს. მე ველაპარაკე ბერლუსკონის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის საოცარი ადამიანია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს? - ხვალ "მილანელოზე" აპირებს მისვლას, რათა გუნდს შეხვდეს და აუხსნას, რა როგორ იქნება მომავალში. უფრო მეტის თქმა დღეს გამიჭირდება, თუმცა ერთს კი დავამატებ - ბერლუსკონისთვის "მილანი" იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ თუ რაიმე კატასტროფული არ მოხდა, კლუბს ნამდვილად არ შეელევა".

არის თუ არა კატასტროფა, როდესაც 560 მილიონი გაქვს გადასახდელი? - უბრალო მოკვდავთათვის ნამდვილად კატასტროფაა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილის აზრით, სილვიო მონახავს გამოსავალს და კლუბს არ გაყიდის. თუმცა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს "როსონერის" სატრანსფერო კამპანიაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამაზე ილაპარაკა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ:

"რაც არ უნდა კარგად იყოს დაკომპლექტებული გუნდი, ახალი სისხლის გადასხმა ყოველთვის საჭიროა, თუმცა როდესაც ამის საშუალება არ აქვს, არსებული რეალობიდან უნდა გამოხვიდე. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ სატრანსფერო კამპანია აქ დავასრულოთ და იმ რესურსით გავიდეთ ფონს, რაც გვაქვს. მით უმეტეს, ამ შემადგენლობას ბევრი შეუძლია, რაც გასულ სეზონშიც დავამტკიცეთ. კარგია, რომ ფილიპ მექსეს სახით ძალიან საჭირო ფეხბურთელი დავიმატეთ, დაცვის ხაზს ნამდვილად ესაჭიროებოდა გაძლიერება. როგორც ვიცი, მალე სილვიო ბერლუსკონისთან იგეგმება შეხვედრა და იქ ყველაფერს შევიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს ბოლომდე გვერდში დავუდგებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული