ანტონიო კასანო: ესპანეთთან სარკეში უნდა ჩავიხედოთ

AutoSharing Option
იყო დრო, როდესაც ანტონიო კასანო კლუბში ბრწყინავდა და მიუხედავად ამისა, ეროვნულ ნაკრებს არ აკარებდნენ - გახსოვთ ალბათ, "სამპდორიაში" ბრწყინვალე ასპარეზობის პერიოდში, მარჩელო ლიპის ჰყავდა ათვალწუნებული და ცოცხალი თავით არ იწვევდა "სკუადრა აძურაში".

დღეს განსხვავებული ვითარებაა, ეროვნულ გუნდში წამყვანი პოზიციები უკავია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერადაც კი ითვლება - აი "მილანში" კი მთლად ისე ვერ აქვს საქმე, როგორც ისურვებდა. ფაქტია, რომ ანტონიომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება
და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

კასანო ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ალეშანდრე პატოს და რობინიოს ჩრდილშია მოქცეული, არადა, საყოველთაო მოსაზრებით, ტალანტით არც ერთს არ ჩამოუვარდება. კასანომ "კორიერე დელო სპორტს" მისცა ინტერვიუ და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მოახლოებულ ამხანაგურ პაექრობაზე, რომელსაც იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთის უმთავრეს გუნდთან გამართავს...

- გილოცავთ პირველ ტროფეის, როგორ აღნიშნეთ იტალიის სუპერთასის მოგება?
- დიდი მადლობა. ყველანი გახარებულები ვართ, რადგან სეზონის ტიტულის მოგებით დაწყება მართლაც რომ საშური ამბავია. "ინტერთან" რთული ბრძოლა გადავიტანეთ, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანაგუნდლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს. ბევრი "ინტერს" მიიჩნევდა ფავორიტად, აქაოდა ახალი მწვრთნელის ხელში გუნდი სხვა მოტივაციით ათამაშდებაო, თანაც "ინტერისტები" რევანშისტულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამაში მაინც ჩვენ მოვიგეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდი გვყავს.

- ამბობენ, რომ უკმაყოფილო ხართ გუნდში თქვენი როლით და სხვაგან გადასვლაზე გიჭირავთ თვალი. მართალია?
- ბედნიერი ვერ ვიქნები იმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად მიწევს თამაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან წასვლას ვაპირებ. "მილანთან" ხელშეკრულება 2014 წლამდე მაკავშირებს და დიდი სურვილი მაქვს, რომ როგორც მინიმუმ, ამ დრომდე სწორედ "როსონერიში" ვიასპარეზო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ვნახავთ რაც იქნება.

- როგორც ვიცით, შეთავაზებები არ გაკლიათ...
- ნამდვილად ასეა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ძოგჯერ ისეთი გუნდიდან ვიღებ შეთავაზებას, რომ მიკვირს კიდეც... მაგალითად, რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთიდან შემეხმიანენ, იქამდე კი კანადიდან. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი კანადაში ჰოკეის გარდა რამეს თუ თამაშობდნენ. წინადადებები ევროპიდანაც მაქვს, ბოლოს "მარსელის" და "ვოლფსბურეგის" მესვეურები შეეხმიანენ ჩემს აგენტს, მაგრამ უარი მიიღეს. იტალიიდან წასვლას არ ვაპირებ და მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს.

- ანუ, შესაძლოა რომ "მილანიდან" რომელიმე სხვა იტალიურ გუნდში გადახვიდეთ...
- ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კარგი ცხოვრებით არ მოხდება. ჩემი სურვილით "მილანელოდან" წამსვლელი არ ვარ და თუ კლუბი გამასხვისებს, არჩევანს აუცილებლად იტალიურ გუნდზე შევაჩერებ. რაც დრეო გადის, ცვლილებებს უფრო და უფრო რთულად ვეგუები, ასე რომ, სხვა ქვეყანასათან ადაპტოირების დიდი სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთ ლიდერად ითვლებით, მაშინ, როდესაც გუნდში პრობლემები გაქვთ... ეს რამდენად ლოგიკურია?
- ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება, ასე რომ, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. "მილანში" მსოფლიო ნაკრებია თავმოყრილი და სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რომ ნაკრებში უფრო მიადვილდება თავის დამკვიდრება, ვიდრე გუნდში. თუმცა, ეს მთლიანად ჩეზარე პრანდელის დამსახურებაა, რომელმაც მარჩელო ლიპისგან განსხვავებით, ნდობა გამომიცხადა. თავს არ დავზოგავ, რათა გაცემული ავანსები გავამართლო. ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ, ეს არის მთავარი მოტივაცია ყველა ნორმალური ფეხბურთელისთვის.

- 10 აგვისტოს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მოგიწევთ ამხანაგურიო პაექრობა, რას ელით ამ მატჩისგან?
- სარკეში უნდა ჩავიხედოთ და გავიგოთ, რა გუნდი გვყავს დღეს და რა ხარვეზებზე გვაქვს სამუშაო. ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პირენეელებს საუკეთესო ნაკრები ჰყავთ მსოფლიოში, შესაბამისად, მათთან პაექრობა უდიდეს სარგებელს მოგვიტანს. დიდი სურვილი მაქვს, რომ პრანდელიმ ძირითად შემადგენლობაში გამამწესოს, ვეცდები შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო.

- რას ელით ახალი სეზონისგან?
- დიდი იმედი მაქვს, რომ "მილანთან" ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამაში ჩემი წვლილიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში არც ჩეზარე პრანდელის დავრჩები უყურადღებოდ და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას მომცემს. რაც მთავარია, უკრაინა-პოლონეთში წარმატებულად უნდა გამოვიდეთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაწვნევი სირცხვილი ჩამოვირეცხოთ.

- ეს ალბათ მარჩელო ლიპის ფარული კრიტიკა იყო...
- მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ ვხდები რატომ ამითვალწუნა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუ კიდევ რამეს გაკეთებას აპირებს ფეხბურთში, წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, არც ისაა ჩემდამი მტრულად განწყობილი. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ჩვენს ნაკრებს თავგამოდებით ვგულშემატკივრობდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული