ერთმანეთის პირისპირ ორი რომაული გუნდი წარსდგება და "ოლიმპიკოზე" რომ დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, ეს ცხადზე ცხადია. მოახლოებულ ბატალიაზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, მათ შორის "ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა დელიო როსიმ და შემდეგი განაცხადა:
"ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივადევნებ თვალს. ჯერ ჩემპიონატის სტარტია და სატურნირო მდგომარეობა არც ერთ გუნდზე ზეწოლას არ ახდენს, რაც მატჩს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. რაც შეეხება ფავორიტს, ძნელია დასახელება, რადგან ორივე
ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მცირე ტრავმის გამო შესაძლოა რომაული დერბი მიროსლავ კლოზემ გამოტოვოს. გერმანელს კოჭი აქვს დაზიანებული და სარეაბილიტაციო კურსს გადის. პრესასთან საუბარში მირომ იმედი გამოთქვა, რომ დერბიმდე მოახერხებს გამოჯანმრთელებას:
"თამაშამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და დიდი იმედი მაქვს, რომ იქამდე სრულად განვიკურნები. რომაული დერბის შესახებ ბევრი მსმენია და არ მინდა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან პაექრობას გამოვაკლდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მჯერა, რომ გამარჯვებას ჩვენი გუნდი მოიპოვებს. "რომამ" სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ამ გუნდს უდიდესი შესაძლებლობები აქვს და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. პირველივე წუთებიდან უნდა ვიგდოთ ხელთ უპირატესობას და თამაშის მეორე ნახევარზე გადავინაცვლოთ. ჩვენ შეგვწევს ამის
ძალა და ამიტომ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
რომაულ დერბიზე აქედანვე გააკეთა კომენტარი "ჯალოროსის" თავკაცმა ლუის ენრიკემ, რომელიც როგორც წესი ერიდება ჟურნალისტებთან ურთიერთობას: "ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი პირველი დერბი წარმატებული გამოდგეს და შეხვედრა "რომას' გამარჯვებით დასრულდეს.
საამისო პოტენციალი ნამდვილად შეგვწევს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. პირადად მე, უდიდესი ენთუზიაზმი მამოძრავებს და მსურს, გულშემატკივრები ყველაზე პრინციპული მეტოქის ძლევით გავახაროთ. განსაკუთრებით იმ მოთამაშეებს ვატყობ შემართებას, რომლებსაც ადრეც უთამაშიათ დერბიში, ეს გამოცდილება კი ჩემთვის ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია".
ანუ, ენრიკე მეტწილად იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებსაც დერბიში აქამდეც უთამაშიათ - შესაბამისად, დიდია შანსი, ძირითად თერთმეტეულში ფრანჩესკო ტოტი ვიხილოთ, რომელმაც უკვე მოასწრო და თანაქალაქელებს დაემუქრა: "ეს განსხვავებული დერბი იქნება, რადგან ზაფხულში ორივე გუნდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. საინტერესოა ახალი "რომას" და "ახალი "ლაციოს" დაპირისპირება და ის ძალთა ბალანსი, რომელიც დღეს გუნდებს შორის არის. ჩემი პირადი აზრით, ჩვენ გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს და ამას მოახლოვებულ შეხვედრაში დავამტკიცებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"